რამდენიმე წლის წინ 45 წლის ბრიტანელი მილიონერი ბრაიან ჯონსონი შეიპყრო მარადიული ახალგაზრდობის იდეამ და საკმაოდ შორს წავიდა ამ ძიებებში. ის უოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს კვლევაში, რომელიც სისხლის გადასხმის მეშვეობით გაახალგაზრდავების მეთოდს დაადასტურებს. ბრაიანი ახლა 45 წლისაა, თუმცა ამბობს, რომ 37 წლის ადამიანის გული აქვს, 28 წლისას კანი და ჯანმრთელობა - 18 წლის ბიჭის.
მანამდე მან სხვა ახალგაზრდა დონორის სისხლი გადაისხა და ამის მეშვეობით, მისივე თქმით, ბიოლოგიური საათები უკან დაწია, 8 წლით გაახალგაზრდავდა. თუმცა მერე გადაწყვიტა, რომ უფრო კარგი და ეფექტური იქნებოდა ახლობელი სისხლი - ანუ შვილის, ტალმეიჯის. მან უკვე დააპატენტა თავისი პროექტი Project Blueprint - სწორედ ასე უწოდა ახალგაზრდობის მხარდამჭერ პროგრამას. მთავარი კი ამ პროგრამაში ახალგაზრდა ახლო ნათესავების სისხლის გადასხმაა და ბრაიანი ამას ტესტავს საკუთარ თავზე, 70 წლის მამაზე და 18 წლის ვაჟზე.
ოჯახს ადგილობრივ კლინიკაში მოემსახურნენ - იქ მილიონერის ვაჟმა ჩააბარა სისხლი, რაც მედიკოსებმა პლაზმად აქციეს. შემდეგ ტალმეიჯის მასალიდან ამოიღეს თრომბოციტები და ერითროციტები. ამის შემდეგ სპეციალისტებმა ეს პლაზმა გადაუსხეს ბრაიან ჯონსონსა და მის ხანდაზმულ მამას.
ბრაიანი არ ჯერდება მხოლოდ სისხლის გადასხმას - მკაცრ დიეტაზეა, რეგულარულად ვარჯიშობს და ელექტრომაგნიტური ტალღების ზემოქმედების ქვეშაც ამყოფებს სხეულს - ტონუსისთვის. მას ექიმების საკუთარი გუნდი ჰყავს, რომლებიც 24 საათი ზრუნავენ მის ჯანმრთელობაზე და დაბერების დინამიკას აკვირდებიან.
"მე რომ მიყურებს ხალხი, მდიდარი გიჟი ვგონივარ, რომელსაც მარადიული სიცოცხლე სურს. ასე არ არის. ისეთი ვეღარ ვიქნები, როგორიც ჩემი ვაჟია, ეს არც მინდა. ჩემი მიზანი ორგანოების გაახალგაზრდავებაა რაც დამეხმარება, უფრო ხარისხიანად დავბერდე და გართულებების გარეშე", - ამბობს ჯონსონი და იმედი აქვს, მის აღმოჩენას კაცობრიობა მალე დააფასებს.