გაიცანით ბიჭი, რომელიც ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებს ზეპირად ასრულებს: "ტვინში თითქოს უხილავი საანგარიშო მაქვს" - მშობლები

გაიცანით ბიჭი, რომელიც ურთულეს მათემატიკურ გამოთვლებს ზეპირად ასრულებს: "ტვინში თითქოს უხილავი საანგარიშო მაქვს"

2023-06-05 12:20:32+04:00

12 წლის ცოტნე გაგნიძემ მენტალური არითმეტიკის სკოლის ყველა საფეხური დაძლია, სწრაფად აზროვნება და დიდ ციფრებზე მათემატიკური მოქმედებების შესრულება ზეპირად შეუძლია. ახლახან მან გადაცემაში "პრაიმშოუ" მიიღო მონაწილეობა და მისმა ვიდეომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ცოტნე გვიყვება, როდიდან დაინტერესდა მენტალური არითმეტიკით, რაში ეხმარება ეს ცხოვრებაში და რა მიმართულებით გეგმავს სამომავლოდ სწავლის გაგრძელებას:

- მენტალური არითმეტიკა პირველი კლასიდან მაინტერესებდა. მაშინ ჩემი მეგობარი დადიოდა და მეორე კლასში რომ გადავედი, მეც დავიწყე შესწავლა. ასე სწრაფად რომ ვითვლი, ბევრი ვარჯიშის შედეგია. არსებობს მეთოდები, რომლებსაც გვასწავლიან და თანდათან რთულდება. გონებაში, თითქოს, წარმოსახვითი საანგარიშო გვაქვს და ვითვლით.

- სკოლაში თუ გეხმარება მენტალური არითმეტიკა?

- კი, მათემატიკაში განსაკუთრებით მეხმარება. სხვებთან შედარებით, უფრო სწრაფად ვითვლი და ვხსნი ამოცანებს.

- როდესაც დიდი ციფრების ერთმანეთზე გამრავლებას, მათემატიკურ მოქმედებებს ახერხებ, როგორი რეაქცია აქვთ ადამიანებს, კლასელებს, ირგვლივ მყოფებს?

- ყველას ძალიან უკვირს. მაგრამ, ბევრი ვარჯიში და მონდომებაა საჭირო ამ შედეგისთვის. სხვა ბავშვებსაც ვურჩევ, რომ მენტალური არითმეტიკის წრეზე შევიდნენ, რადგან ეს ძალიან ბევრ რამეში დაეხმარებათ. უფრო სწრაფად დაიწყებენ აზროვნებას და ცხოვრებაშიც გამოადგებათ.

4-1685953679.jpg

- მათემატიკის გარდა, სკოლაში განსაკუთრებით კიდევ რომელი საგნები გაინტერესებს?

- ბუნება და ინგლისური განსაკუთრებით მიყვარს. ხრიდოლზეც დავდივარ და ძალიან მომწონს. დაახლოებით, 6-7 თვის წინ შევედი. მიყვარს ჭადრაკი და ხშირად ვთამაშობ. ლოგიკურად უფრო კარგად ვფიქრობ და სწრაფ აზროვნებაში მეხმარება.

- ხომ არ გაქვს არჩეული, რა მიმართულებით გინდა, რომ სამომავლოდ სწავლა გააგრძელო?

- არქიტექტორობა მინდა და პროგრამირებაც მაინტერესებს.

2-1685953697.jpg

ცოტნეს დედა, ნინო მჭედლიშვილი გვესაუბრება, რა როლი აქვს მშობელს შვილის განათლების პროცესში და როდის აღმოაჩინა, რომ მის შვილს მათემატიკა განსაკუთრებით აინტერესებდა.

- ვფიქრობ, შვილის განათლების პროცესში მშობელს განსაკუთრებული როლი აქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შვილს კარგი განათლება მივცეთ. მათი მომავლისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებლობების ფარგლებში, რაც შემიძლია, ვცდილობ, მხარი დავუჭირო და ხელი შევუწყო. მინდა, უფრო განვითარდნენ და წარმატებულები იყვნენ.

- როდის აღმოაჩინეთ, რომ ცოტნეს მათემატიკა განსაკუთრებით აინტერესებს და ამ მიმართულებით, ბევრი შესაძლებლობა აქვს?

- ცოტნეს მათემატიკა ჯერ კიდევ ბაღიდან აინტერესებდა. ჩემი უფროსი შვილი ერთ-ერთ მათემატიკურ ოლიმპიადაზე იყო. ერთი საკითხი არასწორად გააკეთა, გეომეტრიული ფიგურების დახაზვა იყო საჭირო. როდესაც სახლში მოვიდა და ტესტი მოიტანა, ცოტნემ გადახედა. მაშინ 5 წლისაც არ იყო. დაჯდა და ზუსტად დახაზა. იმ ასაკიდან აინტერესებდა, ლეგოებს აწყობდა, გეომეტრიული ფიგურები მოსწონდა. როდესაც მეორე კლასში იყო, მის სკოლაში მენტალური არითმეტიკის სკოლა "ნობელი" მოვიდა. დაინტერესდა და თავად გამოიჩინა ინიციატივა. მას შემდეგ, სხვადასხვა ეტაპი გაიარა და ბევრი რამ ისწავლა.

- როგორ ფიქრობთ, რაში დაეხმარა თქვენს შვილს მენტალური არითმეტიკა?

- მენტალური არითმეტიკა სწრაფ აზროვნებაში ეხმარება და შეუძლია, სხვადასხვა საკითხში ლოგიკური კავშირები აღმოაჩინოს. ჭადრაკს კარგად თამაშობს. ანალიტიკური აზროვნებაც უფრო მეტად აქვს განვითარებული. მასწავლებლებიც ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, რომ სხარტად აზროვნება შეუძლია და ამოცანებშიც უფრო სწრაფად ეძებს გამოსავალს. მენტალური არითმეტიკის სკოლა უკვე დაამთავრა, მაგრამ იმდენად მოსწონს, უნდა, რომ კიდევ გააგრძელოს. ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავდა, ნათია, რომელიც განსაკუთრებით უყვარს. ბავშვების მეგობარი იყო, ერთმანეთს ბევრ რაღაცას უზიარებდნენ და ეს ურთიერთობა მხოლოდ მეცადინეობით არ შემოიფარგლებოდა. ახლახან ოლიმპიადა იყო, რაკი ცოტნეს ყველა დონე დახურული ჰქონდა, მონაწილეობის მიღება შესთავაზა და მესამე ადგილი დაიკავა.

- რამდენად კმაყოფილი ხართ საჯარო სკოლაში არსებული სწავლის ხარისხით და რის გამოსწორებას ისურვებდით?

- ეს ძალიან დიდი საკითხია და შეიძლება, ბევრი მიმართულებით ვისაუბროთ. ვისურვებდი, რომ სკოლა მხოლოდ კონკრეტულ საგნებში ცოდნის მიღების ადგილი არ იყოს და იქ მოსწავლე ურთიერთობას, მეგობრობას, ცხოვრებისეულ გაკვეთილებსაც სწავლობდეს. ვფიქრობ, როდესაც მოსწავლესა და მასწავლებელს მსგავსი დამოკიდებულება ექნება, აკადემიურადაც ბევრად უკეთეს შედეგს მივაღწევთ. საჯარო სკოლაში ბევრი პრობლემაა, კლასში ბევრი ბავშვია და მასწავლებელსაც უჭირს გამკლავება. მაგრამ, ცოტნეს ძალიან გაუმართლა, რომ მათემატიკის მასწავლებლები ყოველ ჯერზე ძალიან კარგები ჰყავდა.

თამარ იაკობაშვილი