კევის გადაყლაპვის შემდეგ დააკვირდით ბავშვს - შეიძლება მოხდეს შემდეგი რაც არ უნდა ყურადღებიანი მშობელი იყოთ, თქვენი შვილი ერთხელ მაინც მოახერხებს საღეჭი რეზინის გადაყლაპვას. რა უნდა ქნათ ამ დროს?
პირველ რიგში პანიკას ნუ მიეცემით, არც ექიმთან გაქცევა დაგჭირდებათ და ნურც ცუდის მოლოდინი გექნებათ. ასეთი შემთხვევების უმრავლესობა მშვიდობიანად მთავრდება.
როგორც წესი, კუჭში მოხვედრილი საღეჭი რეზინი საჭმლის სხვა ნარჩენებთან ერთად ჩვეულებრივ გამოდის ორგანიზმიდან. კევის ქიმიურ შემადგენლობაზეა დამოკიდებული, სრულად მოინელება ის, ნაწილობრივ თუ უცვლელი სახით გამოვა ორგანიზმიდან.
კუჭის მიერ გამოყოფილი მარილმჟავა და ფერმენტები იმდენად ძლიერია, რომ საღეჭი რეზინების უმრავლესობას ეფექტურად შლის და ნახევრად თხევად მდგომარეობაში გადაჰყავს. ამ კონსისტენციის მასა კი ნაწლავების მიერ ადვილად მოინელება.
არ შეგეშინდეთ იმის, რომ საღეჭი რეზინი სადღაც "შუა გზაზე" მიეკრობა ნაწლავს, თუმცა თუ კევის გადაყლაპვის შემდეგ ბავშვი გულის რევასა და მუცლის ტკივილს უჩივის, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. თუ ცვლილება ვერაფერი შეატყვეთ, შეგიძლიათ ეს ინციდენტი დაივიწყოთ.
თუ კევის გადაყლაპვამ მაინც მოახდინა ორგანიზმზე გავლენა, ეს იმდენად საშიში მაინც არ იქნება, როგორც ამას ბებიები აზვიადებენ.
პროფილაქტიკური ღონისძიებები
კევის გადაყლაპვის შემდეგ დააკვირდით ბავშვს - ძალიან იშვიათ შემთხვევებში(!!!)
შეიძლება მოხდეს შემდეგი:
• დახრჩობა. კევმა შეიძლება დაახრჩოს ბავშვი თუ საყლაპავი მილის ნაცვლად სასუნთქ გზებში მოხვდა (ეს შეიძლება მხოლოდ ბავშვს კი არა, უფროსსაც დაემართოს). ამ დროს ბავშვი ახველებს, რასაც შეიძლება საღეჭი რეზინის "ამოვარდნაც" მოჰყვეს. მაგრამ თუ ხველების მიუხედავად, ბავშვი გადაყლაპული რეზინისგან ვერ თავისუფლდება, აუცილებლად სასწარაფო დახმარება გამოიძახეთ.
• თუ ხველაც არ შეუძლია და სუნთქვა ეკვრის, ესე იგი სასუნთქი გზა ჩაკეტილია. ამ დროს ბავშვი წინ გადახარეთ და ინტენსიურად მოახდინეთ ნეკნებს შორის ზეწოლა.
წაიკითხეთ: თუ ბავშვს რამე გადასცდა - დაიმახსოვრეთ ქმედებები, რომ ბავშვი არ დაიხრჩოს
• ნუ ეცდებით საღეჭი რეზინის ხელით ამოღებას, თუ კარგად ვერ ხედავთ. ხელით შეხება მაინც სარისკოა - შეიძლება ზეწოლამ უფრო ღრმად ჩაიტანოს და ვითარება გართულდეს.
• ალერგიული რეაქცია. თუ საღეჭ რეზინში შემავალი ნივთიერება ბავშვისთვის ძლიერი ალერგენი აღმოჩნდა, რეაქციაც არ დააყოვნებს. შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, თუმცა თუ ეს მოვლენები ღეჭვისას არ შეიმჩნევა, ნაკლებ სავარაუდოა, რომ გადაყლაპვისას აღმოცენდეს.
• მოწამვლა. საეჭვო ხარისხის კევის გადაყლაპვას, რომელიც შესაძლოა ტოქსინებს შეიცავდეს, მოწამვლის გამოწვევა შეუძლია. ასეთი კევი ჩაყლაპვის გარეშეც მომწავლელია.
• თუ ასეთი მომწამლავი კევი გადაყლაპა და გულისრევა დაეწყო, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ამ რისკების მიუხედავად, საღეჭი რეზინის გადაყლაპვას საშიში მოვლენები მაინც იშვიათად მოჰყვება. თუმცა, ბუნებრივია, გარისკვა მაინც არ ღირს. კევი კუჭში მოსახვედრად არ არის გამიზნული. ბავშვსაც აუხსენით, რომ მისი გადაყლაპვა ისევე დაუშვებელია, როგორც ნებისმიერი არასაკვები ნივთის.
პედიატრის რჩევით
საღეჭი რეზინი რომ ორგანიზმიდან სწრაფად გამოიდევნოს, ბევრი სითხე და ბოსტნეული უნდა მიიღოთ. უჯრედისი საჭმლის მონელების პროცესს აჩქარებს. გაითვალისწინეთ, რომ საღეჭი რეზინი გადაყლაპვის გარეშეც არ მოგიტანთ სარგებლობას, რადგან ქიმიური შემადგენლობისაა და ნუ მიეძალებით.
არ ღეჭოთ კევი მშიერ კუჭზე და დიდხანს - როგორც კი გემოს დაკარგავს, გადააგდეთ. თუ ცოტა ხნით და ჭამის შემდეგ დაღეჭავთ, საჭმლის მონელებასაც შეუწყობს ხელს, რადგან კუჭის წვენის გამოყოფას ააქტიურებს.
საღეჭი რეზინი და კარიესი მითია?
საღეჭ რეზინს კბილების გაქათქათება და კარიესის შეჩერება სინამდვილეში არ შეუძლია. ამ მისიას ვაშლი უკეთ შეასრულებს. შემდეგ კი პირში წყალი გამოივლეთ, რათა ამ ხილის შემადგენლობაში შემავალმა მჟავამ ემალი არ დააზიანოს.