"არდადეგებზე მეცადინეობა შვებულებაში მუშაობას ჰგავს. წარმოვიდგინოთ, ნანატრი შვებულების დროს ხელმძღვანელი უამრავ სამუშაოს სახლში გვატანს"- გიორგი ლიპარიშვილი ბავშვების საზაფხულო დავალებებზე - მშობლები

"არდადეგებზე მეცადინეობა შვებულებაში მუშაობას ჰგავს. წარმოვიდგინოთ, ნანატრი შვებულების დროს ხელმძღვანელი უამრავ სამუშაოს სახლში გვატანს"- გიორგი ლიპარიშვილი ბავშვების საზაფხულო დავალებებზე

2023-06-13 11:44:57+04:00

გიორგი ლიპარიშვილი უკვე მრავალი წელია, ბავშვებთან მუშაობს, არაერთი სახალისო, შემეცნებითი აქტივობის ავტორი და #მოსწავლებელია. ზაფხულის არდადეგები გვიახლოვდება, ამიტომაც მშობლებს აქვთ შეკითხვა, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პერიოდში ბავშვების მეცადინეობა, სხვადასხვა სავარჯიშოთი, აქტივობით დატვირთვა. გიორგი ლიპარიშვილს ვთხოვეთ, საკუთარი შეხედულება გაეზიარებინა და მშობლებისთვის რეკომენდაცია მიეცა:

- არდადეგებზე მეცადინეობა შვებულებაში მუშაობას ჰგავს. წარმოვიდგინოთ, ნანატრი შვებულების დრო მოვიდა და ხელმძღვანელი ამ დროს უამრავ სამუშაოს სახლში გვატანს. რა ემართება ასეთ დროს ჩვენს ხასიათს?! ჩვენს გონებას? ჩვენს სხეულს? ჩვენს ზაფხულს?! ჩვენს არდადეგებს?!

დასვენება დასვენებაა.

დასვენება - გონების, სხეულის, ახალ-ახალი უნარების გაძლიერება, განვითარება, აღმოჩენა…

ზაფხულის არდადეგებიც ცნობისმოყვარეობის გაღვივების, განტვირთვის და დასვენებისთვისაა.

ზაფხული დავალებების ზღვისა და მთის კი არა, ნამდვილი მთისა და ზღვისთვისაა, ურთიერთობების ზღვისთვის, ბუნებასთან მიახლოებისთვის...

ზაფხული აღმოჩენების, დაკვირვების, ცდის, თავგადასავლებისა და შთაბეჭდილებების შეგროვების დროა.

სიტყვა დავალების ნაცვლად, მსუბუქი სურვილები, რჩევებია მნიშვნელოვანი.მაგ. წასაკითხი წიგნების სია კი არა, ზაფხულში გემრიელად საკითხავი, საცმაცუნო წიგნები, ან ეს ან ეს ან ეს... აირჩიე, რომელიც გინდა, ან ახალი იპოვე, ჩაატარე ექსპერიმენტი, ჩაინიშნე, შეაგროვე შთაბეჭდილებები…

ჩემი აზრით, დასვენებული ბავშვიც და დიდიც ძალებს უფრო მალე აღიდგენს და ახალ სასწავლო პროცესსაც, საქმესაც დიდი ძალებით შეერკინება.

ასეა,ზაფხული ბავშვების შვებულებაა

პატივისა და გულისცემით,

ლიპარა, გიორგი ლიპარიშვილი

#მოსწავლებელი