ბელა და ჯიჯი ჰადიდები მსოფლიოში ცნობილი დები არიან, ორივე ძალიან პოპულარულები, ყველაზე ლამაზ და წარმატებულ მოდელთა სიაში. ჯიჯი ქერა ლამაზმანია, მისი და, ბელა კი, შავთმიანი მზეთუნახავის სახით მოევლინა მსოფლიოს. თუმცა მაშინვე, როცა ბელა გამოჩნდა ასპარეზზე, გავრცელდა ხმა, რომ ის საკმაოდ რთულ დაავადებას ებრძოდა.
ბელასა და მის უმცროს ძმას ანვარს 2012 წელს დაუსვეს ლაიმის დაავადების დიაგნოზი – ეს ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს და ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია ამერიკაში. დაავადებას თან ახლავს თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, სიცხე, სისუსტე, ნერვული სისტემისა და თვალების დაზიანება. თუ მას საწყის სტადიაზე ვერ აღმოაჩენენ და დროულად არ უმკურნალებენ, მას შეუძლია ინვალიდობა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამ დაავადების გამო ცნობილი მომღერალი ავრილ ლავინი ხუთი თვე ებრძოდა სიკვდილს. ამბობენ, რომ ეს გენეტიკური დაავადება მათ დედასაც აქვს - იოლანდა ფოსტერს და სავარაუდოდ, მისგან გადაეცათ მემკვიდრეობით.
ბოლო ათი წელია, ბელა ცდილობს დაავადების დამარცხებას და ყოველდღიურად იტანჯება საკმაოდ მწვავე სიმპტომებით: თავის ტკივილით, გონების დაბინდვით, უძილობით, არარეგულარული გულისცემით, ღებინებით, სუნთქვის პრობლემებით, ყურადღების კონცენტრირებით, სახსრების, კუნთების ტკივილით და ა.შ. ერთხელ მოყვა, როგორ დაავიწყდა, როგორ უნდა მისულიყო სახლში მალიბუდან და ასე ხშირად ემართება.
"ოცნებაზეც მომიწია უარის თქმა და საყვარელი ცხენი გავყიდე, რადგან ვეღარ ვზრუნავდი მასზე. მე რომ შემძლებოდა ჯირითი და ამ საქმიანობის გაყოლა, მოდელი არც გავხდებოდი", - ამბობს ბელა.
ხშირად ლაიმის დაავადებას ანტიბიოტიკების მეშვეობით მკურნალობენ, მაგრამ თუ მკურნალობა არ არის დროული, ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევას იწვევს, რასაც პარალიზება მოჰყვება. ახლანდელი მონაცემებით, ჰადიდის დაავადება პროგრესირებს და შესაძლებელია, რომ თირკმელების პრობლემაც გაჩნდეს. თირკმელების პრობლემა ხშირი შედეგია აღნიშნული დაავადების.
ბელა ხშირად აქვეყნებს ფოტოებს, თუ როგორ იკეთებს გადასხმებს და კვლევებს სამკურნალო დაწესებულებებში.
ცოტა ხნის წინ საუბრობდ ასევე ჯოჯოხეთურ ტკივილზე, რომელსაც განიცდიდა დაავადების გამო და ასევე იმაზე, რომ ხანდახან სარკეში ჩახედვისას საკუთარ თავს ვერ იტანს. ძლიერმოქმედი ანტიბიოტიკები ნეგატიურად აისახება მის ნერვულ სისტემაზეც და კანის მდგომარეობაზეც. თუმცა ბელა კვლავ აგრძელებს ბრძოლას და იმედია, ამ ბრძოლას წარმატებით დაასრულებს.