ცურვა, ჩოგბურთი, ლაშქრობები უფასოდ - მერიის საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია ნებისმიერ თბილისელ ახალგაზრდას შეუძლია - მშობლები

ცურვა, ჩოგბურთი, ლაშქრობები უფასოდ - მერიის საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია ნებისმიერ თბილისელ ახალგაზრდას შეუძლია

2023-06-15 11:16:55+04:00

ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალგაზრდებისთვის მასშტაბური საზაფხულო პროგრამები განახლდება, რომელზე რეგისტრაციაც 15 ივნისიდან დაიწყება. საზაფხულო პროგრამებში მონაწილეობის მიღება 18-29 წლის ახალგაზრდებს შეეძლებათ. ამის შესახებ გუშინ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება კარტინგები, ჯომარდობა და ლაშქრობები თბილისის გარშემო. დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ ისარგებლონ მუნიციპალური საცურაო აუზით და ჩოგბურთის კორტებით. მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება.

2023 წლის "საზაფხულო პროგრამის" ფარგლებში, ახალგაზრდები შეძლებენ ისარგებლონ შემდეგი სერვისებით:

კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია) – "ლისი ლემანსში" მიმდინარე აქტივობაში ერთჯერადად ჩართვა შესაძლებელი იქნება 1 200 ახალგაზრდისთვის 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 17:00-20:00 საათის შუალედში (უზრუნველყოფილია კვებაც).

მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანი) - ზღვის უბანში არსებული საცურაო აუზით ერთი თვის განმავლობაში, სარგებლობა შესაძლებელი იქნება 200-ზე მეტი ახალგაზრდისთვის. საცურაო აუზის აბონემენტით პროგრამის მონაწილეები ისარგებლებენ რვა ვიზიტით 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 17:00-20:00 საათის შუალედში.

ჩოგბურთის კორტები (ვაკის პარკის კორტები) - ვაკის პარკის კორტებით 400-ზე მეტი ახალგაზრდა ისარგებლებს. რეგისტრირებული პირები მიიღებენ ერთჯერად ვაუჩერს 20 ივნისიდან 20 ივლისამდე, 18:00-20:00 საათამდე შუალედში გამოყენებისთვის. კორტით სარგებლობის ხანგრძლივობა - ერთი საათი.

ჯომარდობა (ფასანაური) - პროექტი განხორციელდება 29-30 ივნისსა და 1-2 ივლისს ფასანაურში, მდინარე არაგვის ტერიტორიაზე. მასში 400 ახალგაზრდა ჩაერთვება, რომლებსაც გამოცდილი ინსტრუქტორები საჯომარდო დაშვებამდე ინსტრუქტაჟს ჩაუტარებენ. ტურის ფარგლებში, ჯომარდობასთან ერთად, ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ-შემეცნებით და გასართობ აქტივობებში: ფრენბურთი, შაში, ჭადრაკი, ა.შ. უზრუნველყოფილია კვებაც.

ლაშქრობები "თბილისის გარშემო" - წარიმართება ოთხი ორდღიანი და რვა ერთდღიანი საველე სალაშქრო ბანაკების სახით. პროგრამა განხორციელდება 24 ივნისიდან 30 სექტემბრამდე შუალედში. თითოეულ ლაშქრობაში ჩაერთვება 25 ახალგაზრდა. ჯამში, პროგრამით 600 ახალგაზრდა ისარგებლებს. მონაწილეებისთვის უზრუნველყოფილია კვება, ეკიპირება და ექსკურსიამძღოლის მომსახურება.

პროგრამები უფასოა და რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ 25 ივნისამდე. კონკრეტული აქტივობებისთვის სარეგისტრაციო ბმულებს შეგიძლიათ, ვრცლად გაეცნოთ.

ასევე, ინფორმაციის დასაზუსტებლად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 598 292 331, ან გააგზავნოთ შეკითხვა ელექტრონულ მისამართზე: tbilisisyc@gmail.com

როგორც თბილისის მერიაში განგვიცხადეს, პროგრამებზე რეგისტრაცია თბილისში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას შეუძლია.

განცხადების შევსების შემდეგ, თავად დაგიკავშირდებიან და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდიან.

თამარ იაკობაშვილი