ფსიქოლოგი თამარ თანდაშვილი "შენი შუადღის" ეთერში ბავშვების უსაფრთხოებაზე საუბრობს და მშობლებს მნიშვნელოვან რეკომენდაციას უზიარებს, რა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათ შვილებს ბანაობისას, ან საკვების მიღებისას სასუნთ გზებში გადაცდენით დახრჩობის საფრთხე არ შეექმნათ.
- ზაფხულში, სიცხის გამო, ყველა წყლის რეზერვუარებისკენ მივილტვით. იქნება ეს ზღვა, ოკეანე, მდინარე, ტბა თუ ასე შემდეგ. ჩვენ გვგონია, რომ იქ საშიში არაფერია, რადგანაც ბავშვს ზედამხედველი ჰყავს, სხვა ბავშვებთან ერთად თამაშობს და ვფიქრობთ, რა უნდა მოხდეს. წყალთან ყოფნისას ბავშვს განსაკუთრებული ზედამხედველობა სჭირდება. ჩვენ გვონია, რომ ბავშვი შეიძლება მხოლოდ მაღალ წყალში, მაგალითად, ზღვაში დაიხრჩოს. ასე არ არის. ბავშვი შეიძლება 20-სანტიმეტრი სიმაღლის წყალშიც კი დაიხრჩოს, თუკი მან თავი არასწორად მოათავსა, ან თუ თავი დაარტყა და გული წაუვიდა და ცნობიერება დაკარგა, სასუნთქი სისტემა ეკეტება და 3 წუთში მისი ტვინი აღარ ფუნქციონირებს. ამ კუთხით, აბაზანაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმ სახლში, სადაც 10 წლამდე ბავშვები არიან, აბაზანას არ უნდა ტოვებდეს სავსეს. თუ ასავსები აბაზანა გაქვთ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც პატარა ბავშვი მარტო უნდა შევიდეს. ამ თვალსაზრისითაც, მსოფლიოში უამრავი ინციდენტია. მდინარეშიც ძალიან ბევრი ადამიანი იხრჩობა. წელი არ გავა, რომ ახალგაზრდის სიცოცხლე არ წაიღოს. რატომ გვგონია, რომ დახრჩობის კუთხით მდინარე უვნებელია? იმიტომ, რომ ზედაპირს ვაკვირდებით. ზედაპირზე კი შეიძლება საკმაოდ მდორედ მოედინებოდეს დაბალი წყალი და შესაძლოა, ქვებიც კი ჩანდეს შიგნით. ვამბობთ: "არ რა უნდა მომივიდეს?!" სინამდვილეში, თვალი გვატყუებს. წარმოდგენა არ გვაქვს, სიღრმეში რა იმალება, რა სისწრაფით მოდის მდინარე. აქედან გამომდინარე, თუ ბავშვები ასეთ ადგილას მიდიან, რაც არ უნდა უსაფრთხოდ გეჩვენებოდეთ, შიგნით მარტო არ უნდა შეუშვათ. აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ, რომ ის მართლა უსაფრთხოა. ასეთი ფაქტები, ძირითადად, უცოდინრობის გამო ხდება. ჩვენ არავინ არ გვასწავლის, რომ ეს აუცილებელი ცოდნაა. თუ ტრაგედიის შესახებ გავიგებთ, მერე "მოვიფხანთ" ხოლმე თავს და ვხვდებით, რომ ამის ცოდნა საჭირო ყოფილა. მშობლებს მინდა ვუთხრა, როდესაც ბავშვი გვერდით გყავთ, ტელეფონი თქვენი პირველი მტერია. უბედურ შემთხვევას ზუსტად 1 წამი სჭირდება. თუკი ბავშვი 4-5, ან მეტი წლისაა, მის განათლებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მას რაღაცები უნდა ვასწავლოთ.
ერთ-ერთი საფრთხილო საკითხი საკვებით, მცირე ნივთებით დახრჩობაა. საჭმელიც კარგად ასარჩევია. მაგალითად, ყურძენს ჩვენ როგორც ვჭამთ, ბავშვსაც ასევე ვაჩვევთ - როგორც წესი, მარცვალს პირში გავიქანებთ ხოლმე, რაც არ შეიძლება. თუ გადავწყვეტთ, რომ ბავშვს ყურძენი ვაჭამოთ, ის ოთხად გაჭრილი უნდა იყოს. იწვალეთ და ოთხად გაჭერით, იმიტომ, რომ ნაკლები შესაძლებლობაა, რომ ყელში გაეჩხიროს. ასევე, პრობლემაა ე.წ. საწუწნი კანფეტები. საწუწნი კანფეტით ბავშვის გარდაცვალების ხშირი შემთხვევებია. ნებისმიერი დიდი ლუკმა, რთული საკვები, მაგალითად, კომში, რომელიც ჩვენთვის, უფროსებისთვისაც უხერხული საჭმელია, ბავშვისთვის შეიძლება გაცილებით მეტ პრობლემას წარმოადგენდეს. ამიტომ, უნდა დავაკვირდეთ, რას და როგორ ვაჭმევთ. ვასწავლოთ კარგად, რომ საკვების მიღების დროს არავითარ შემთხვევაში არ ილაპარაკოს, არ გაიცინოს. როგორც წესი, მულტფილმები გვაქვს ხოლმე ჩართული. ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მულტფილმში შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ ბავშვი გაოცდეს, აღფრთოვანდეს, გაიცინოს და შესაძლოა, სასუნთქი გზები გადაეკეტოს. ჭამა უნდა იყოს მშვიდი, ლაპარაკისა და ზედმეტი აჟიტირების გარეშე.