ძალიან ბევრ ადამიანს სჯერა, რომ დედისერთობა ადამიანის ხასიათზე დიდ გავლენას ახდენს და მისი პიროვნული შტრიხები დიდწილად სწორედ იმითაა განპირობებული, რომ ადამიანი ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. ამბობენ, რომ დედისერთები ეგოისტები არიან, არ იციან გაზიარება და საკუთარ თავზე წინ არავის აყენებენ. საიდან გაჩნდა ეს სტერეოტიპები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა?
ჯერ კიდევ 1898 წელს ცნობილმა ამერიკელმა განმანათლებელმა ევგენი უილიამ ბოჰანონმა მის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა, რომელშიც 200 ადამიანი მონაწილეობდა (იმ დროისთვის ეს კვლევის ახალი ფორმა იყო). ამ ადამიანებს სთხოვეს დაეხასიათებინათ მათი ნაცნობი დედისერთა ბავშვები. 196 შემთხვევაში, კვლევის მონაწილეებმა ისეთი ბავშვები აღწერეს, რომლებიც ძალიან განებივრებულები და ეგოისტები არიან. ბოჰანონის კოლეგები მის შედეგებს დაეთანხმნენ და საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ დედისერთა ადამიანები ეგოისტები არიან.
მე-20 საუკუნის დასაწყისში ოჯახში დედისერთა შვილის „პორტრეტს“ კიდევ ერთი დეტალი დაუმატეს - მშობლების ჰიპერმზრუნველობის გამო, რომელშიც სიყვარულთან ერთად შიშები და შფოთვაა გაერთიანებული, ბავშვი აუცილებლად ნერვიულ ჰიპოქონდრიკად გაიზრდებაო.
ასეთი იდეები მე-20 საუკუნის ბოლომდე არსებობდა, მაგრამ ახალმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყველა ეს სტერეოტიპი სისულელეა.
პირველი, ვინც ოჯახში ერთადერთი შვილებისთვის სტერეოტიპის დამსხვრევა სცადა, ტეხასის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი ტონი ფალბო იყო. 1986 წელს მან გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ამ თემაზე 200-ზე მეტი კვლევის მონაცემებს აანალიზებდა.
აღმოჩნდა, რომ ოჯახში ერთადერთი ბავშვებისა და და-ძმების გარემოცვაში გაზრდილებს შორის პიროვნულ მახასიათებლებში არ იყო განსხვავება.
ფალბომ, ფაქტობრივად, მხოლოდ ერთი განსხვავება აღმოაჩინა - მარტოხელა ბავშვებს მშობლებთან უფრო ძლიერი ემოციური კავშირი აქვთ, ვიდრე მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებს. მაგრამ ამაში ცუდი და პათოლოგიური არაფერია.
ფალბოს დასკვნებს მოგვიანებით სხვა კოლეგებმაც დაუჭირეს მხარი, მათ შორის 2018 წელს ფრანკფურტის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბავშვთა ფსიქოლოგებმა ანდრეას კლოკემ და სვენ შტადტმიულერმა. მკვლევარებმა გამოკითხვის შედეგები გააანალიზეს, რომელშიც დაახლოებით ათი ათასი გერმანელი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
სხვა საკითხებთან ერთად, კლოკეტმა და შტადმულერმა ყურადღება მიაქციეს მშობლებისა და შვილების ურთიერთობის ხარისხს. ანუ რამდენად მარტივად და ლაღად შეეძლო ბავშვს მშობლებთან მისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი.
თუმცა, მიუხედავად კარგი ურთიერთობისა და მშობლებთან ძლიერი ემოციური კავშირისა, დედისერთა ადამინები ხშირად ნანობენ, რომ არ ჰყავთ გვერდით ისეთი ერთგული და დასაყრდენი ადამიანი, როგორიც და-ძმებიან ადამიანებს ჰყავთ. სკოლამდელი ასაკის დედისერთა ბავშვებს ხშირად წარმოსახვითი მეგობარი უჩნდებათ. მაგრამ ამაზე არ უნდა ინერვიულოთ – ასეთი თამაში ბავშვს სხვა ბავშვებთან კომუნიკაციის უნარს უვითარებს.
თუმცა დედისერთა ბავშვებში გარკვეული პიროვნული თვისებებიც გამოიკვეთა. ჩინელი ფსიქოლოგის Jiang Qi-ს ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დედისერთა ბავშვებს ნამდვილად არ უყვართ კომპრომისზე წასვლა და უჭირთ სხვა ადამიანების ადგილას თავის წარმოდგენა. ფსიქოლოგმა 126 დედისერთა მოსწავლის გონებრივი შესაძლებლობები და პიროვნული მახასიათებლები გამოიკვლია და 170 თანატოლს შეადარა, რომლებიც ძმასთან ან დასთან ერთად იზრდებოდნენ.
დედისერთა ბავშვებმა ტოლერანტობის ტესტში უფრო დაბალი ქულები მოიპოვეს.
მაგრამ ამავე დროს, დედისერთები უფრო კრეატიული, მოქნილი აზროვნებით გამოირჩეოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც ძმასთან ან დასთან ერთად გაიზარდა. ალბათ იმიტომ, რომ ადრეული ასაკიდანვე მხოლოდ საკუთარი ფანტაზიასა და გამომგონებლობაზე დაყრდნობით თამაშობენ.
მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. მაგნიტურ-რეზონანსულმა ტომოგრაფიამ ბავშვების ტვინის სტრუქტურაში თავისებურებები გამოავლინა. აღმოჩნდა, რომ დედისერთებს ტვინის ქერქის იმ უბანში, რომელიც ფანტაზიასთან და შემოქმედებითობასთან ასოცირდება, მეტი რუხი ნივთიერება აქვთ, ვიდრე მათ, ვინც და-ძმებთან ერთად გაიზარდა.
ამავდროულად, ამ ბავშვებს ნაცრისფერი ნივთიერების დეფიციტი აქვთმედიანურ პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც პასუხისმგებელია ემოციური ინფორმაციის დამუშავებაზე, მათ შორის მოლაპარაკების, სხვების გრძნობების გაგებისა და საკუთარი ემოციების კონტროლის უნარზე.
თუმცა დედისერთობა არ ნიშნავს, რომ ბავშვი აუცილებლად იზოლირებულად გაიზრდება. მათ ჩვეულებრივი კომუნიკაცია აქვთ სხვა ბავშვებთან – დადიან საბავშვო ბაღში და სკოლაში, წრეებზე. ამიტომ, თუ ბავშვს შესაფერისი გარემო ექნება, სადაც გვერდით თანატოლები ეყოლება და ოჯახში სიყვარულით სავსე ატმოსფერო აქვს, ეს ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სახლში ბავშვების რაოდენობა.