ჩერნიგოველი პენსიონერისა და მისი თინეიჯერი ქალიშვილის ამბავი სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და მალე, შესაძლოა, დეტექტიურ ისტორიად გადაიქცეს.
78 წლის ვალენტინა პოდვერბნაია უკრაინაში ყველაზე ხანდაზმულ მშობიარე ქალად ითვლება. მას 12 წლის ქალიშვილი, ანა-მარია ჰყავს. დედა-შვილი ცოტა ხნის წინ სკანდალში გაეხვა. მოზარდი სოციალურ ქსელში წერდა, რომ დედა სიელმის გამო შეურაცხყოფას აყენებდა, საცვლებს უჭრიდა და ფიზიკურად ძალადობდა. გოგონა აცხადებდა, რომ ვალენტინას მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა სურდა...
როდესაც მსგავსი შინაარსის პოსტები ანა-მარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, ამბით პოლიცია, ადგილობრივი ხელისუფლება და სოციალური სამსახური დაინტერესდა. ახლა ანა-მარია საავადმყოფოშია გადაყვანილი, საქმეს კი სასამართლო იძიებს.
ქალი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.
ანა-მარია კი სოციალურ ქსელში წერდა, რომ დედას იგი მხოლოდ სოციალური დახმარების გამო სჭირდებოდა. "მართალი გითხრათ, ნორმალური დაბადების დღეც კი არ მქონია. დედაჩემი მეუბნებოდა: "შენს დაბადების დღეს მხოლოდ მაშინ აღვნიშნავ, როცა თვალების მოძრაობას სამუდამოდ შეწყვეტ. ან თოჯინას მხოლოდ მაშინ ვიყიდი, როცა თვალების დახუჭვას შეწყვეტ." ალბათ, ბავშვობა აღარ მექნება..."
ძალადობაში ბრალდებული დედა აცხადებს, რომ მის შვილზე ვიღაც ახდენს გავლენას და მის წინააღმდეგ ამხედრებს, ბრალდებას კი აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 78 წლის ქალი გამუდმებით ტირის და ამბობს:
"დაწერა აიძულეს. პატარაა და არაფერი ესმის. ბევრი შურიანი და არაკეთილმოსურნე მყავს ირგვლივ და ალბათ, მათ გადაიბირეს." - ამბობს ვალენტინა ადგილობრივ მედიასთან მიცემულ კომენტარში.
სხვათა შორის, ქალის რამდენიმე ახლობელიც აღნიშნავს, რომ შესაძლოა, ბავშვს მსგავსი რამის დაწერას ვინმე კარნახობდეს და დედის წინააღმდეგ იყენებდეს. როგორც გაირკვა, რამდენიმე დღის წინ ანა-მარიამ საავადმყოფოში სამკაულები და ის პლანშეტი მიიღო საჩუქრად, რომელზეც ოცნებობდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი კი ამბობს, რომ სასურველი ნივთები ბავშვმა ხალხის მიერ შეგროვილი ფულით იყიდა.
"ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე შეიძლება ითქვას, რომ ახლა ბავშვი ბევრად უკეთესად გამოიყურება. უფრო მშვიდი გახდა, უფრო მეტს ფიქრობს მომავალზე. ანას ბოლო დრომდე ანალიზებისთვის სისხლის ჩაბარების ეშინოდა, მაგრამ ვესაუბრეთ და შევთანხმდით, რომ ეს მისი ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია. პირველი გამარჯვებები გვაქვს, მაგრამ ბავშვს ფსიქოლოგის მუდმივი დახმარება სჭირდება. დედასთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს და მასთან დაბრუნება არ სურს." - ამბობს ჩერნიგოვის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მედიასთან საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ ვალენტინა პოდვერბნაიამ გოგონა 65 წლის ასაკში, ხელოვნური განაყოფიერების შედეგად, 2011 წელს გააჩინა და უკრაინაში ყველაზე ხანდაზმული ქალი გახდა, რომელმაც იმშობიარა.
მას შემდეგ, რაც ანა-მარიამ სოციალურ ქსელებში დაიწყო იმის დაწერა, რომ დედა მასზე ფიზიკურად ძალადობს, ქალს ბავშვი ჩამოართვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ანა-მარია ამბობს, რომ თანდაყოლილი სტრაბიზმის გამო დედა მასზე ძალადობს და უნდა, რომ თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. ერთ-ერთი მეზობელი ადასტურებს იმასაც, რომ მათი ოჯახიდან ხმაური მუდმივად ისმოდა.
ახლა საქმეს სასამართლო იძიებს და ჯერჯერობით უცნობია, ვის მხარეს იქნება სიმართლე.