ნეიროქირურგი გიორგი მაღალაშვილი გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს, რა იწვევს ხელებსა და ფეხებში ტკივილისა და დაბუჟების შეგრძნებას:
- ძალიან ბევრი დაავადება შეიძლება გახდეს იმის მიზეზი, რომ ადამიანს კიდურებში უსიამოვნო შეგრძნება, ან შეგრძნების დაქვეითება, დაბუჟება ჰქონდეს. მაგრამ, ძირითადი მიზეზი ზურგის ტვინისა და ხერხემლის არხის სხვადასხვა დაავადებაა. ყველაზე გავრცელებულია დაავადებები, რომლებიც ხერხემლის ძვლოვანი სისტემის პათოლოგიასთანაა დაკავშირებული, ტრავმა, ინფექცია, ასაკობრივი ცვლილებები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა - ეს ყველაფერი სახსრის ელასტიურობის დარღვევას იწვევს. ელსატიურობადარღვეული სახსარი შესაძლოა, ზედმეტად მოძრავი იყოს, რაც ტკივილს იწვევს. დამცავი მექანიზმი, რომელიც გააჩნია ორგანიზმს იმისათვის, რომ სახსროვანი ტკივილები თავიდან აიცილოს, თავისთავად, რაღაც ეტაპზე ნერვული სისტემისთვის თავად ხდება დამაზიანებელი.
გარდა ამისა, კიდურებში უსიამოვნო შეგრძნებასა და დაბუჟებას შეიძლება კიდევ ბევრი სხვა პროცესი იწვევდეს. დაწყებული სისხლძარღვოვანი პროცესებიდან, დამთავრებული სიმსივნური წარმონაქმნებით, დისკების გამოვარდნით და ზურგის ტვინის სტრუქტურებზე ზეწოლით. განსაკუთრებითაა სიმპტომები გამოხატული, როდესაც ეს კისრის დონეზე ხდება. ეს ზურგის ტვინის ყველაზე მაღალი დონეა, საიდანაც იმართება როგორც ზედა, ასევე ქვედა კიდურები.
ზურგის ტვინის სიმსივნეების, ექსტრამედულური სიმსივნეების, მენინგიომების, ნევრინომების დროს დაბუჟება დისტალური ნაწილიდან იწყება. მაგალითად, ფეხის თითებიდან და ნელ-ნელა ზემოთ ამოდის. როცა მიაღწევს იმ დონეს, სადაც ზურგის ტვინზეა ზეწოლა, მერე ჩერდება. შეიძლება დაბუჟების შეგრძნება თითებში გვქონდეს და პროცესები მიმდინარეობდეს კისერში. მაგრამ ამას სპეციალისტის შეფასება სჭირდება. თუ დაბუჟება ნელ-ნელა ვითარდება ქვემოდან ზედა მიმართულებით, ეს ექსტრამედულური პროცესია, რაც იმას ნიშნავს, რომ ზურგის ტვინზე გარედან შიგნითაა ზეწოლა. თუ დაბუჟება ზემოდან ქვემოთ ვითარდება, ამ შემთხვევაში, პირიქითაა - თავად ზურგის ტვინში არსებული პროცესია გამომწვევი. ეს შეიძლება იყოს სიმსივნე, კავერნზოზუული ანგიომა და ასე შემდეგ.
ზურგის ტვინის დაზიანების ყოველი დონე თავისი სიმპტომებით ხასიათდება და სპეციალისტის შეფასება სჭირდება.