"შვილებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი სადარდებელი მაქვს..." - რაზე ღელავს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი და ახალგაზრდებს პროფესიის არჩევისას ოქროს რჩევას აძლევს - მშობლები

"შვილებთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი სადარდებელი მაქვს..." - რაზე ღელავს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი და ახალგაზრდებს პროფესიის არჩევისას ოქროს რჩევას აძლევს

2023-06-29 18:22:24+04:00

ილონ მასკს ბევრი ტიტული აქვს - პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, მილიარდერი, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, Twitter-ის მფლობელი, კოსმოსური კომპანია SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორი და მთავარი ინჟინერი. ის ასევე 10 შვილის მამაა. ახლახან კი 52 წლის გახდა.

თავად მასკი სამშვილiან ოჯახში გაიზარდა. როდესაც მშობლები განქორწინდნენ, ის მამასთან დარჩა. თუმცა, მოგვიანებით დედასთან ურთიერთობა გამოასწორა, სამაგიეროდ მამამისი რეგულარულად აკრიტიკებს ილონს, თვლის, რომ ის საკმარისად კარგად არ გამოიყურება ან წარმატებას გვიან მიაღწია.

ცნობილია, რომ ბავშვობაში მასკი თანაკლასელების მხრიდან სასტიკი ბულინგის მსხვერპლი იყო და ერთხელ საავადმყოფოშიც კი მოხვდა - ბიჭებმა კიბეებზე დააგორეს. ამის შემდეგ კარატესა და ჭიდაობაში ვარჯიში დაიწყო.

მასკს შვილების საზოგადოების წინაშე გამოჩენა არ უყვარს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ყველა მათგანი სპეციალურ სკოლაში სწავლობს, რომელიც მამამ SpaceX-ის შტაბ-ბინაში შექმნა. ეს ექსპერიმენტული სკოლაა სახელწოდებით Ad Astra - "ვარსკვლავებისკენ". ილონი არ არის ტრადიციული განათლების მოყვარული. მისი სკოლა აქცენტს კრიტიკულ აზროვნებასა და პრობლემის გადაჭრის უნარებზე აკეთებს და არ აქვს ტრადიციული შეფასების სისტემა. ბოლო დრომდე მილიარდერი უპირატესობას ანიჭებდა უფროს ბავშვებთან კომუნიკაციას, თვლიდა, რომ პატარა ბავშვს მხოლოდ დედა სჭირდება, მამა კი ვერაფერს მისცემდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი შეიცვალა. წელს Twitter-ის მფლობელი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პატარა X -ს. კალთაში უზის და სამსახურშიც დაჰყავს. როგორც ჩანს, უმცროსი შვილი მამის ნებიერაა.

წარმოგიდგენთ ილონ მასკის გამონათქვამებს ბავშვებისა და ბავშვობის შესახებ:

  • „ნამდვილად არ ვაპირებ შვილებს გადავცე კომპანიები, თუ საოჯახო ბიზნესის წარმართვის არც ინტერესი და არც შესაძლებლობა არ ექნებათ. ვალდებული არ ვარ".
  • „ბავშვობაში ბევრი სირთულე გადავლახე. ასე რომ, ერთადერთი, რაც ჩემს შვილებთან დაკავშირებით მადარდებს, ისაა, რომ არ აწყდებიან სირთულეებს. გაჭირვების გადალახვა არ უწევთ, მე წარმატება სირთულეებმა მომიტანა."
  • „ მოზარდობისას სულ დეპრესიაში ვიყავი. ვცდილობდი ცხოვრების აზრი რელიგიური ტექსტებისა და ფილოსოფიური წიგნების კითხვით. მინდა ყველას ვუთხრა მოზარდებისთვის ეს წიგნები მეტისმეტად ბნელია, ბევრად ჯობია, ზრდასრულ ასაკში წაიკითხო“.
  • ”კოლეჯები ძირითადად გასართობად და იმის დასამტკიცებლადაა, რომ საშინაო დავალების შესრულების უნარი გაქვთ, სწავლით კი ვერაფერს გასწავლიან.”
  • ”მე ჯერ წიგნებმა გამზარდეს და შემდეგ მშობლებმა”
  • ”ბავშვებს ვიდეოთამაშებს არ ვუშლი, მაგრამ იმ პირობით, რომ წიგნებს ორჯერ მეტი დრო დაუთმონ“
  • „ყველაფერს ვაკეთებ, რომ მსოფლიომ შობადობის კრიზისი დაძლიოს. მოსახლეობის კლება ყველაზე დიდი საფრთხეა ცივილიზაციის წინაშე. ილუზიაა, რომ დედამიწა გადატვირთულია, პირიქით, აშკარად სახეზეა დემოგრაფიული კოლაფსი“.
  • „სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ბავშვობა არ მქონია. მაგრამ ბევრი, ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და ბევრი ფილმი ნანახი. გარკვეული დრო დამჭირდა იმის გასაგებად, რაც ადამიანების უმეტესობას ინტუიციურად ესმის. მქონდა ასპერგერის სინდრომი და ყველაფერი მოსმენით ვისწავლე.
  • „ჩემს შვილებს დაბადება არ აურჩევიათ, მე მინდოდა მათი დაბადება. ამიტომ მათ ჩემი ვალი არ აქვთ, მე ვარ მათგან ყველაფრით დავალებული“.
  • „რა რჩევას მივცემდი ჩემს შვილებს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებით? ისე, ძნელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ვფიქრობ, უბრალოდ გეტყვით, მიჰყევით თქვენს გულს, აკეთეთ ის, რაც გაინტერესებთ და შეეცადეთ იყოთ საზოგადოებისთვის რაც შეიძლება სასარგებლო“.
  • „ჩემს შვილებს სამოგზაუროდ მარსზეც კი გავუშვებ, მაგრამ ჯერჯერობით ასეთი სურვილი არ გამოუჩენიათ“.
  • „ხშირად ვფიქრობ ხელოვნური ინტელექტზე და იმაზე, თუ რაზე ვხარჯავ დროს, რომელიც შემიძლია მეგობრებთან და ოჯახთან ერთად გავატარო. საბოლოოდ, ხელოვნური ინტელექტი უკეთესად გააკეთებს ჩემს საქმეს. და რა გამოდის? რომ ამ წლების განმავლობაში ტყუილად ვმუშაობდი? მაშინ აქვს რამეს აზრი? არ ვიცი“.