ები და ერინი იშვიათი პათოლოგიით დაიბადნენ. სიამის ტყუპს, რომლებიც ერთმანეთთან თავით იყვნენ შეერთებულნი, 1 წლის ასაკში ძალიან სერიოზული ოპერაცია გაუკეთეს. მათი გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო, თუმცა ახლა ისინი 7 წლის არიან და საბავშვო ბაღიც დაამთავრეს:
ები და ერინი ჩრდილოეთ კაროლინაში, უიშვიათესი პათოლოგიით დაიბადნენ. როგორც უკვე აღინიშნა, გოგონები სიამის ტყუპები არიან და შეერთებული თავით გაჩნდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს კიდევ უფრო იშვიათი პათოლოგიაა, რადგანაც თავად სიამის ტყუპებშიც მხოლოდ 2% იბადება შეერთებული თავით.
ერინისა და ების დედამ, ვიდრე იმშობიარებდა, უკვე იცოდა, რომ მას სიამის ტყუპი ეყოლებოდა, მაგრამ ქალმა ორსულობის შეწყვეტაზე კატეგორიული უარი განაცხადა. მან ბავშვები 30-ე კვირაში, ექიმთა ჯგუფის მეთვალყურეობის ქვეშ გააჩინა.
საინტერესოა ისიც, რომ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე შესწავლილი, თუ რა იწვევს მსგავს პათოლოგიას. ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, შეცდომა ემბრიონის განვითარების ადრეულ ეტაპზე ხდება. ზოგი კი თვლის, რომ ფორმირების პროცესშია დარღვევა. სტატისტიკის მიხედვით, სიამის ტყუპის 40% მკვდრად იბადება. 33% კი დაბადებიდან მალევე იღუპება.
დელანმა, გოგონების დედამ, ბავშვები 2016 წლის 24 ივლისს გააჩინა.
"როდესაც ამის შესახებ პირველად გავიგე, შოკში ვიყავი. წარმოდგენა არ მქონდა, რა მეფიქრა. ერთია, როცა მსგავს ამბავს ტელევიზიიდან ისმენ და მეორეა, როცა ეს შენს ცხოვრებაში რეალურად ხდება." - განუცხადა დელანმა DailyMail-ს.
ექიმები ამბობდნენ, რომ თუ ბავშვებს თავზე ოპერაცია ჩაუტარდებოდათ და მათ განაცალკევებდნენ, გადარჩენის შანსი მხოლოდ 2% იყო. თუმცა, დედა ამ რისკზე თანახმა იყო. ოპერაცია 2017 წლის 6 ივნისს ჩატარდა, 11 საათის განმავლობაში გრძელდებოდა და ბავშვებს სისხლის გადასხმა 10-ჯერ დასჭირდათ.
ახლა ები და ერინი 7 წლის არიან და ბაღიც დაამთავრეს. გოგონებს განვითარების შეფერხება აქვთ, მაგრამ ისინი სოციალიზებულები არიან, სიამოვნებით თამაშობენ თანატოლებთან, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ ლაპარაკობენ.
ერინი 5 წლიდან დადის, ები კი პირველ ნაბიჯებს ახლა დგამს.
"როცა ებიც სირბილს დაიწყებს, მერე უკვე პრობლემა მექნება. ერთს ვერ ვუმკლავდები ხოლმე." - ამბობს ხუმრობით ბავშვების დედა და მზადაა, მათ ყველანაირად ხელი შეუწყოს. არასდროს უნანია, რომ მათი გაჩენა გადაწყვიტა და გოგონების ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი მისთვის დიდი გამარჯვებაა.
"ძალიან მინდა, ერთ დღეს ყველანი ერთ მაგიდასთან დავსხდეთ, ვისაუბროთ და ჩემმა შვილებმა იამაყონ იმით, რა გზაც გაიარეს." - ამბობს დელანი.