ცნობილი მწერლის ოტია იოსელიანი შვილიშვილი, უმცროსი ოტია და მისი მეუღლე ნუცა ცისკარიშვილი, ოთხწლიანი ქორწინების შემდეგ ნანატრი შვილის მშობლები გახდნენ. პატარას ბაბუის, დაჩის პატივსაცემად დაარქვეს სახელი.
"… უთუოდ გული მოუვიდა, რატომ მე არა ვარო, და 50 წლის შემდეგ ამქვეყნად ისევ გაჩნდა დაჩი… პატარა იოსელიანის დედა გავხდი… როცა კარგად გავიაზრებ, მერე უფრო მეტს მოგიყვებით. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ პირადი ზღაპრის გმირი მყავს", - წერს ნუცა.
წყვილი რამდენიმე წელია წყალტუბოში ოტია იოსელიანის კარ-მიდამოში დამკვიდრდა, სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და სახლ-მუზეუმში მისულ სტუმრებს ტრადიციული ტექნოლოგიებით მიღებული, ნატურალური პროდუქტებით უმასპინძლდებიან. ნუცა ცნობილი ბლოგერია და საზოგადოებას გამუდმებით უზიარებს სოფელში ცხოვრების ამბებს. ასევე სოციალური ქსელით ამცნო გამომწერებს, რომ რამდენიმეწლიანი მოლოდინის შემდეგ, ორსულად იყო და პატარას ელოდა.
ორსულობის პერიოდში ნუცას არ შეუწყვეტია საქმიანობა, ისევე აქტიურად მასპინძლობდა სტუმრებს და მონაწილეობდა ღონისძიებებში. მისი ცეკვა რამდენიმე დღის წინ ინტერნეტჰიტადაც იქცა.