სიმსუქნე და მათ შორის ბავშვთა სიმსუქნე კაცობრიობის უდიდესი პრობლემა გახდა, თუმცა საქართველოში არასოდეს ყოფილა ისეთი შემაშფოთებელი მონაცემები, როგორიც დღეს არის. ამ დღეებში გამოქვეყნდა ჯანმოს მონაცემები, რომლის თანახმად, საქართველოს ბავშვთა 28%-ს ჭარბი წონა აქვს. პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს სიმსუქნისათვის შექმნილი პირობები: უმოძრაობა, არ არსებობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ბავშვთა უმეტესობისათვის მიუწვდომელია საცურაო აუზების თუ სპორტულ მოედნებზე ვარჯიშის საფასური, რასაც ასევე ემატება ეკოლოგიურად ჯანსაღი პროდუქტების დეფიციტი. სიმსუქნის, როგორც ერთ-ერთი მძიმე პათოლოგიის გავრცელება არაერთ ბავშვეს ემუქრება ისეთი დაავადებების შესაძლო განვითარებით, როგორიცაა, მაგალითად, დიაბეტი, რის შესახებ საუბარი იაშვილის ბავშვთა კლინიკის ენდოკრინოლოგ ქალბატონ ნინო ხელაძეს ვთხოვეთ:
- სამწუხაროდ, ასეა. სიმსუქნის გამო როგორც უმცროსი ასაკის ბავშვების, ასევე მოზარდების მიმართვიანობა გაორმაგდა. გახშირდა სიმსუქნესთან დაკავშირებული ჩივილებიც: სუნთქვის დარღვევა, კიდურების ტკივილი, დაღლა, ციკლის დარღვევა და ასე შემდეგ.სიმსუქნის გამო ბავშვებში ისეთმა დაავადებებმა იმატა, რომლებიც წინა წლებში იშვიათი იყო. მაგალითად, მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი ან ციკლის დარღვევები...
დასანანია, რომ მშობლები ვერ გვიჭერენ მხარს და ამიტომაც ექიმების ძალისხმევა ნაყოფს ვერ მოიტანს. ამას დავუმატოთ ისიც, რომ არა გვაქვს ეროვნული პოლიტიკა ამ პათოლოგიის აღსაკვეთად, რამაც ჩვენი დრამატული მონაცემები შესაძლოა უფრო გააუარესოს.
ამ დღეებში სწორედ სიმსუქნის პათოლოგიით მყავდა 10 წლის პაციენტი რეგიონიდან და როდესაც ბავშვს ვკითხე, დღეს რა ჭამე-მეთქი. მიპასუხა, ღორის ქონში შემწვარი 8 კვერცხიო. ეს მენიუ, რა თქმა უნდა, ბიძგია კიდევ მეტი დაავადებისკენ. შვილის ადრეულ ასაკში მშობლებს იმის იმედიც აქვთ, რომ ბავშვი "გაიზრდება და გახდება", მაგრამ არ არის ასე. მომავალში პლანშეტები, ტელეფონები… და მათზე ბავშვის მიჯაჭვულობა სიმსუქნეს არათუ აჩერებს, არამედ ზრდის.
- ამ დროს მშობელი გიპასუხებთ, რა ვქნა, ბავშვი უჭმელიაო. სინამდვილეში ბავშვი უჭმელი კი არ არის, ის ჭამს იმდენს, რამდენიც დაანაყრებს, მშობელი კი იძულებითი კვებით მხოლოდ აზიანებს შვილის ჯანმრთელობას.