ყველა მშობელს უნდა, რომ შვილები ლიდერებად გაზარდოს, რომლებიც ოცნებებს აისრულებენ და ყველა მიზანს მიაღწევენ. თუმცა ამ კეთილი სურვილების გატაცებულებს გვავიწყდება, რომ წარმატება ავტომატურად არ უდრის ბედნიერებას. მეტიც, მხოლოდ წარმატებაზე „ფსონების დადება“, დიდი ალბათობით, ბავშვებს ტრავმირებულ და უსიხარულო ცხოვრებას უქადის.
რა შეცდომებს უშვებენ მშობლები, რომლებიც დაჟინებით მიილტვიან შვილების მიღწევებისთვის და როგორ იქნებოდა სწორი ამ მიზნისკენ სწრაფვა.
თანამედროვე ბავშვები ინტელექტუალურად ბევრად უფრო განვითარებულები არიან, ვიდრე ჩვენ ვიყავით მათ ასაკში. სამაგიეროდ სოციალიზაციის კუთხით უფრო „ჩამოგვრჩებიან“ მშობლებს იმავე ასაკში. ეს ფაქტორი ხშირად გვავიწყდება. თანდათან ჩვენი მოთხოვნები ბავშვების მიმართ თითქმის ისეთივეა, როგორც ზრდასრულის მიმართ. მაგალითად, თუ რამეს ვასწავლით, თავიდანვე ვითხოვთ უმაღლეს შედეგებსაც.
რა იქნებოდა სწორი?
გაიხსენეთ თქვენი თავი ამ ასაკში, თქვენი ემოციები - რამ გახარებდათ და ან გტკენდათ გულს? რა მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის მეგობრებთან თამაში! და რა მშვენიერი იყო დილით მშობლების ლოგინში ჩაკოტრიალება. 9 წლის ასაკშიც ბავშვები ისევ ბავშვები არიან, რომ აღარაფერი ვთქვათ 5-7 წელზე. ისიამოვნეთ მისი ბავშვობით, მისი ბავშვური სიცელქეებით და ნაადრევად ნუ დაასერიოზულებთ მას. ეს დრო და ეს ასაკი ხომ აღარასოდეს დაბრუნდება, ამიტომ ბავშვსაც შეარგეთ ის და საკუთარ თავსაც.
ვამზადებთ სკოლისთვის და ვცდილობთ, იქ ყოველმხრივ მომზადებული გავუშვათ. გვინდა, ცოტა ასოებსაც ცნობდეს, ციფრებსაც და ცოტ-ცოტა ანგარიშიც შეეძლოს. თავიდან შეიძლება ბავშვს მოსწონდეს კიდეც, რომ ამდენი საქმე აქვს. მაგრამ თანდათან თამაშის სურვილი სძალავს, თუმცა ამის დრო აღარ რჩება. აღარც „თავის ნებაზე“ ყოფნის დრო რჩება, როცა საქმე თავად უნდა „გაიჩინოს“. შედეგად, ეს უნარი ვეღარ ყალიბდება. მომავალში, როდესაც მოულოდნელად "თავისუფალი დრო“ გამოუჩნდება, ბავშვი იწყენს, რადგან ვერ იგონებს, რა შეიძლება გააკეთოს. სამწუხარო ის არის, რომ ამ დროს დედ-მამაც ვერ ეხმარება, რადგან ამასობაში ისინიც გადაეჩვივნენ თამაშს.
როგორ მოვიქცეთ?
პირველ რიგში მიაჩვიეთ ბავშვი სწავლას და არა ზუთხვას. სამწუხაროდ, დღეს ძალიან ცოტა მასწავლებელს შეუძლია ამის გაკეთება. ეცადეთ, მოუსმინოთ ბავშვს, რა მოსწონს, რატომ? განსაზღვრეთ ის ჰობი, რომელიც ყველაზე ახლოს არის თქვენს შვილთან და უარი თქვით ზედმეტზე – მიეცით მას საშუალება, საკუთარი გზები იპოვოს, ჰქონდეს თავისუფალი დრო.
სხვათა შორის, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ თაობა Y-ზე, ზედაპირულ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაფერი სწრაფად უნდათ, გულმოდგინედ მუშაობა კი არ სურთ. ეს დიდწილად სწორედ იმის დამსახურებაა, რომ ბავშვები თავიდანვე „ყველაფრის მოსწრების“ რეჟიმში არიან. ამ ყველაფრით დაღლილებს ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვის შინაგანი რესურსი ამოწურული აქვთ.
მოვალეობის „გადაბარება“
თანამედროვე დედები, როგორც წესი, მშობიარობიდან მალევე უბრუნდებიან საქმიან ცხოვრებას. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს ძირითადად, სწორედ ამ პერიოდში უწევთ დროის დათმობა კარიერული წინსვლისთვის. ამის გამო შვილებისთვის დრო ნაკლებად რჩებათ. ვინაიდან ბავშვებთან საკმარის დროს ვერ ატარებენ, ისეთ ბაღებს ირჩევენ, რომლებიც საგანმანათლებლო პროგრამებითაა დატვირთული. ანუ შვილის განვითარებას დაწესებულებას „გადააბარებენ“, რომლებიც დამკვეთი მშობლების გულის მოსაგებად ათასგვარი არასაჭირო ინფორმაციით ტვითავენ ბაშვის გონებას.
გარდა ამისა, იმ მომენტშიც, როცა თითქოს ბავშვთან გვერდით არიან ფიზიკურად, მათი აზრები ხშირად „სადღაც შორს არის“. დაღლილ მშობლებს უჭირთ ბავშვის ენერგიასთან და ცნობისმოყვარეობასთან გამკლავება. ძალიან უყვართ პატარა, უხარიათ მასთან ჩახუტება, მაგრამ 20 წუთის შემდეგ ისევ თავის საქმეებში იძირებიან, რადგან მთელი დღით სახლიდან გასულ ადამიანს სახლშიც ბევრი საქმე ხვდება.
თუნდაც მხოლოდ ოცი წუთი დღეში, მაგრამ აუცილებლად გამოყავით მასთან გასატარებელი დრო - „დედასთან ერთად“, „მამასთან ერთად“ და „ყველანი ერთად“. ამ დროის განმავლობაში თქვენ მთლიანად ბავშვზე უნდა იყოთ კონცენტრირებილი, ის კი თქვენზე.
ჩახუტება, საუბარი, თამაში - ყველაფერი აკეთეთ, რაც თქვენ და ბავშვს სიხარულს განიჭებთ. ამ დროს ყალიბდება ძალიან მნიშვნელოვანი - ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. ნდობისა და მიმღებლობის მექანიზმის გარეშე ვერ გექნებათ იმის იმედი, რომ სკოლის ასაკში (და მით უმეტეს, მოზარდობის ასაკში) ბავშვი მზად იქნება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სათქმელი გაგიზიაროთ და ყველაფერი მოგიყვეთ.
მთელი კვირით საქმეებით დატვირთულები ვცდილობთ, შაბათ-კვირის თავისუფალი დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ვსტუმრობთ ბავშვებთან ერთად ნაირ-ნაირ ადგილებს და შთაბეჭდილებების ზღვას ვაგროვებთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ:
იმისათვის, რომ ბავშვს ქაოსის შეგრძნება არ გაუჩნდეს, წინა დღის ისაუბრეთ, სად წახვალთ და რას გააკეთებთ შაბათ-კვირას. რაღაცები მომავლისთვისაც გადადეთ. ეცადეთ, ერთგვარი გეგმა შეადგინოთ. ამით ბავშვის ემოციურად გადატვირთვასაც აიცილებთ თავიდან და მას დაგეგმვის და დროის განაწილების საფუძვლებსაც აზიარებთ. დასვენების დღეების განხილვისას მოზარდები ბევრად უკეთ აცნობიერებენ თავიანთ სურვილებს.
ჭურჭლის სარეცხი მანქანა, სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი რობოტი და ა.შ. - სახლში აღარ რჩება საშუალება, თუ რაში დაეხმარონ ბავშვები მშობლებს. კარგია, რომ ცხოვრება გამარტივდა, მაგრამ გადის რამდენიმე წელი და უკვე აღშფოთებული ვამბობთ: „შენი ნაჭამის ალაგებაც არ გინდა, ლოგინსაც კი არ ასწორებ“. ფიზიკური შრომა სინამდვილეში ყველაზე დიდი ხსნაა ადამიანისათვის. იმ მომენტში, როცა ხელები შრომობენ, ტვინი სხვა რეჟიმში მუშაობს – ითვისებს და აანალიზებს დღის განმავლობაში შეგროვებულ ინფორმაციას. დღევანდელი ბავშვების გაზრდილი ემოციურობა და აგზნებადობა მხოლოდ მულტფილმებით და კომპიუტერული თამაშებით არ არის გამოწვეული, არამედ ელემენტარული სიზარმაცითაც. „შრომითი თერაპია“ პასუხისმგებლობის, მოთმინებისა და სიმშვიდის განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
როგორ მოვიქცეთ?
ინაწილებთ საქმეებს ოჯახში - რას გააკეთებს დედა, რას გააკეთებს მამა და რა საქმის შესრულება მოუწევს ბავშვს. თავისუფლად შეუძლია მაგიდის გადმოწმენდა, ყვავილების მორწყვა, თავისი სათამაშოების და გახდილი ტანსაცმლის სწორად დაწყობა. ასაკიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მისი შესასრულებელი საქმე მასთან შეათანხმოთ.
ჩვენ მოვალეობად მიგვაჩნია, რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ბავშვში . ამიტომ, უსასრულოდ დავატარებთ წრეებზე და გამუდმებით გავრბივართ: დილით სპორტი მოვასწორით, საღამოს - რობოტიკა. და რაც მთავარია, ამ აჩქარებულ ტემპში მხოლოდ ინსტრუქციების გაცემას ვახერხებთ ნორმალური საუბრის ნაცვლად: ეს ჩაიცვი, ის გააკეთე...
როგორ მოვიქცეთ:
მიეცით ბავშვს საუბრის, თავისი ამბების მოყოლის დრო და საშუალება. ნუ დაახრჩობთ კითხვებით. ლაპარაკობს? მოუსმინეთ, გამოხატეთ თქვენი ემოციები მისი ისტორიის მიმართ, თუ გასაოცარია, გაიოცეთ, აღტაცდით ან წუხილი გამოთქვით. მიეცით მის სათქმელს უკუკავშირი. მიაჩვიეთ, რომ მოყვეს ყველაფერი, როგორც სასიამოვნო, ასევე უსიამოვნო ამბები. ეს ჩვევა მას მომავალ ცხოვრებაშიც დაეხმარება.