ექიმი გიორგი ღოღობერიძე გადაცემაში "მთავარი დიაგნოზი" საუბრობს, რატომ უნდა დავასვენოთ ბავშვები სოფელში და რა სარგებელს მიიღებენ ისინი ამ გზით:
- თუ ახლა ფიქრობთ, სად უნდა წაიყვანოთ ბავშვი იმისათვის, რომ მას კარგად გაატარებინოთ დრო, მაშინ ეს რჩევები გამოგადგებათ - სოფელი, ამ კუთხით, ყველაზე კარგი ვარიანტია.
პირველ რიგში, აღვნიშნოთ საკვები - სოფლისა და ქალაქის საკვები ერთმანეთს ვერ შეედრება. დღევანდელ საკვებ პროდუქტებში ძალიან ბევრი ისეთი მავნე ნაერთია, როგორებიცაა ნიტრიტები და ნიტრატები. ეს არის ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში სიმსივნეებს, კერძოდ, ქალებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეს - სარძევე ჯირკვლის კიბოს, კაცებში - წინამდებარე ჯირკვლის კიბოსა და მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის სიმსივნეებს იწვევს. ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრია. ამიტომ, დაიმახსოვრეთ, თუ გინდათ ბავშვს სარგებელი მოუტანოთ, სოფლის საკვები, რომლებიც ნაკლებად შეიცავს იმ დანამატებს, რომლებიც ინდუსტრიაში გამოიყენება, უფრო ჯანსაღია მისი სხეულისთვის და უფრო მეტადაც წაადგება.
მეორე მნიშვნელოვანი სარგებელი სუფთა ჰაერი და ატმოსფეროა - ჰაერი, რომელიც თბილისში და ზოგადად, დიდ ქალაქებშია, ძალიან დაბინძურებულია. როგორ გინდა, ასეთ გარემოში ისუნთქო?! სოფელში, ტყესთან ახლოს, სადაც უამრავი ნაძვი, ფიჭვია - ეს ხეები ისეთ ნივთიერებებს გამოჰყოფენ, რომლებიც თავიანთი აგებულებით სალბუტამოლის მსგავსია. ეს მედიკამენტი კი მედიცინაში იმისათვის გამოყენება, რომ სასუნთქი გზები გავაფართოოთ. იმავეს გამოყოფენ ჩამოთვლილი მცენარეებიც. ასეთ გარემოში რომ ბავშვი დაისვენებს, მისი სასუნთქი გზები, ბრონქიოლები გაფართოებული იქნება, ბევრ ჰაერს ჩაისუნთქავს, სხეულში ჟანგბადის კონცენტრაცია ბევრი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი გამოცოცხლდება და ენერგია დაუბრუნდება. ამიტომაცაა, რომ სოფლისა და ქალაქის ბავშვები ფიზიკურად ერთნაირები ვერ იქნებიან.
სოფლის უზარმაზარი სივრცე ბავშვებს ფიზიკურ აქტივობაში ეხმარება. წარმოიდგინეთ, როცა ქალაქში, 4 კედელში ხართ მოქცეულნი - რა უნდა გააკეთოთ? თუ ბავშვი სოფელში გეყოლებათ, უზარმაზარი სივრცე ექნება, ბოსტანში, ყანაში, მოედანზე გაირბენს. ასეთ შემთხვევაში მისი ფიზიკური აქტივობა მის სხეულში ყველაფერს წაადგება - მათ შორის, გულს-სისხლძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას, იმუნურ სისტემას. ამიტომაცაა ხოლმე, რომ სოფლიდან ჩამოსული ბავშვი კაჟივითაა. ქალაქში ბავშვები ნაკლებად მოძრაობენ, წონაში იმატებენ. გოგონებში ყველაზე გავრცელებული ენდოკრინული დაავადება საკვერცხეების პოლიკისტოზია, რომელიც ჭარბ წონას უკავშირდება.
სოფელში ბავშვებს ერთად ყოფნისთვის მეტი დრო რჩებათ - კი, დღეს ქალაქში მეტ-ნაკლებად ყველანი სახლში ვართ, მაგრამ ან ტელეფონთან, ან ტელევიზორთან ვართ. სოფელში კი ერთმანეთისთვის მეტი დროა. ეს ენდორფინების უზარმაზარი წყაროა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბავშვები სოციალურად ვითარდებიან. სოციალური განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური და გონებრივი. სოციალური განვითარება ადამიანს დეპრესიის, შფოთვის, სტრესისკენ ნაკლებად მიდრეკილს ხდის. სტრესს ძალიან ბევრი დაავადება უკავშირდება. მაგალითად, არტერიული ჰიპერტენზია, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი და სხვა.
სოფელში წყალი გაცილებით სუფთაა. ის აბსოლუტურად ყველა იმ ელექტროლიტითაა მდიდარი, რომელიც ჩვენს სხეულს სჭირდება. სოფელში ინდუსტრიალიზაციის ხარისხი ძალიან ნაკლებია. ჩვენ დღეს ინდუსტრიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტყვიის შემცველობა ძალიან დიდია. გონებრივი უნარ-ჩვევების შემცირება, მეხსიერების გაუარესება, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი, შეკრულობა, გაღიზიანებადობა, სახსრებისა და კუნთების ტკივილი - ეს ჩივილები ხშირად ტყვიას უკავშირდება. ტყვია ბავშვის როგორც ნერვული სისტემის, ასევე მთლიანად სხეულის ჩუმი მტერია. სოფელში ტყვიის შემცველობა ბევრად უფრო დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ გონებრივი განვითარების ხარისხი უფრო მაღალი იქნება.
ასეთ ბავშვებს არა მარტო კარგად უვითარდებათ გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, ენდოკრინული, კუნთოვანი, ძვლოვანი სისტემა, არამედ ისინი სამყაროს სრულიად ახალი თვალითა და კუთხით ხედავენ.
გარემოს ცვლილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დეპრესიიდან, შფოთვიდან, სტრესიდან გამოსვლა შეეძლება. დღეს ჩაკეტილ, დახურულ სივრცეში ვცხოვრობთ, სადაც სამუშაოს გარდა არაფერი გვაქვს. ბავშვების შემთხვევაში კი ხშირად, სწავლის გარდა, არაფერია. სოფელში ჯაჭვი ირღვევა და ბავშვს შეეძლება, ამ ჯაჭვიდან გამოვიდეს.