ფსიქიატრი ქეთევან სილაგაძე გადაცემაში "ამ შაბათ-კვირას" შფოთვითი აშლილობის ნიშნებსა და გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს და ადამიანებს აძლევს რეკომენდაციას, თუ ვის უნდა მიმართონ, თუ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან:
- თანამედროვე ფსიქიატრიაში სიტყვა "ნევროზს" აღარ ვიყენებთ. მის ნაცვლად, "შფოთვით აშლილობას" ვანიჭებთ უპირატესობას. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში ამ ტერმინს შევხვდებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მცდარია. იმას, რასაც ჩვენ ყოველდღიურ ზეპირსიტყვიერებაში ვიყენებთ, უფრო "შფოთვითი აშლილობა" ჰქვია. ამიტომ, შევეცადოთ სწორი ტერმინები დავამკვიდროთ, რადგანაც ეს, გარკვეულწილად, ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს. შფოთვითი აშლილობა რაიმე კონკრეტული მდგომარეობა არ არის. მასში შედის შფოთვით-ფობიკური აშლილობები, მაგალითად, სოციალური ფობია. ჩავთვალოთ, რომ ნევროზი შფოთვითი აშლილობის სინონიმია, რომელიც არის ერთგვარი ქოლგა და ამ ქოლგის ქვეშ სხვადასხვა პათო-ფსიქოლოგიური მდგომარეობა ერთიანდება. მათ ერთი საერთო თვისება ახასიათებთ და ეს პათოლოგიური შფოთვაა. შფოთვითი მდგომარეობა, ალბათ, ყველას განუცდია. არსებობს ბუნებრივი, ფიზიოლოგიური, ნორმალური შფოთვა - მაგალითად, როდესაც გამოცდაზე მივდივართ. განგაში, მღელვარება, შიშის განცდა, წინასწარ გარკვეული საფრთხის მოლოდინი - ასეთ დროს სწორედ მსგავსი ნიშნები ვლინდება. ეს ნორმად ითვლება იქამდე, ვიდრე მსგავსი ნიშნები ადამიანში დისფუნქციას არ გამოიწვევს. როდესაც ადამიანის რეაქცია იმ სიტუაციის მიმართ, რომელშიც იმყოფება, შეუფერებელია, მაშინ დისფუნქციასთან გვაქვს საქმე. პათოლოგიური შფოთვა უკვე ყველა შფოთვითი აშლილობის ძირითადი პათოგნომური ნიშანია - პანიკური აშლილობის, გენერალიზირებული შფოთვითი აშლილობის, სტრესითა და ფსიქოტრავმით გამოწვეული შფოთვითი აშლილობების და ასე შემდეგ.
გამომწვევი მიზეზები მრავალფეროვანია: სტრესს, ძლიერ ფსიქოტრავმას შეუძლია ესა თუ ის შფოთვითი აშლილობა გამოიწვიოს. თუმცა, არ არის აუცილებელი, ცხადი გარეგანი რაიმე ნიშანი, გამომწვევი სტრესორი არსებობდეს. გარკვეულმა ბიოლოგიურმა ფაქტორებმა, რომლებსაც ვერ ვხსნით, შეუძლია, ეს პრობლემა გამოიწვიოს. შფოთვითი აშლილობა მართვადი და განკურნებადია და ის დღეს უკვე არანაირ განაჩენს არ წარმოადგენს. იმისთვის, რომ დავიწყოთ მკურნალობა, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორად და დროულად ამოვიცნოთ. ამის შემდეგ, ინდივიდუალური, პაციენტზე მორგებული და მის საჭიროებაზე ორიენტირებული მართვის გეგმა დგება.
ფსიქიატრმა ბავშვების შემთხვევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შფოთვითი აშლილობა შესაძლოა, ბავშვთა ასაკშიც გამოვლინდეს:
- ფსიქიკურ ჯანმრთელობაში პრაქტიკულად ყველა ის აშლილობა, რაც ზრდასრულებში გვხვდება, ბავშვებშიცაა აქტუალური. არაფრით არ შეიძლება ვთქვათ, რომ რადგან ბავშვია, მას შფოთვითი აშლილობა და დეპრესია არ დაემართება. ასე ნამდვილად არ არის. ეს შესაძლოა, სხვადასხვა სიმპტომით გამოვლინდეს.
შფოთვით აშლილობასა და პათოლოგიურ შფოთვას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს. ერთი, როგორც აღვნიშნე, ფსიქოლოგიური აგზნების მდგომარეობაა, რომელიც განგაშის, წინასწარ ცუდის მოლოდინს გულისხმობს, ადამიანს მოსდის ფიქრი, რომ რაღაც ცუდი მოხდება, ცუდად გახდება, გული წაუვა, მოკვდება, ტრაგიკულ გამოსავალს ხედავს იმ სიტუაციში , როდესაც ძალიან მწირია ის ფაქტები, რომლებიც მიუთითებს, რომ შესაძლოა, ეს მოხდეს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური გამოვლინებები. შფოთვას ფიზიკური შეგრძნებები აქვს. პრაქტიკულად, ყველა ორგანოთა სისტემის მხრივ შეიძლება, შფოთვითმა აშლილობამ გარკვეული სიმპტომატიკა მოგვცეს, იქნება ეს გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, ძვალ-სახსროვანი სისტემა თუ სხვა. მაგალითად, შეიძლება თუ, არა გამონაყარი შფოთვითმა აშლილობამ გამოიწვიოს - დიახ, შეიძლება. შესაძლოა, ორგანო, ცენტრალური ნერვული სისტემა დაზიანებული არ იყოს, მაგრამ ფუნქციურ დონეზე, ის, რაც უნდა შეასრულოს, შფოთვითი აშლილობის გამო დაქვეითდეს. თუმცა, პირველ რიგში, როდესაც ადამიანებს ფიზიკური ჩივილები აქვთ, სპეციალისტის მიერ რაიმე პათოლოგიის არსებობა უნდა გამოირიცხოს. ფსიქიკური პრობლემის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტს უნდა მივმართოთ. ეს შეიძლება იყოს ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი, კლინიკური ფსიქოლოგი.
ქეთევან სილაგაძემ ასევე გააკეთა აქცენტი იმაზეც, თუ როგორი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს იმ ადამიანებთან, რომლებსაც შფოთვითი აშლილობა აწუხებთ:
- ხშირად გვინდა დახმარება, მაგრამ ისეთია ჩვენი ტექსტი, მოწოდება, რომ საყვარელ ადამიანებს დათვურ სამსახურს ვუწევთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, პირველ რიგში, მხარდაჭერა გამოვხატოთ და არ დავსვათ შეკითხვები. მაგალითად: "რატომ ხარ ასე?! რა გჭირს?!" ადამიანი, როდესაც შფოთავს, ზედმეტი შეკითხვები საზიანოა. "თავი ხელშიაიყვანე" - ეს არის საოცარი ფრაზა, რომელსაც სპეციალისტები ვებრძვით. დიაბეტის მქონე ადამიანს ხომ არასოდეს ვეუბნებით, რომ პანკრეასი ხელში აიყვანოს, ზუსტად იგივეა, რომ ადამიანს უთხრა - "ნუ შფოთავ", "ასეთი კარგი გოგო ხარ და რა გჭირს შენ საშფოთი და სადეპრესიო?!"