ხშირად საუბრობენ, რომ ჭარხლის წვენი სიმაღლეში ზრდისთვის საჭირო პროდუქტია და ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. თუმცა, ის ფაქტი, რომ აღნიშნული წვენი მართლა იწვევს, თუ არა სიმაღლეში ზრდას, მეცნიერულად დადასტურებული არ არის. გადაცემა "იმედის დღის" ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, ამ კუთხით, ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ. თუმცა, იქამდე მიმოიხილეს ოფიციალური კვლევა, რომლის მიხედვითაც, ის სპორტსმენები, რომლებიც ჭარხლის წვენს შეჯიბრებამდე სვამდნენ, შედეგებს აუმჯობესებდნენ.
ჭარხლის წვენი ბუნებრივი დოპინგია - აღნიშნული დასკვნა ექსეტერას უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევის შედეგად გამოიტანეს. რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლევარები აკვირდებოდნენ სპორტსმენებს, მათ მიღწევებს ჭარხლის წვენის მიღების შემდეგ და მის გარეშე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სპორტსმენები, ჭარხლის მიღებიდან რამდენიმე საათში, საშუალოდ 16%-ით აუმჯობესებდნენ შედეგებს.
ექსეტერას უნივერსიტეტის პროფესორი, ენდრიუ ჯონსი ამბობს: "ჭარხლის წვენი, ისევე, როგორ მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, მაგალითად, ისპანახი, რუკოლა, ბუნებრივად შეიცავს ქიმიკატს, ნიტრატს. როდესაც ის ორგანიზმში ხვდება, აზოტის ოქსიდად გარდაიქმნება, შედეგად ფართოვდება სისხლძარღვები, ქვეითდება არტერიული წნევა. 2010 წლიდან ვაკვირდებოდით, თუ რა გავლენა აქვს ჭარხალს სპორტსმენების მიღწევებზე. გაგვაოცა იმ შედეგებმა, რაც ამ პროდუქტის მიღებისას აღმოავაჩინეთ. მას გავლენა აქვს კუნთის უჯრედებზე. კერძოდ, მის სიძლიერეზე დადებითად მოქმედებს. შეიძლება ითქვას, რომ ჭარხალი ბუნებრივი დოპინგია. თუ მის წვენს შეჯიბრებამდე 2-3 საათით ადრე მიირთმევთ, წარმატების ალბათობა იზრდება. ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ სპორტსმენებს, მიიღონ ჭარხლის წვენი 3 საათით ადრე, სანამ მატჩი, ან რბოლა დაიწყება."
როგორც აღინიშნა, ექსპერიმენტი "იმედის დღის" გუნდმაც ჩაატარა. მათ 3 სპორტსმენს სთხოვეს, 1 ჭიქა ჭარხლის გამოწურული წვენი დაელიათ და 800 მეტრი, ანუ სტადიონის 1 წრე ერბინათ. შედეგების შესადარებლად კი, მათი საუკეთესო მაჩვენებლები აიღეს. 2-მა მორბენალმა საკუთარი საუკეთესო შედეგი გააუმჯობესა. ერთმა კი საუკეთესოსთან მიახლოებული შედეგი აჩვენა, რაც, ჟურნალისტის თქმით, იძლევა იმის აღნიშვნის საშუალებას, რომ ჭარხლის წვენი მართლაც ეფექტურია და სპორტსმენების წარმატებაზე დადებითად მოქმედებს.
ის, რომ ჭარხლის წვენი სპორტული შედეგებისთვის და მაღალწნევიანი პაციენტებისათვის ეფექტურია, უკვე მეცნიერულადაა დადასტურებული. თუმცა, ჭარხლისა და სიმაღლეში ზრდის კავშირზე კვლევები არ არსებობს. ამიტომაც, ჟურნალისტებმა კვლავ გადაწყვიტეს, ექსპერიმენტი ჩაეტარებინათ. მათ თეატრალური სტუდიის 10 მოსწავლე შეარჩიეს და სათითაოდ გაზომეს. შემდეგ სთხოვეს, რომ ყოველდღიურად თითო ჭარხლის, ვაშლისა და სტაფილოსაგან გამოწურული წვენი მიეღოთ. ექსპერიმენტის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ შედეგები გადაამოწმეს. იგივე ბავშვები ხელმეორედ გაზომეს და აღმოაჩინეს, რომ 10-დან 9 ბავშვი 2 სანტიმეტრით გაიზარდა, 1 კი - 1 სანტიმეტრით. ეს დამთხვევაა, თუ მართლა შეიძლება ჭარხლის წვენმა სიმაღლეში ზრდა გამოიწვიოს, გადასამოწმებლად ჟურნალისტებმა ენდოკრინოლოგ ნინო ხელაძეს მიმართეს:
"ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული, ჯადოსნური რეცეპტები არ არსებობს. ჭარხალი მართლა რაიმე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს, თუ არა სიმაღლეში ზრდაზე, მნიშვნელოვანი კვლევა არ ჩატარებულა."
ჭარხალი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია, მასში მრავლადაა წარმოდგენილი ვიტამინებიც და მინერალებიც. თუმცა, ამ პროდუქტის განსაკუთრებულ თვისებას უჯრედისი წარმოადგენს. პექტინი, რომელიც პროდუქტში ხარშვისას წარმოიქმნება, დადებით ზეგავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე. თუმცა, მოხარშული ჭარხალი, უმთან შედარებით, კალორიულია. რადგან, ხარშვისას აღნიშნული პროდუქტის გლიკემიური ინდექსი იზრდება
ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა ამბობს: "რაც უფრო მაღალია პროდუქტის გლიკემიური ინდექსი, უფრო სწრაფად ხდება მისი შეწოვა. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანს არ სურს, რომ წონაში მოიმატოს, ან სისხლში გლუკოზის დონე მოემატოს, მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტებს მაქსიმალურად უნდა აარიდოს თავი."