კანზე არსებული სხვადასხვა ნიშნითა და ზოგადი მდგომარეობით ადამიანს შეუძლია, დაახლოებით განსაზღვროს, ჯანმრთელობის რა პრობლემები აქვს. ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" რამდენიმე გავრცელებულ დერმატოლოგიურ პრობლემას განიხილავს და აღნიშნავს, რაზე შეიძლება მეტყველებდეს ხელის მტევნებზე, სახესა თუ სხეულის სხვა ნაწილზე გამონაყარი და დაზიანება:
- ე.წ. დოლისჯოხისებრი თითები შეიძლება, სხვადასხვა დაავადების შედეგი იყოს. გამომწვევი შესაძლოა, ინფექციური ენდოკარდიტი, ანუ გულის ინფექციური დაავადება იყოს. ასევე, ფილტვის დაავადებები, ცისტური ფიბროზი და ასე შემდეგ. მსგავსი დაავადებების დროს პაციენტს სხვადასხვა ჩივილი აქვს და ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი დოლისჯოხისებრი თითებია. ამიტომ, სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია. ხელის მტევანი დეფორმაციას ინდივიდუალურ დროში განიცდის- შესაძლოა, 1 კვირა დასჭირდეს, 1 თვე და ასე შემდეგ.
თვალის კუთხეებში ქსანთელაზმები, ყვითელი ფერის ბრტყელი ცხიმგროვები ბევრს აწუხებს. ეს შესაძლოა, ქოლესტერინის დარღვევით იყოს განპირობებული. კერძოდ კი, ადამიანის ორგანიზმში ქოლესტერინის დონის მომატებას უკავშირდებოდეს. ამიტომ, როდესაც ქსანთელაზმა გვხვდება, პაციენტს უნდა ვურჩიოთ, რომ ქოლესტერინის დონე გამოიკვლიოს.
სარკოიდოზი - ეს არის სისტემური ანთებითი დაავადება, როდესაც გრანულომატოზური ქსოვილების ჩალაგება სხვადასხვა ადგილში ხდება. სარკოიდოზი ყველაზე ხშირად ფილტვს აზიანებს. თუ ადამიანს მსგავსი ტიპის გამონაყარი აქვს, გულ-ფილტვის, გულმკერდის რენტგენოგრაფიის გაკეთებაა რეკომენდებული. სარკოიდოზი კანის სხვა დაავადებებს ძალიან ჰგავს. ამ შემთხვევაში, სწორ გამოკვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
სტაზური დერმატიტი - როგორც წესი, ეს სისხლძარღვოვან პრობლემას უკავშირდება. ვენური სისხლის უკუმიდინების შეფერხება ხდება და პრობლემა დგება. ასევე შესაძლოა, გამოწმვევი ჭარბი წონა, უმოძრაო ცხოვრების წესი იყოს. ასეთ შემთხვევაში, წვივებსა და ტერფებზე კანის ფერი იცვლება, შემდეგ თან ერთვის შეშუპება. შორს წასულ სტადიებში შეიძლება წყლულები და ეროზიები განვითარდეს, კანის მთლიანობაც დაირღვეს და სერიოზული პრობლემები მივიღოთ. გამომწვევ მიზეზს უნდა ვებრძოლოთ. ამიტომ, საჭიროა ხოლმე, პროცესში ანგიოლოგიც ჩაერთოს.
ენტეროპათიული აკროდერმატიტი, როგორც წესი, ჩვილებში, ან ხანშიშესულებში გვხვდება. დამერწმუნებით, კანის სხვა დაავადებებს ჰგავს და ეს თუთიის ნაკლებობაზე მიუთითებს. პრობლემის მოსაგვარებლად კი ორგანიზმში თუთიის დონის შევსებაა.
ჰერპესის მაგვარი დერმატიტიც ვიზუალურად ძალიან ჰგავს სხვა დაავადებებს. სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის დაავადების კვლევის ოქროს სტანდარტი არ არსებობს. ეს გლუტენის აუტანლობითაა გამოწვეული. როგორც წესი, იდაყვის გამშლელ ზედაპირებზე, მუხლებზე, დუნდულებზე, ზურგზე, კეფის არეში გვხვდება გამონაყარი. მას ძალიან ძლიერი ქავილი ახასიათებს.
პორფირია უპირატესად გვხვდება იმ ადგილებში, სადაც მზის სხივების პირდაპირი დანათებაა. ესენია, როგორც წესი, ხელის მტევნები და სახის არე. ენზიმის ნაკლებობითაა გამოწვეული და გენეტიკური მუტაციის შედეგია. თუ სწორად არ დავსვით დიაგნოზი, პაციენტმა შესაძლოა, მიზეზს ვერ მიაგნოს.
იღლიებში, იდაყვებზე, მუხლებზე სიშავეს შავი აკანტოზი იწვევს. თუმცა, კანის გამუქება შესაძლოა, სხვა პრობლემებმაც გამოიწვიოს. მაგრამ, შავი აკანტოზი ყველაზე ხშირად სიმსუქნესთან, ჭარბ წონასთან, ინსულინ რეზისტენტობასთან და დიაბეტთანაა დაკავშირებული. ეს დაავადებები კანზე მსგავს გამოვლინებებს იწვევს.
ლიპოიდური ნეკრობიოზიც ყველაზე ხშირად წვივებზე გვხვდება. ის უხშირესად შაქრიანი დიაბეტის არსებობასთანაა დაკავშირებული და ასეთ დროს, ენდოკრინოლოგის ჩართულობაც აუცილებელია.