ეს ჩანაწერი პედაგოგმა და ექსპერტმა მაია მენაბდემ გამოაქვეყნა და ძალიან ბევრი პედაგოგის გულისტკივილი გამოხატა. სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:
"ხშირად გამიგონია სხვა პროფესიის ადამიანებისაგან, შენატვრითა და ზოგჯერ დაყვედრება-დამუნათებით ნათქვამი, თქვენ რა გენაღვლებათ, დიდხანს ისვენებთო. რატომ სჭირდებათ მასწავლებლებს შედარებით ხანგრძლივი დასვენება?
ამას, ჩემი აზრით, რამდენიმე სერიოზული მიზეზი აქვს:
გამიგრძელდა, მაგრამ რას მოვაყოლე ეს ყველაფერი, იმასაც გეტყვით:
მოიტანა გარემოებამ და გარდა იმისა, რომ მასწავლებელი ვარ (უპირველეს ყოვლისა!), მეც მეგზური, ექსპერტი ვარ და პედაგოგების დამხმარედ თუ შემმოწმებლად თუ მწამებლად ვიქეცი. ხშირად მომმართავენ მასწავლებლები კითხვებით - მორიდებით, ბოდიშებით, წინასწარმადლობებით.
დამხვდა მესინჯერში ერთ-ერთი მასწისგან მორიგი კითხვა. მივხვდი, სტატუსის ამაღლების ორომტრიალში იყო ჩართული. ამ ადამიანის მეგზური ვიყავი. მე რასაც ვუყურებ დისტანციურად თუ არადისტანციურად, სულ ფუსფუსშია, სულ რაღაცას აკეთებს, სულ ცდილობს, მეტი მიიტანოს ბავშვებთან. ერთი პატარა, კოკროჭინა სკოლის მასწია და მისი ყოველი გაკვეთილი, ფაქტობრივად, ამ სოფლის სკოლის არსებობის შენარჩუნების ტოლფასია.
მონაწერი რომ ვნახე, გვიანი იყო. ძალიან პასუხისმგებლობიანი და განცდიანი ადამიანია და ვიფიქრე, ხვალ დავურეკავ, დავამშვიდებ, ერთ-ორ სასარგებლო რჩევასაც მივცემ-მეთქი.
მოვძებნე დილით ნომერი და დავურეკე, მიცნო, გაუხარდა, გავცვალეთ რამდენიმე წინადადება.
ყველაფერი კი ნამდვილად ჩემი გაკეთებულია, მაგრამ რა ვქნა, იქ რომ ვერ ვილაპარაკო, რა მეშველებაო (არადა, ფართო აუდიტორიასთან საუბრის გამოცდილებაც არაერთხელ ჰქონია)?! ახლა სკოლა ავტორიზაციის პროცესშია, ისეთი აფორიაქებული, დატვირთული, დაძაბული დღეები გადავიტანეთ, აღარაფრის ძალა აღარ მაქვს. გუშინ სახლში რომ მოვედი და ამბავი დამახვედრეს, დარეკეს, სტატუსის ასამაღლებლად გასაუბრება დაგინიშნესო, ბოდიშს გიხდით, ამას რომ გეუბნებით, ქალბატონო მაია, მაგრამ დავჯექი და ბავშვივით ვიტირეო...
ჩემზე უფროსმა, ჩემზე გამოცდილმა, ფუსფუსა, საქმის მთელი პასუხისმგებლობით მკეთებელმა მასწავლებელმა ბავშვივით იტირა - მუდმივად სტრესში ყოფნის გამო, შეფარული თუ შეუფარავი უნდობლობისა და საზოგადოებისთვის გამუდმებით რაღაცის მტკიცების გამო, არდამდგარი ზაფხულის გამო დაღლილმა მასწმა! თან ბოდიში მომიხადა! მესმის-მეთქი, ესღა წავილუღლუღე. მართლა მესმის და ისიც ვიცი, კიდევ ბევრია მის დღეში.
ჰოდა, ძვირფასო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, მე, რიგით მეგზურსა და ექსპერტს, თუ მკითხავთ, მასწავლებლებისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დასვენება, ავტორიზაციასაც თავისი დრო აქვს და სექტემბერში, თუნდაც სტატუსამაღლებული და ორასლარმომატებული, მაგრამ ისევ დაღლილი მასწავლებელი ვერაფერს მიიტანს სასიკეთოს ბავშვებთან. პატივისცემით, ასევე მეტისმეტად დაღლილი მასწავლებელ-მეგზურ-ექსპერტი".