"სოფელში დასვენება იდეალური ვარიანტია და არაჩვეულებრივად ჩაანაცვლებს ძვირად ღირებულ კურორტებს" - რჩევები მშობლებს საზაფხულო არდადეგებისათვის - მშობლები

"სოფელში დასვენება იდეალური ვარიანტია და არაჩვეულებრივად ჩაანაცვლებს ძვირად ღირებულ კურორტებს" - რჩევები მშობლებს საზაფხულო არდადეგებისათვის

2023-07-13 11:06:02+04:00

პედიატრი თამარ ობგაიძე "შუადღის" ეთერში საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს ბავშვებისათვის სუფთა ჰაერზე დასვენებას, აქვს თუ არა სოფლად წაყვანას ისეთივე ეფექტი, როგორსაც ცნობილი კურორტები იძლევა და რა შეიძლება გააკეთონ იმ მშობლებმა, რომლებსაც შვილები ქალაქიდან ვერ გაჰყავთ:

- რას ველით, როცა ბავშვი კურორტზე, თუ სოფლად მიგვყავს? პირველ რიგში, ეს არის სუფთა ჰაერი, რაც დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით კი თბილისში, პრობლემურია. ასევე, უსაფრთხო გარემო, კარგი საკვები, შეძლებისდაგვარად, სასუქებისა და პესტიციდების გარეშე და განვითარების ხელშეწყობა. ხშირად მშობლებს ახალშობილებზე აქვთ ხოლმე შეკითხვა, რამდენად შეიძლება წაყვანა. ასეთი აკრძალვა, რომ არ წავიყვანოთ, არ არის, თუმცა ახალშობილობის პირველ დღეებში, სანამ ადაპტაციის პერიოდს გაივლის, ჯობს, 1-2 კვირა მაინც იყოს იმ გარემოში, სადაც დაიბადა. ადრე გვასწავლიდნენ, რომ 21 დღე დასვენება იყო საჭირო - პირველი კვირა გარემოსთან ადაპტაციისათვის, ხოლო დარჩენილი 2 კვირა დასვენებისთვის. თუმცა, თანამედროვე ლიტერატურას რომ გადახედოთ, იქ ასეთი მიდგომები არ არის. რამდენიმე დღით მაინც რომ გაიყვანოთ ბავშვი დიდი ქალაქიდან სუფთა ჰაერზე, სადაც ბევრი ჟანგბადია, მნიშვნელოვანია. ბევრი ჟანგბადი კი ყველაზე მეტად მთიან ადგილებში, მთიან კურორტებზეა. მთავარია, სუფთა ჰაერი და უსაფრთხო გარემო იყოს - ამ პირობების გათვალისწინებით, ზღვაზეც შეიძლება წავიყვანოთ ბავშვი და მთაშიც.

რამდენად შეუძლია სოფელს ცნობილი კურორტები ჩაანაცვლოს:

- არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებსაც ცნობილი, პოპულარული კურორტები მოსწონთ და იქ დასვენებისა და გაჯანსაღების მართლაც ძალიან კარგი საშუალებებია. მაგრამ, არ დაგვავიწყდეს, რომ სოფელი, თუ იქ სუფთა ჰაერია, მით უმეტეს, თუ მთიან ადგილასაა, ბავშვის დასვენებისა და გაკაჟებისათვის იდეალური ვარიანტია. მშობლები ხშირად მეუბნებიან: "სოფლად მცხოვრები ბავშვები უფრო ჯანმრთელები არიან და უფრო იშვიათად ავადობენო." იცით რატომ? - ე.წ. ჰიგიენური თეორია არსებობს, რომელიც ამბობს, რომ ადრეული ასაკიდანვე რაც უფრო ხშირად აქვს ბავშვს სხვადასხვა ანტიგენთან, ცხოველთან, ბაქტერიასთან შეხება, უფრო ჯანმრთელადაა. რასაკვირველია, ჰიგიენური ნორმები აუცილებლად უნდა დავიცვათ და არავის მოვუწოდებ, რომ ხელი არ დაიბანონ, ან ბავშვს ჭუჭყიანი საკვები მისცენ. ე.წ. ჰიგიენურ თეორიას ბევრი მომხრე ჰყავს. სოფლად დასვენების იდეალური პირობებია. მიეცით ბავშვებს საშუალება, ირბინონ, მზის სიკეთეები გამოიყენონ, მიწას, ბალახს შეეხონ, ჰქონდეთ ცხოველებთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით. სოფლად უფრო ადვილია, სუფთა საკვები პროდუქტი ვიპოვოთ. ამიტომ, თუ გაქვთ საშუალება, რომ ბავშვი სოფლად წაიყვანოთ, ეს იდეალური ვარიანტია და არაჩვეულებრივად შეცვლის ძვირად ღირებულ კურორტებს, რომლებზეც ძალიან ხშირად გვწყდება ხოლმე გული.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვი ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირდეს:

- პირველ რიგში, მისი საყვარელი სათამაშოები და ის ნივთები წაიღეთ, რომლებიც მისთვის ძალიან ძვირფასია. თუ ის სხვა ოთახში იძინებს, მარტო არ დატოვოთ, სანამ არ დაიძინებს. დაახლოებით, ერთ კვირაში ის არაჩვეულებრივად ადაპტირდება. თუ მშობელი სოფლად ბებია-ბაბუასთან აპირებს შვილის ჩაყვანას და დატოვებას, ბავშვმა ამის შესახებ აუცილებლად წინასწარ უნდა იცოდეს. გარდა ამისა, ადრეულ ასაკში ბავშვისთვის სენსორული განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ყველა გრძნობათა ორგანოს განვითარებას ნიშნავს. ბუნებასთან კონტაქტი კი ამისთვის არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა.

თუ მშობელს ბავშვი ქალაქიდან ვერ გაჰყავს:

- ხანგრძლივად სუთა ჰაერზე გაჩერება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მაგრამ, თუ ამის საშუალება არ არის, ქალაქის რეკრეაციული ზონები, ტბები იდეალური ვარიანტია მომუშავე მშობლებისათვის, რომლებსაც პატარები ქალაქიდან ვერ გაჰყავთ.