ჩაშავებული უპეების პრობლემა ადამიანებს ხშირად აქვს. დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ყველაზე ხშირ მიზეზებსა და მოგვარების გზებზე საუბრობს:
- ეს დერმატოლოგიური პრობლემაა, რომელსაც შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს. პირველ რიგში, მიზეზი შეიძლება გენეტიკური ფაქტორი იყოს, რომელიც არამოდიფიცირებადი პროცესია და ვერაფერს ვუზამთ.
მეორე მიზეზი შეიძლება უძილობა, ძილისა და ღვიძილის ფაზების დარღვევა იყოს. თუ, მაგალითად, ადამიანს ღამე ღვიძავს და დღის განმავლობაში სძინავს, ან 6 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით სძინავთ, აღნიშნული პრობლემა ამანაც შეიძლება, გამოიწვიოს.
თამბაქოს მოხმარება ფსიქო-ემოციური ფონი, სტრესი, შფოთვა - ასევე შეიძლება თვალების ჩაშავების მიზეზი გახდეს.
როდესაც ჩაშავებულ თვალებზე ვსაუბრობთ, როგორც წესი, ეს მიზეზებია. მკურნალობა რთულია. ოქროს სტანდარტი, ან ოქროს პრეპარატი მსგავსი ტიპის პრობლემის აღმოსაფხვრელად, სამწუხაროდ, არ არსებობს. გენეტიკური ფაქტორის გარდა, სხვა ჩამოთვლილი მიზეზების მოგვარების შემდეგ, შესაძლოა, ჩაშავებული უპეების პრობლემა დავარეგულიროთ.