ელვის პრესლის ქალიშვილი ლიზა-მარია 54 წლის ასაკში 12 იანვარს გარდაიცვალა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისი გარდაცვალების მიზეზად გულის გაჩერება სახელდებოდა. აღინიშნავდნენ, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქალს გულის არეში ტკივილები უგრძვნია და ფეხზე დგომაც უჭირდა, მაგრამ ბოლომდე გაურკვეველი იყო, რამ ასე ძლიერად იმოქმედა მის ჯანმრთელობაზე. გარდაცვალებამდე ლიზა-მარია ოქროს გლობუსის ცერემონიას დაესწრო დედასთან ერთად. მაშინაც კი დამსწრეებმა აღნიშნეს, რომ ცნობილი მომღერლის ქალიშვილი კარგად არ იყო და ხელის შეშველების გარეშე ვერ გაძლებდა.
და აი, სიმართლე თვეების შემდეგ დადგინდა. ლიზა-მარია პრესლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის შემდეგ, ლოს-ანჯელესის ოლქის სასამართლომ საბოლოოდ გამოაცხადა სიკვდილის რეალური მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ყველაფრის მიზეზი წვრილი ნაწლავის გაუვალობით გამოწვეული სერიოზული გართულებები გახდა, რაც წონის დასაკლებმა საშუალებებმა გამოიწვია. დადასტურებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ერთი კვირის განმავლობაში ვარსკვლავს კუჭის პრობლემები ჰქონდა, რაც „წონის დასაკლები წამლების“ მიღების შემდეგ დაეწყო. მანამდე კი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა. სამწუხაროდ, გახდომის სურვილი ლიზა-მარიასთვის საბედისწერო აღმოჩნდა.
ექსპერტიზის მოხსენებაში ნათქვამია, რომ წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია "გამოწვეული იყო ადჰეზიებით, რომელიც წონის დასაკლები პროცედურების შემდეგ გაჩნდა. ამის შემდეგ ელვის პრესლის ქალიშვილს მუცლის ტკივილები აწუხებდა. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ქალს „რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა მუცლის ტკივილი", მაგრამ სამედიცინო დახმარებისთვის არ მიუმართავს. მას ასევე ჰქონდა "მძიმე მეტაბოლური აციდოზი და მჟავის დაგროვება ორგანიზმში თირკმელების დაავადების ან უკმარისობის გამო". გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ლიზა-მარია "სიცხეს, გულისრევას და ღებინებას უჩიოდა“ - აღნიშნულია ანგარიშში.