უიმბლდონის ფინალზე ბრედ პიტის გამოჩენას მართლაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ცნობილი მსახიობი გაი რიჩის გვერდით იჯდა და ემოციურად ადევნებდა თვალს თამაშს. 59 წლის ასაკში ბრედ პიტი იდეალურად გამოიყურება და ხუმრობდნენ კიდეც სოციალურ ქსელში, რომ თუ მსოფლიოს მამაკაცები ჩოგბურთის თამაშს ადევნებდნენ თვალს, ქალები ბრედ პიტის თვალიერებით იყვნენ დაკავებული.
მას მერე, რაც ანჯელინა ჯოლის დაშორდა, ბრედმა ალკოჰოლზე დამოკიდებულებისგან თავის დასაღწევად რეაბილიტაცია გაიარა და ძალიან კარგად გამოიყურება. ფილმებშიც მუდმივად იღებენ და ჩვეულად აგრძელებს ვარსკვლავურ ცხოვრებას. სანამ ის და ენჯი ქონების გაყოფაზე თუ შვილებზე მეურვეობაზე დავობენ, მათი კარიერა ჩვეულად მიედინება. თუმცა ამბობენ, რომ ენჯის სახეზე ბევრად მეტი კვალი დატოვა სტრესებმა და კონკრეტულად - განქორწინებამ.
48 წლის ანჯელინა ჯოლის განქორწინების გარდა, ბოლო წლებში ყველაზე საყვარელი ადამიანის - დედის გარდაცვალების გადატანა მოუწია. გარდა ამისა, საკვერცხეები და სარძევე ჯირკვლები მოიკვეთა, რათა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების შესაძლებლობა გამოერიცხა. ამ ყოველივემ მის გარეგნობაზეც იმოქმედა და გარკვეულ ხანს მსოფლიო მსჯელობდა უკიდურესად გამხდარ ვარსკვლავზე, ასევე მომრავლებულ ნაოჭებზე მის სახეზე.
თავად ამბობდა, რომ მთავარია, მისი და მისი ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობა, სხვა არაფერზე ღელავდა. ისიც აღიარა ერთ-ერთ ინტერვიუში, რომ დიდი ხანია აქვს ნერვული დაავადება, რომელიც პერიოდულად სახის კუნთების დამბლას იწვევს...
თუმცა ბოლო პერიოდში ენჯიც ჩადგა ფორმაში. ამბობენ, რომ ნემსებით ჩაიტარა თერაპია, კოსმეტიკური პროცედურები. ემოციურადაც შედარებით დამშვიდდა - შვილები წამოიზარდნენ, სანერვიულო და სადარდებელი მოაკლდა და უკეთ გამოიყურება.
თუმცა მსოფლიო მაყურებელს ისევ ენატრება ცნობილი და ულამაზესი წყვილი, რომელიც ჰოლივუდს მოაკლდა მისი და ბრედ პიტის სახით.