ყავის დალევა ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყოველდღიური რუტინის განუყოფელი ნაწილია. ალბათ, მშობლებს ერთხელ მაინც ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც პატარა შვილი მათთან მიდის და სთხოვს, რომ ცოტა ყავა მოასმევინოს, გაასინჯოს, ცალკე ფინჯანში დაუსხას თუ სხვა. ზოგიერთი მშობელი ამ თხოვნაზე თანხმდება.
თუმცა, პედიატრები და ჯანდაცვის სპეციალისტები უფროსებს ურჩევენ, რომ ბავშვებს კოფეინის შემცველი, გაზიანი, ენერგეტიკული სასმელების მიღების უფლება არ მისცენ.
2015 წელს ბოსტონში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული ქალების 24%-მა ორი წლის შვილს ნება დართო, რომ დღეში რამდენიმე ყლუპი ყავა დაელია. იმავე კვლევამ გამოკვეთა, რომ დედების 2,5% ყავას ერთი წლის ბავშვებს ასმევდა, რასაც სპეციალისტები დაუშვებლად მიიჩნევენ.
ამერიკის პედიატრთა აკადემია მშობლებს კატეგორიულად მოუწოდებს, რომ 12 წლამდე ბავშვებს ყავა არ დაალევინონ, არ მისცენ ენერგეტიკული სასმელების დალევის უფლება. ხოლო, 12-დან 18 წლამდე მოზარდებმა მათი მიღების რაოდენობა დღეში 100 მილიგრამამდე უნდა შეამცირონ.
Consumer Reports-ის კვლევამ აჩვენა, რომ ენერგეტიკულ სასმელებში, დაახლოებით, 250 მილიგრამი კოფეინია. 1 ჭიქა ჩაი შესაძლოა, 47 მილიგრამ კოფეინს შეიცავდეს. დიეტურ კოკა-კოლაში კი 46 მილიგრამია. კოფეინია შოკოლადშიც, თუმცა მისი რაოდენობა კაკაოს შემცველობაზეა დამოკიდებული. კოფეინი გვხვდება საღეჭ რეზინებში და ასე შემდეგ. ამიტომაც, მშობლებს ამ მიმართულებითაც ყურადღების გამოჩენას ურჩევენ და სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავსი პროდუქტების მიღება მკაცრად შეზღუდული უნდა იყოს.
კოფეინის მცირე რაოდენობაც კი, რომელიც ზრდასრულისთვის შესამჩნევიც არ არის, ბავშვისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს. კოფეინს შეუძლია აჩქაროს გულისცემა და გაზარდოს არტერიული წნევა, გამოიწვიოს შფოთვა და ძილის დარღვევები.
ის ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ თავის ტკივილები, აქვთ გულის პრობლემები, ოფეინის სულ მცირე რაოდენობაზეც კი შესაძლოა, განსაკუთრებით მგრძნობიარეები იყვნენ და ამან პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავოს. მეტიც, სპეციალისტები გირჩევენ, რომ ასეთ დროს გაზიანი სასმელებიც განსაკუთრებული შეზღუდვითა და სიფრთხილით გამოიყენოთ.
ბავშვებს უფროსების მიბაძვა ძალიან უყვართ. ამიტომაც, ბევრი მშობელი ვერ უძლებს, როცა პატარები მათთან მიდიან და ძალიან სთხოვენ, რომ ცოტა ყავა გაასინჯონ. ფიქრობენ, რომ ერთი-ორი ყლუპი ყავით ბავშვს არაფერი მოუვა. ფიქრობს, რომ ამ რაოდენობის ყავას არ შეუძლია, მას ზიანი მიაყენოს, თუმცა, როგორც ექიმები ამბობენ, მსგავსი ქცევა ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას იწვევს და წლებთან ერთად ბავშვებს როგორც ყავის, ასევე გაზიანი, ენერგეტიკული თუ კოფეინის შემცველი სხვა სასმელების დალევის სურვილი სულ უფრო მეტად გაუჩნდებათ.
პრობლემაა ისიც, რომ დაფასოებულ ყავებში, რომლებსაც აწერია, რომ რძიანია, სხვა ბევრი დანამატი და არაჯანსაღი ნივთიერებაა, გამოირჩევიან შაქრის მაღალი შემცველობით და ეს საზიანოა არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ უფროსებისთვისაც.
დადგენილია, რომ კოფეინი ტვინის მკვეთრ აქტივაციას იწვევს და სიფხიზლეს ზრდის. თუკი თქვენი შვილი დაღლილია, უენერგიობას უჩივის, აუცილებელია ექიმს მიმართოთ და ბავშვის უენერგიობის მიზეზი დაადგინოთ.
ასევე, გახსოვდეთ, რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, კოფეინის უარყოფით გავლენა მის ჯანმრთელობაზე უფრო მეტადაა გამოხატული და შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ტაქიკარდია, არამედ გულთან დაკავშირებული გაცილებით სერიოზული პრობლემები.