რა სიღრმის აუზია დაშვებული სხვადასხვა ასაკში: "გასაბერი ჟილეტები იცავს, მაგრამ..." - მშობლები

რა სიღრმის აუზია დაშვებული სხვადასხვა ასაკში: "გასაბერი ჟილეტები იცავს, მაგრამ..."

2023-07-25 12:22:39+04:00

ზაფხულის სეზონზე, მაშინ, როცა გარეთ ჰაერის მაღალი ტემპერატურაა, ბევრი მშობელი ცდილობს, შვილებს გაგრილების საშუალება მისცეს. ამ მიზნით, ბავშვები ზღვაზე, მდინარეზე, აუზზე მიჰყავთ. თუმცა, არსებული რისკები და საფრთხეებიც გასათვალისწინებელია. წელს არაერთი შემხვევა გახმაურდა, როცა ბავშვი აუზში ან მდინარეში ჩავარდა და გადარჩენა დასჭირდა.

რა ასაკიდან შეიძლება ბავშვი ცურვაზე შეიყვანოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს სპორტი მისი ჯანმრთელობისათვის, ასევე, რა უნდა გაითვალისწინოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ საფრთხე თავიდან აირიდოთ - აქტუალურ თემაზე საქართველოში ცურვის განვითარების მენეჯერი, დავით გელაშვილი გვესაუბრება:

- ბავშვის ცურვაზე შეყვანა ადრეული ასაკიდან, 4-5 წლიდანაა რეკომენდებული. ცურვა ჯანმრთელობისთვის ნომერ პირველი სპორტია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხეულის ჩამოყალიბებისა და ბავშვის გაკაჟებისთვის. ასევე, ბავშვებს მოძრაობის კოორდინაციაში ეხმარება. რაც შეეხება რისკებს, თუ ბავშვი ქლორის მიმართ ალერგიულია, მაშინ უმჯობესია, ისეთ აუზზე ატაროთ, სადაც ქლორი არ არის, ან ნაკლები რაოდენობითაა.

- ბოლო პერიოდში, სულ უფრო მეტი სამწუხარო შემთხვევა გვესმის, რომ ბავშვი აუზში, მდინარეში, ზღვაზე დაიხრჩო - მიეცით მშობლებს რჩევები, რა უნდა გაითვალისწინონ, რომ უბედური შემთხვევა თავიდან აირიდონ?

- ბავშვი მარტო არ უნდა შევუშვათ ისეთ წყალში, სადაც ფეხს ვერ დგამს. ასევე, აუცილებელია ბავშვს წყლის სიახლოვეს ყოფნის დროს მუდმივად ხელზე ეკეთოს სამაშველო სამკლაურები.

  • ბავშვი უნდა მოვარიდოთ ისეთ საცურაო სივრცეს, სადაც ბანაობა არ არის ნებადართული. აგრეთვე, ისეთ ადგილებს, სადაც წყლის დინება ჩქარია.
  • ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით ზღვაზე, ტბაზე, სადაც ფსკერი ერთი დონის არ არის და ცვალებადი სიღრმეებია, ბავშვი შესვლას უნდა მოვარიდოთ და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ.
  • სამაშველო ჟილეტები, რა თქმა უნდა, პატარას იცავს, მაგრამ ასევე არც ერთი წუთი არ შეიძლება ბავშვი აუზში, ზღვაზე მეთვალყურეობის გარეშე დავტოვოთ, განსაკუთრებით იქ, სადაც წყალი მისთვის ღრმაა და ფსკერზე ფეხს ვერ ადგამს.
  • ბავშვისთვის, რომელმაც ცურვა იცის, ღრმა წყალში ჩასვლა ნებადართულია. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ.

- რა რისკები უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, როდესაც შვილი ზღვაზე, მდინარეზე მიჰყავს დასასვენებლად?

- გასათვალისწინებელი რისკებია: წყლის ტემპერატურა, ღელვა, სიღრმე, ცვალებადი და სწრაფი დინებები (როგორც ქვედა, ასევე ზედა დინებები), წყალქვეშა მცენარეები, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისეთ ადგილას ცურვა, სადაც ახლოს მდინარე შემოედინება.

- როგორი საცურაო კოსტიუმის შერჩევა ჯობს, რომ ბავშვმა თავი კომფორტულადაც იგრძნოს და ამავდროულად, უსაფრთხოც იყოს?

- მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ მსუბუქი საცურაო კოსტიუმი,რომელსაც წყალი ნაკლებად დაამძიმებს.

- რამდენად საჭიროა, ყველა აუზს ჰყავდეს მაშველი და რა უნდა გავაკეთოთ, თუ ბავშვი წყალში ჩავარდა?

- მაშველი ყველა აუზს უნდა ჰყავდეს. სასწრაფოს მოსვლამდე კი უწყვეტად, კვალიფიციურ პირველად დახმარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

იმისათვის, რომ ბავშვი აუზში უსაფრთხოდ იყოს, გასათვალისწინებელია, ასაკობრივი კატეგორია, წყლის სიღრმე და სხვადასხვა დეტალი. გაგიზიარებთ სპეციალისტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს:

აუზის სიღრმის რეკომენდებული პარამეტრები ასაკის მიხედვით:

  • 1,5 წლამდე ბავშვისთვის - 17 სმ-მდე (მინი-აუზი),
  • წლინახევრიდან- სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის - არაუმეტეს 0,5 მ
  • სკოლამდელი ასაკის, 3-7 წლამდე ბავშვებისთვის - 0,7 მ-მდე, არავითარ შემთხვევაში, სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს ბავშვის სიმაღლეს.
  • აუზში ბავშვების ბანაობა მხოლოდ უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიმდინარეობდეს.
  • ვიდრე ბავშვს ცურვაზე, აუზზე მიიყვანთ, მნიშვნელოვანია, პედიატრთან გაიაროთ კონსულტაცია და შეაფასოთ, ხომ არ არის ჯანმრთელობის რაიმე ისეთი რისკი, რომლის გამოც შესაძლოა, უფრო მეტი ყურადღების გამოჩენა გახდეს საჭირო.
  • იმისათვის, რომ ბავშვი ყურის ტკივილისაგან დაიცვათ, მნიშვნელოვანია, სპეციალური საცურაო ქუდი დაახუროთ.
  • თუ ბავშვისთვის საცურაო აუზის შეძენას აპირებთ, მნიშვნელოვანია, ისეთი ვარიანტი აირჩიოთ, რომელსაც დამცავი ზედაპირი ექნება.
  • თუკი ღია აუზზე, ზღვაზე, ან მდინარეზე მიგყავთ ბავშვები, აუცილებელია, 12 საათიდან 16 საათამდე მონაკვეთში გასვლისგან თავი შეიკავოთ, რომ ულტრაიისფერი სხივებისაგან დაიცვათ.
  • აუცილებელია, რომ წყლის წნევა და დინება გაითვალისწინოთ და ბავშვი არ შეუშვათ ისეთ დინებაში, რომელმაც შესაძლოა, წააქციოს და გაიტაცოს. შედეგად კი დახრჩობა გამოიწვიოს.
  • უფროსებმა ბანაობის დროს მუდმივად უნდა აკონტროლონ ბავშვის ემოციები და უსაფრთხოების წესები შეახსენონ.
  • კარგი იქნება, თუ ყველა ზრდასრულ ადამიანს პირველადი დახმარების წესები ეცოდინება.
  • 10 წლამდე ასაკის ბავშვები ხშირად წყალში, ერთი შეხედვით, უწყინრად თამაშობენ, უყვართ ხელის კვრა, ჩახუტება - ამიტომაც, აუცილებელია, აუხსნათ, რომ მსგავსმა თამაშმა შეიძლება რომელიმე ბავშვის წყალში ჩაძირვა და ცუდი შედეგები გამოიწვიოს.
  • ასწავლეთ დამხმარე აქსესუარების, გასაბერი სამკლაურების, ლეიბების, ჟილეტების გამოყენება.
  • აუზში წყლის ოპტიმალური ტემპერატურაა +24-დან +26 გრადუსამდეა, ჩვილებისთვის კი - +28 C °-მდე. მინიმალური დასაშვები მაჩვენებელია +22 გრადუსია.
ამით ბავშვს დახრჩობისაგან დაიცავთ: რა ფერის საცურაო კოსტიუმი უნდა ეცვას ბავშვს, რომ წყალში ჩავარდნისას ადვილად შენიშნონ და თვალშიც მუდმივად გხვდებოდეთ