აქტივობები, რომელზეც თინეიჯერები ყველაზე მეტ დროს ხარჯავენ და წიგნები, რომლებსაც ყველაზე ხშირად კითხულობენ - მშობლები

აქტივობები, რომელზეც თინეიჯერები ყველაზე მეტ დროს ხარჯავენ და წიგნები, რომლებსაც ყველაზე ხშირად კითხულობენ

2023-07-25 16:38:34+04:00

თინეიჯერობა გამოწვევებით სავსე ასაკია. ამ დროს ახალგაზრდების ინტერესების ჩამოყალიბება და ფორმირება ხდება. მნიშვნელოვანია, რომ ისინი მრავალფეროვანი აქტივობებით იყვნენ დაკავებულები. ასე უფრო მარტივად მიხვდებიან, თუ რისი კეთება მოსწონთ უფრო მეტად.

რამდენიმე წლის წინ საქართველოში „ფრიდრიხ ებერტის ფონდის“ დაკვეთით, ქვეყნის მასშტაბით, კვლევა ჩატარდა, რომელიც მიზნად ისახავდა, ქართველი ახალგაზრდების მიერ თავისუფალ დროს განხორციელებული აქტივობების გარკვევას.

„ეისითის“ მიერ, ჩატარებული კვლევა 14-29 წლის ახალგაზრდებს მოიცავდა. კვლევის თანახმად, ძირითადი აქტივობები, რომლებზეც ახალგაზრდები რეგულარულად ხარჯავენ დროს გართობისა და რელაქსაციის ისეთ აქტივობებზე მოდის, როგორიცაა მუსიკის მოსმენა, ფილმების ან ტელევიზორის ყურება და მეგობრებთან ერთად გართობა. ამ აქტივობებს რეგულარულად მიმართავს ახალგაზრდების ნახევარზე მეტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა სათანადო დრო დაუთმონ კითხვასაც. კითხვის შეყვარება კი ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის კითხვით უნდა მოხდეს. ჩვენ გაგაცნობთ წიგნებს, რომლებიც დღეს ქართველ თინეიჯერებში განსაკუთრებით პოპულარულია:

„ბოლოს ორივე კვდება“ - ადამ სილვერა

„5 სექტემბრის შუაღამით მატეო ტორესსა და რუფუს ემეტერიოს სიკვდილის უწყება ურეკავს და ცუდ ამბავს ატყობინებს: ისინი დღეს მოკვდებიან. მატეო და რუფუსი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობები არიან, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით ბოლო დღისთვის მეგობარს ეძებენ. კარგი ამბავი: საამისოდ ერთი აპლიკაცია არსებობს და მას უკანასკნელი მეგობარი ჰქვია. მისი საშუალებით მატეო და რუფუსი სადაცაა ერთმანეთს შეხვდებიან და მთელი ცხოვრების ერთ დღეში მოსასწრებად უკანასკნელ, დიდ მოგზაურობას დაიწყებენ."

„თამაში ჭვავის ყანაში“ - ჯერომ სელინჯერი

ჰოლდენი ამბობს : „წიგნი ისეთი უნდა იყოს რო წაიკითხავ უნდა მოგინდეს რო მისი დამწერი შენი გადაბმული ძმაკაცი იყოს, აი ისეთი რო დაურეკავ და ნებისმიერ რამეზე ებაზრები, თუნდაც შუაღამისას …“ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი ნამდვილად გვიჩნდება სურვილი ჯერომ სელინჯერის ახლოს გაცნობისა.

„ჩემი არ გესმით“ - ტარა პორტერი

“მოზარდობის პერიოდი ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული ეტაპია და წიგნის ავტორის, დოქტორ ტარა პორტერის ფრთხილი და პროფესიონალური მიდგომა დაეხმარება მოზარდებსა და ახალგაზრდა ქალებს სიძნელეების დაძლევაში. მუდმივად ცვალებადი მოზარდობის ასაკი ცხოვრების ერთ-ერთი რთული დროა დღესაც, როცა ქალს გაცილებით მეტი არჩევანის შესაძლებლობა და თავისუფლება აქვს, ვიდრე ადრე. თუმცა არც ამდენი პრეტენზია ჰქონიათ მასთან გარშემო მყოფებს და ყველაზე მეტად კი, საკუთარ თავს. როგორ გაუმკლავდეს ყოველივე ამას მოზარდი გოგონა ან ახალგაზრდა ქალი? არსებობს ამ კითხვაზე ნათელი და იოლი პასუხი? წიგნში მოყვანილი იოლად გასაგები სტრატეგიები, ნათელი ახსნა-განმარტებანი, გამყარებული არაერთი ყურადსაღები მაგალითით, მათთვის მეტად საჭირო გზამკვლევი იქნება."

„ტაძარი“ - მედლინ რუ

„ეს იყო ნათების, ხმებისა და სურნელების თამაში, გაბნეული კანფეტების მსგავს ტენტებში. მათთან ერთად კი ცეცხლის ალისებურად ანთებული სიცილი, რომელიც ტენტებს შორის მიმავალ გზას მოეფინებოდა. ყოველ კუთხეში იდუმალება იმალებოდა. შემაღლებულზე მდგარი კაცი პირიდან ცეცხლს უშვებდა, ჰაერში კი ზეთში შემწვარი ფუნთუშებისა და ბატიბუტის ტკბილი და მძიმე სურნელი ტრიალებდა, რომელიც თანდათან გულისამრევი ხდებოდა. სულ ბოლო ტენტის ქვეშ იჯდა გრძელწვერიანი კაცი და ის არ გვპირდებოდა სიმდიდრეს, უჩვეულო შესაძლებლობებს ან მომავლის განჭვრეტას. არა. ბოლო ტენტის ქვეშ მჯდომი კაცის დაპირება ეხებოდა იმ ერთადერთს, რაც პატარა ბიჭს ყველაზე მეტად სურდა. კონტროლს.“

„საგიჟეთი“ - მედლინ რუ

„ეს სახლი ქვით ააშენეს, პირქუში მთებიდან ამოცლილი რუხი ქვით. ეს იყო სახლი მათთვის, ვინც ვერ ზრუნავდა საკუთარ თავზე, ვისაც ხმები ესმოდა, უცნაური აზრები ჰქონდა და უცნაურ რამეებს სჩადიოდა. სახლს ასეთები უნდა შეეფარებინა. ერთხელ აქ მოსულები, აღარასოდეს მიდიოდნენ.“

„ჯაყოს ხიზნები“ - მიხეილ ჯავახიშვილი

ასე ახასიათებს თავად მიხეილ ჯავახიშვილი თავის რომანს: „კვაჭი კვაჭანტირაძეს მივაყოლე ჯაყოს ხიზნები, ეს ქურთა–თამარაშენში ყოფნის სახსოვარია. მართალია, რომანმა აუარებელი მკითხველი გამიჩინა, მაგრამ აუარება დამაწყევარიც! კრიტიკაში ბევრი მაქებდა გულახდილობისათვის, ბევრი მაძაგებდა. ზოგიერთებმა ისიც კი მითხრეს, თუ გინდა, რომ ძველებურად მიგიღოთ და გულთბილად მოგეპყრათ, შენი შემოქმედებიდან ჯაყო ამოშალეო. ჯერ ერთი, რუსების თქმისა არ იყოს: კალმით დაწერილს ნაჯახით ვერ ამოშლი, და მეორეც, საკითხი მართლაც ასე რომ იყოს დაყენებული, მაშინ მე ყველაფერს დავთმობ, მაგრამ ჯაყოს და „თეთრ საყელოს“ ვერავინ გამამეტებინებს.“

„პირველი, ვინც ბოლოს მოკვდება“ - ადამ სილვერა

„სიკვდილის უწყების" ამუშავების ღამეა და თავში ყველას ერთი კითხვა უტრიალებს: „უწყებას" ადამიანის სიკვდილის წინასწარმეტყველება მართლა შეუძლია თუ ეს კარგად დადგმული სპექტაკლია? ორიონ პაგანი წლების განმავლობაში ელოდა, რომ ვიღაც დაურეკავდა და სიკვდილის ამბავს ამცნობდა. მას გულის მძიმე დაავადება აქვს. ვალენტინო პრინსი ნიუ-იორკში ცხოვრების თავიდან დასაწყებად ჩადის. წესით, წინ დიდი მომავალი აქვს და „სიკვდილის უწყებაზე" მას შემდეგ დარეგისტრირდება, რაც მისი და კინაღამ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა.“

„თავშესაფარი“ - ჰარლან ქობენი

„მიკი ბოლიტარის ცხოვრებაში დასასრული არ უჩანს სიახლეებს... ოღონდ, თითქოს ჯიბრზე, ყველა ერთიმეორეზე უარესია - მამა ავტოკატასტროფაში მის თვალწინ დაიღუპა, დედა ნარკომანია და სარეაბილიტაციო ცენტრში მოათავსეს, თავად იძულებულია გაუცხოებულ ბიძასთან იცხოვროს და ახალ ქალაქსა და სკოლას შეეგუოს... მისი შეყვარებულიც უკვალოდ გაქრა...

ქალაქშიც ძალზე უცნაური ამბები ხდება. ვინ არის ქალბატონი ღამურა ან რატომ დგას მისი სახლის უკან საფლავის ქვა ზედ იდუმალი ციფრებით? სად გაქრა ეშლი და რატომ იყო ასე მნიშვნელოვანი მიკის დედ-მამის ცხოვრებაში აბეონას თავშესაფარი?

მოზარდის ცხოვრებაში წარსული და აწმყო უცნაურად არის გადაჯაჭვულ-გადახლართული და მისი გაწყვეტა მან აუცილებლად უნდა მოახერხოს.“

„იკიგაი თინეიჯერებისთვის“ - ჰექტორ გარსია, ფრანსესკ მირალესი

„იკიგაი ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების იაპონური საიდუმლოა. შემთხვევითი არ არის, რომ ეს წიგნი შენს ხელში აღმოჩნდა. მან მოგძებნა, რადგან მზად ხარ, შეუდგე მისიას - დაიწყო შენი ცხოვრების ყველაზე საოცარი მოგზაურობა. შენ შეაბიჯებ იდუმალ სამყაროში, სადაც ზოგჯერ არ გეცოდინება, რა უნდა გააკეთო, ზოგჯერ კი გეგონება, რომ დაიკარგე. გზის გაგრძელება ამად ღირს, რადგან ბოლოში გელის დიდებული ჯილდო: შენი ცხოვრების აზრი. მოგზაურობა იკიგაის სამყაროში იწყება აქ და ახლა!“

„საოცნებო მშობლები“ - დევიდ ბედიელი

ბარი ამბობს: „მე მინდა მყავდეს უკეთესი მშობლები“ და უცებ მთელი ოთახი რყევას იწყებს. ბარი ბენეტს თავისი სახელი სძულს. ეს მეორე პუნქტია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილია, რას უწუნებს მშობლებს. სულ კი ათი მიზეზი აქვს, რატომაც უკეთეს დედ-მამაზე ოცნებობს. თუმცა, ისეთი სამყაროც არსებობს, სადაც პატარების მშობლებს თვითონ ირჩევენ. ამ სამყაროში მოხვედრა ბარისთვის სანუკვარი ოცნების ახდენას ნიშნავს. მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს...