გაგიკვირდებათ და მშობიარობის შემდგომი დეპრესია მამაკაცებსაც ახასიათებთ. ამ დიაგნოზის შესახებ საუბარი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ 2017 წელს შვედმა მეცნიერებმა 447 მამას შორის ჩაატარეს კვლევა და მათგან 28%-მა აღნიშნა დეპრესიის გარკვეული ნიშნები. ყველაზე ხშირად, პირველი სიმპტომები ბავშვის დაბადებიდან 3-6 თვის შემდეგ ჩნდება, მაგრამ მამაკაცებში მშობიარობის შემდგომი დეპრესიის მიზეზები დიდი ხანი საიდუმლოდ რჩებოდა.
თუ ქალები ორსულობის და ბავშვის დაბადების შემდეგ დროს ჰორმონალურ ცვლილებებს განიცდიან, ეს მიზეზი არ უნდა იყოს მამაკაცებში. მაგრამ ცოტა ხნის წინ, ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა მამებში ტესტოსტერონის დონე იკლებს და ეს მართალია, შვილზე მიჯაჭვულობას ზრდის, თუმცა დეპრესიულ მდგომარეობამდე მიჰყავს.
ახლახან კი ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) მკვლევარები მივიდნენ ახალ დასკვნამდე, თუ რატომ აქვთ მამაკაცებს დეპრესიის სიმპტომები ბავშვის გაჩენის შემდეგ. აღმოჩნდა, რომ ამის მიზეზი მხოლოდ ოჯახის სარჩენად გაზრდილი შრომა არ არის.
მეცნიერებმა 90 000 მამაკაცის სამედიცინო ჩანაწერი გააანალიზეს, რომლებსაც შვილები გასულ წელს შეეძინათ და შეადარეს მათ, ვინც არასდროს გამხდარა მამა. ექსპერტებმა ერთი კავშირი შენიშნეს: მათ, ვისაც არასდროს ჰქონია დეპრესია შვილების გაჩენამდე, არც მას შემდეგ დამართიათ, რაც მამები გახდნენ.
სამაგიეროდ ისინი, ვისაც ერთხელ მაინც დაულევია ანტიდეპრესანტები ექიმის დანიშნულებით, ბავშვის დაბადების შემდეგ, უფრო ხშირად ბრუნდებოდნენ რეცეპტისთვის. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მეტად განიცდიან დეპრესიის სიმპტომებს. უბრალოდ, ძველი პრობლემა უმწვავდებათ და რეციდივი აქვთ.
„სავარაუდოდ, ეს მამაკაცები უკეთ ცნობენ სიმპტომებს და მკურნალობას იწყებენ. საბოლოო შედეგი კი, რაც ჩვენ რეალურად ვნახეთ, არის ის, რომ მამის მშობიარობის შემდგომი დეპრესია არ გემუქრებათ, თუ არ ხართ დეპრესიისკენ მიდრეკილი. მაგრამ ბავშვის გაჩენა მაინც შეიძლება ზოგიერთი მამაკაცისთვის „ბოლო წვეთი“ , გამშვები მექანიზმი აღმოჩნდეს დეპრესიისკენ“, - განუცხადა Daily Mail-ს კვლევის ავტორმა ირინე პეტერსენმა.
85,690 მამაკაციდან, რომლებსაც არასდროს მიუღიათ ანტიდეპრესანტები, მხოლოდ მხოლოდ 2%-ს დასჭირდა ისინი შვილის გაჩენის შემდეგ. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია უფრო ხშირია იმ მამებში, ვისაც აქვს მიდრეკილება ან წარსულში ჰქონია დეპრესიის მსგავსი ეპიზოდები. რა თქმა უნდა, ცხოვრების წესის შეცვლა: უძილობა, ზედმეტი შრომა, პასუხისმგებლობა არა მარტო ცოლის, არამედ ბავშვის მიმართ - აისახება მამაკაცის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.