ბევრი მშობლისთვის შვილის მოზარდობის პერიოდი განსაკუთრებით საფრთხილო და საყურადღებოა, რადგანაც ასეთ დროს ბავშვები იცვლებიან, მათი ქცევა, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან დამოკიდებულება აბსოლუტურად განსხვავებულია. ზოგჯერ ჩაკეტილები ხდებიან და ურთიერთობებს საერთოდ გაურბიან. პრობლემა არა მხოლოდ ადრეული პუბერტატიდან, არამედ 17-20 წლის პერიოდშიც ხშირადაა აქტუალური და ამაზე უფროსები ნერვიულობს. რა უნდა გააკეთონ მშობლებმა, რომ შვილების მოზარდობის პერიოდი შედარებით უმტკივნეულოდ გაიარონ და როდის უნდა მიხვდნენ, რომ სპეციალისტის დახმარებაა საჭირო, თემაზე ბავშვთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი გვესაუბრება:
- ყველა სირთულე, მაინც, ადრეული პუბერტატიდან, 12-13 წლიდან იწყება, როდესაც მოზარდები საკუთარ თავში ცვლილებებს გრძნობენ. ნელ-ნელა ბავშვობიდან ზრდასრულობაში გადასვლა იწყება და ხშირ შემთხვევაში, საკუთარი, შეცვლილი თავის მიღება განსაკუთრებით უჭირთ. როდესაც სხეულში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს, უკვირთ და ვერ ხვდებიან, შინაგანად რა აწუხებთ იმიტომ, რომ ახსნა სიტყვებით არ შეუძლიათ. გარეგნობა, ხმის ტემბრი - ბევრი რამ იცვლება და შესაძლოა აღნიშნული ცვლილებები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. ხშირად ცდილობენ, რეალობას გაექცნენ და არსებული მდგომარეობა შეფუთონ. ამიტომაცაა, რომ მოზარდებს უყვართ დიდი ზომის ტანსაცმლის არჩევა, სურთ ტატუები გაიკეთონ, ატარონ განსაკუთრებული ატრიბუტიკა, მეტალის აქსესუარები თუ სხვა. მსგავს დეტალებზე გადადის ადამიანების ყურადღება და ისინი ყურადღების მიღმა რჩებიან, სიმშვიდეს გრძნობენ და, გარკვეულწილად, საზღვრებს იცავენ. ამავე პერიოდში მოზარდები მიკროსოციუმს იცვლიან და ოჯახიდან გასვლას ცდილობენ. მშობლებს არ უჯერებენ და მეგობრების სიტყვები ხდება პრიორიტეტული. წარმოდგენა აქვთ, რომ ისინი არიან გენიალურები და ყველაზე ჭკვიანები, მშობლებმა კი არაფერი იციან. მაგრამ, თუ მოზარდმა საკუთარი თავის პოვნა ამ ასაკში მოახერხა, 16-17 წლის ასაკში პრობლემები აღარ შეექმნება, სოციალური ურთიერთობებიც აღარ გაუჭირდება, სამომავლო პროფესიაზე ფიქრს დაიწყებს და კონკრეტული გეგმა ექნება. თუ ადრეული პუბერტატის პერიოდში მოზარდს არ აქვს გარკვეული ინტერესის სფერო, დარღვეულია ბალანსი მის ფიზიკურ და გონებრივ აქტივობებს შორის, არ უსმენენ და მის განცდებს არ იზიარებენ, რა თქმა უნდა, პრობლემა შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. თუკი ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინა, სად არის მისი ადგილი, რა პრიორიტეტული თვისებები, ინტერესები აქვს, ასეთ შემთხვევაში, ჩაკეტილი ხდება, განერიდება სოციუმს და ძირითადად, ინტერნეტ სივრცეში მიდის. ინტერნეტი მოზარდებისთვის ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე პირისპირ შეხვედრა. ვირტუალურ სივრცეში ბევრი რამის შეცვლა და საკუთარი თავის განსხვავებულად წარმოჩენა შეუძლიათ. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბავშვი, სურვილის მიხედვით, სპორტით, სხვადასხვა აქტივობით დავაკავოთ, რომ მან საკუთარი ინტერესები იპოვოს, თანატოლებთან ურთიერთობა შეძლოს და ვირტუალურ სივრცეში ცხოვრება აღარ მოუნდეს.
- ძალიან ხშირი პრობლემაა. პირველ რიგში, განვსაზღვროთ, რომელი მოზარდები ეძალებიან როგორც ნარკოტიკულ საშუალებებს, ასევე თამბაქოს, აზარტულ თამაშებს. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი შემთხვევაა, როდესაც სკოლის მოსწავლეები ფსონებს დებენ, თამაშობენ ონლაინ კაზინოებში, ყალბ ანგარიშებს აკეთებენ, შეცვლილი მონაცემებით რეგისტრირდებიან. აზარტი მოზარდს აძლევს შესაძლებლობას, რომ რეალობას გაექცეს. იქ უფრო მაგრები და ყოჩაღები არიან. გარდა ამისა, ერთმანეთის ყურებაში შეხალისდებიან ხოლმე. ისევე, როგორც თამბაქოს შემთხვევაში. ერთმა მოზარდმა მითხრა, იმავე ჟარგონს გამოვიყენებ, რაც მან აღნიშნა: "მე რა "სასტავშიც" ვიყავი, იქ ყველა ეწეოდა და რომ არ მომეწია, უხერხული იყო." სწორედ აქ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა. როდესაც მოზარდი თავდაჯერებულია და თავის არჩევანს ყოველთვის პატივს სცემს, მსგავსი გავლენების ქვეშ აღარ მოექცევა. მას სოციუმში თავის დამკვიდრებისთვის აღარ დასჭირდება ის, რომ აუცილებლად მოწიოს, ითამაშოს და ასე შემდეგ. თუ სპორტითაა დაკავებული, აქვს საკუთარ ინტერესები, აღარ სჭირდება ვიღაცისთვის დამტკიცება, რომ მაგარია. ის ისედაც გრძნობს ამას და თავდაჯერებულია. მაგრამ, თუ მოზარდმა საკუთარი თავის პოვნა ვერ მოახერხა, მაშინ ის ყოველთვის სხვის ჩრდილშია და სწორედ ეს იწვევს შემდეგში იმას, რომ მიმართავენ აზარტულ თამაშებს, ნარკოდამოკიდებულებას და ასე შემდეგ. ზოგჯერ სხვებთან ერთად, ზოგჯერ კი მარტო, ჩაკეტილად. რეალური ცხოვრება მათთვის მიუღებელი და მძიმეა, ამიტომაც მსგავს არჩევანს აკეთებენ.
- პირველი, რაც მშობელმა უნდა გააკეთოს, არის ის, რომ მოზარდს ზედმეტი შეკითხვებით თავი არ მოაბეზროს. "რატომ ხარ მარტო? გამოდი, ნათესავები მოვიდნენ, მიესალმე..." მსგავსი იძულება და დაუსრულებელი შეკითხვები, ხშირად, უკურეაქციას იწვევს. მშობელი უნდა შეეცადოს, რომ შვილთან მისასვლელი გზა იპოვოს, მისი ინტერესები გაიზიაროს. მაგალითად, ხედავს, რომ კომპიუტერთან ზის და თამაშობს. მსგავს დროს, მშობლების პირველი რეაქცია, ძირითადად, უარყოფითია. ბავშვებს ეუბნებიან: " რა სისულელეა, რაზე კარგავ დროს?" ამ დროს, ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ ჩვენს შვილებთან მივიდეთ, გვერდით დავუჯდეთ, ვთხოვოთ, რომ ჩვენც მოგვცენ თამაშის უფლება, ინტერესი გამოვხატოთ, შევეკითხოთ, თავად რა წარმატებები აქვთ. ხანდახან, ისინი იმდენად ამაყობენ მიღწეული შედეგით, რომ მშობლის აღიარება სიახლოვეს აგრძნობინებს და ურთიერთობის კარსაც გაუხსნის. რა თქმა უნდა, მოზარდს გარკვეული წესები და შეზღუდვები აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ბავშვობიდან მოყოლებული, დროის ლიმიტი უნდა არსებობდეს და ამაზე წინასწარ უნდა შევთანხმდეთ. მაგრამ, ამის გარდა, პირადი სივრცე და დრო აუცილებლად დავუტოვოთ. რაც უფრო მეტი დირექტივებით, ჩხუბით, ხმამაღალი საუბრით ვცდილობთ, თავი დაანებოს იმას, რაც არ მოგვწონს, მათთან კონტაქტს უფრო მეტად ვკარგავთ. დავინტერესდეთ მათი ინტერესებით, მოვუსმინოთ იმ მუსიკას, რასაც უსმენენ, გამოვხატოთ მხარდაჭერა და არ ვუთხრათ: "რა სისულელეს უსმენ! რა სისულელეს აკეთებ? ეს რამ მოგაწონა?!" ბავშვები მსგავს ფრაზებს ძალიან მტკივნეულად აღიქვამენ. მოზარდებს ხშირად უთქვამთ: "რასაც არ უნდა ვაკეთებდე, დედაჩემისთვის და მამაჩემისთვის სულ სისულელეა." მსგავსი რამ ბავშვს არასდროს ვაგრძნობინოთ. თუმცა, როგორც აღვნიშნე, გარკვეული შეზღუდვები აუცილებლად უნდა არსებობდეს. აბსოლუტურად მესმის, რომ მარტივი არ არის. რომ ვსაუბრობთ, თითქოს, მარტივად ჩანს. მაგრამ, ნელ-ნელა, დათმენით, სასურველ შედეგამდე მივალთ.
- პირველ რიგში, როდესაც მშობლები მირეკავენ და მეუბნებიან, რომ ჩემთან შვილის მოყვანა სურთ, მაშინვე ვეკითხები, არის თუ არა თანახმა ბავშვი, რომ ფსიქოლოგთან იმუშაოს. ხანდახან, გვაქვს შემთხვევები, როდესაც მოტყუებით მოჰყავთ და ამას ძალიან დიდი პროტესტი მოჰყვება ხოლმე. ასეთ მოზარდთან კონტაქტის დამყარება რთული, ზოგჯერ კი შეუძლებელია. ყველაზე ხშირად, სოციუმისაგან გარიყვა და ინტერნეტ სივრცეში საკუთარი რეალობის შექმნის პრობლემაა. ოთახიდან არ გადიან, ოჯახის წევრებთან კონტაქტი არ უნდათ, აღარ სურთ მეგობრებთან ერთად გარეთ გასვლა. მათთან კომუნიკაცია ონლაინ აქვთ და ამითი შემოიფარგლებიან. ხშირად, მეგობართა წრეც ძალიან მწირია. ამიტომ, მშობლები გადაწყვეტენ ხოლმე, რომ ფსიქოლოგთან გაიარონ კონსულტაცია. ასევე, ხშირად მოგვმართავენ შიშებით, ობსესიებით, აკვიატებული ფიქრებით, შფოთვით. მოზარდები მომატებულ ენერგიას ფიზიკური აქტივობით უნდა ხარჯავდნენ, მაგრამ ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, სრულიად განსხვავებული სურათი გვაქვს. დილით სკოლაში მიდის და ზის, სახლში მოდის, მეცადინეობს და კვლავ ზის. მასწავლებელთან რომ მიდის, ფიზიკურად იქაც არააქტიურია, შემდეგ სახლში კომპიუტერთან თამაშობს და ენერგიას ვერ ხარჯავს. ეს კი შფოთვად გარდაიქმნება. შიშები აწუხებთ პრობლემები ექმნებათ სწავლაში, ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი, მშობლებთან ურთიერთობებში. ამავე დროს, თვითდაზიანებების პრობლემაც ხშირია, როდესაც მოზარდს იმდენად ძლიერი შინაგანი ტკივილი აქვს, რომ ფიზიკურ დაზიანებაში გამოსავალს პოულობს. ერთმა მოზარდმა ისიც მითხრა, რომ "ტრენდულია". ტრენდული არ არის, უბრალოდ, ინტერნეტმა მოზარდებს მისცა საშუალება, რომ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილება გაუზიარონ. როდესაც იგებენ, რომ ვიღაცამ ამ გზით შვება ნახა, ქცევის მიბაძვას იწყებენ, რაც არ შეიძლება. პირველივე მცდელობის, ან გაჟღერების დროს, აუცილებელია, მშობელმა სპეციალისტს მიმართოს. მოზარდები ძალიან სპონტანურები არიან და უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ. თუკი ბავშვი თვითდაზიანებაზე გადადის, ეს შველის ამოძახილია და თანადგომა სჭირდება. ძალიან მინდა მშობლებს ვთხოვო, რომ თუ საკუთარ შვილებთან მსგავს რამეს აღმოაჩენენ, არავითარ შემთხვევაში, არ უნდა ეჩხუბონ, უყვირონ, დასაჯონ. მაშინ, როდესაც მოზარდი სულიერ ტკივილს განიცდის, იტანჯება და თანაგრძნობა სჭირდება, მსგავსი მიდგომა დაუშვებელია.
- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ და გამოვიკვლიოთ, ეს ხდება იმიტომ, რომ საკუთარი თავი არ მოსწონს და საზოგადოებასა და ოჯახის წევრებს უფრთხის, თუ ეს დეპრესიის ნიშანია. მოზარდებში უკვე აღნიშნული მიზეზების გამო დეპრესია საკმაოდ ხშირი პრობლემაა. ასეთ შემთხვევაში, სპეციალისტის ჩართულობაა საჭირო და პარალელურად, შესაძლოა, ფსიქიატრსაც მივმართოთ. ნუ ვუფრთხით ფსიქიატრთან მისვლას. ფსიქიატრი ისეთივე ექიმია, როგორც, მაგალითად, სტომატოლოგი. კბილი რომ გვტკივა, ხომ მივმართავთ მას?
- როდესაც ბავშვს შფოთვითი აშლილობა, გამძაფრებული შიშები აქვს - ყველა შემთხვევაში, სასურველია, რომ ფსიქიატრთან გავიაროთ კონსულტაცია. ამასთან ერთად, თუკი ჩვენს შვილს გაღიზიანებას, მოუსვენრობას, შფოთვას ვატყობთ, სასურველია, ენდოკრინოლოგთანაც გავიაროთ კონსულტაცია, რადგანაც ჰორმონალური ცვლილებები სწორედ მან უნდა გამოავლინოს. შესაძლოა, ფსიქოლოგმა ვერაფერს მიაღწიოს იმის გამო, რომ ბავშვს ფიზიოლოგიური პრობლემები ჰქონდეს. თუ ენდოკრინოლოგი ჩათვლის, რომ მოზარდს ფიზიოლოგიურად პრობლემა არ აქვს, ფსიქოთერაპია მნიშვნელოვანია.
- პირველი, რაც მშობელმა ჯერ კიდევ ბავშვის მცირე ასაკიდან უნდა გააკეთოს, არის ის, რომ საკუთარი შვილი არასოდეს არ უნდა შეადაროს სხვას. როდესაც ჩვენს შვილებს სხვას ვადარებთ, თავდაჯერებულობას ვუქვეითებთ და მომავალშიც საკუთარ თავს სულ სხვას შეადარებენ, არ იქნებიან შესაძლებლობებში დარწმუნებულები და სხვების გავლენის ქვეშ ადვილად მოექცევიან. ჩვენი შვილები ყოველთვის საკუთარ თავს შევადაროთ. აღვნიშნოთ, გუშინდელთან შედარებით, როგორ კარგად გამოუვიდა რაღაც და მომავალში კიდევ შეძლებს, გაუმჯობესებას. შევაფასოთ ბავშვის ქცევა და არა პიროვნება. არ ვუთხრათ, რომ ცუდი ადამიანია. მივუთითოთ, რომ ცუდად მოიქცა. ნუ შევიცხადებთ შეცდომებს. პირიქით, მივცეთ შეცდომების დაშვებისა და გამოსწორების საშუალება. მშობლებო, საკუთარი შვილები ფიზიკური აქტივობებით აუცილებლად დატვირთეთ. ეს შეიძლება იყოს სპორტი, ცეკვა თუ სხვა. ამის გარეშე, რეალურად ჯანსაღ მოზარდს ვერ აღვზრდით. დაინტერესდით მათი ინტერესებით და მათაც ჰკითხეთ რჩევები. თუ ჩვენს შვილებს ჩვენსავე სამყაროში შემოვუშვებთ, მივცემთ უფლებას, რომ რაღაც გვირჩიონ, ისინიც მოგვისმენენ და გაიზიარებენ ჩვენს რჩევებს.
თამარ იაკობაშვილი