1927 წელს საბერძნეთში, თურქეთის სანაპიროსთან ძალიან ახლოს, უკაცრიელ კუნძულ როზე, ქმართან, კოსტასთან ერთად დასახლდა ბერძენი ქალი - დესპინა ახლადიოტუ. ჰყავდათ თხები და ქათმები და ცხოვრობდნენ თავისთვის, წყნარად და მოკრძალებულად.
დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კუნძულამდე კატერით მიაღწიეს თურქმა ჯარისკაცებმა და იქ საკუთარი ქვეყნის დროშა აღმართეს. დესპინამ ხელისუფლებას შეატყობინა ეს ამბავი (საინტერესოა, რომ 1947 წლამდე დოდეკანესის კუნძულებს იტალია აკონტროლებდა) და თურქეთის დროშა ჩამოხსნეს. 1940 წელს კოსტასი ავად გახდა და გარდაიცვალა. დესპინამ უსინათლო დედა წაიყვანა თავისთან და მასთან ერთად განაგრძო კუნძულზე ცხოვრება. მან უარი თქვა ევაკუაციაზე მაშინაც კი, როცა მეორე მსოფლიო ომის დროს დოდეკანესის კუნძულები იბომბებოდა. პირიქით, ის ყველანაირად ეხმარებოდა ფაშისტებთან მებრძოლ ჯარისკაცებს თავშესაფრით თუ საკვებით, მაგრამ განსაკუთრებით იმით, რომ ყოველ დილას აღმართავდა ხოლმე საბერძნეთის დროშას იმის ნიშნად, რომ ეს პატარა, ხრიოკი, დაუსახლებელი კუნძული - საბერძნეთია და იქ თუნდაც ორი კინკილა, მაგრამ ბერძენი ქალი ცხოვრობს.
დესპინა, რომელიც დედის გარდაცვალების შემდეგ სულ მარტო დარჩა, 1943 წლიდან მოყოლებული, თითქმის 40 წლის განმავლობაში, სიცოცხლის ბოლომდე, ყოველ დღეს ბერძნული დროშის აღმართვით იწყებდა და მისი დაშვებით ამთავრებდა. ეს ტრადიცია მხოლოდ ერთხელ, ისიც რამდენიმე დღით დაირღვა, როცა დესპინა ავად გახდა და როდოსზე გადაიყვანეს სამკურნალოდ. ამით ისარგებლეს თურქებმა და კუნძულზე ისევ თავიანთი დროშა აღმართეს, მაგრამ დესპინა დაბრუნდა და ერთგულად გააგრძელა იმ მოვალეობის შესრულება, რომელიც მან საკუთარ თავს, საკუთარი ქვეყნის სიყვარულისა და პატივისცემის გამო, თავად დაუწესა.
ყველა ბერძნული გემი, რომელიც გაივლიდა ხოლმე კუნძულ როსთან, სიგნალს, და, შესაბამისად, სალამს აძლევდა ამ მამაც ქალს. დესპინას "როს ქალბატონი" (Η Κυρά της Ρω) შეარქვეს და მთელმა საბერძნეთმა შეიტყო მის შესახებ. ის იქცა პატრიოტიზმის სიმბოლოდ და დაჯილდოვდა საბერძნეთის პარლამენტის, ათენის აკადემიის, სამხედრო-საზღვაო ფლოტის, ეროვნული ბანკისა და სხვა მრავალი ორგანიზაციის მიერ. 1982 წელს, როდესაც 92 წლის დესპინა ახლადიოტუ გარდაიცვალა, ის სამხედრო პატივით დაკრძალეს იმ ადგილის გვერდით, სადაც მისი საყვარელი სამშობლოს - საბერძნეთის - ლურჯ-თეთრ დროშას ჯიუტად და ამაყად აღმართავდა 40 წლის განმავლობაში.
ირმა იანტბელიძე