ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პაციენტების ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს და სქესობრივი ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს. ექიმი განმარტავს, აუცილებელია, თუ არა სქესობრივი ცხოვრება ქალის ჯანმრთელობისათვის:
- ზოგჯერ ქალებს ჰგონიათ, რომ სექსი ჯანმრთელობისათვის აუცილებელია და თუ სპერმა არ მოხვდა მათ ორგანიზმში, გარკვეული ვიტამინები დააკლდებათ და ჯანმრთელობაზე იმოქმედებს. ეს აზრი მცდარია. თუ ქალი სექსის გარეშე თავს კომფორტულად გრძნობს, არ აქვს, მისი მოთხოვნილება, ამაში არც ცუდია რამე და არც კარგი. ეს მის ჯანმრთელობას არ ავნებს. ბუნებამ ასე დაადგინა, რომ სექსი, პირველ რიგში, გამრავლებისთვისაა. ასევე, მას სიამოვნება ახლავს და სიამოვნება რომ არ ყოფილიყო, ალბათ, კაცობრიობა ვერ გამრავლდებოდა. ქალის ორგანიზმისათვის სექსი აუცილებლობას არ წარმოადგენს, თუ ის გარკვეულ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს არ იწვევს. ქალები ხშირად ჰგონიათ, რომ სპერმის სახით მათ ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებები შედის. ეს ასე არ არის. სპერმის ერთადერთ ფუნქციას განაყოფიერება წარმოადგენს. სექსი სასარგებლოა მხოლოდ მაშინ, როდესაც მას თან დადებითი ემოციები ახლავს. სწორედ ამ დადებითი ემოციების დროს დიდი რაოდენობით ე.წ. სიამოვნების ჰორმონები გამოიყოფა, როგორებიცაა დოფამინი, ოქსიტოცინი, პროლაქტინი და ეს ყოველივე სისხლის მიმოქცევასა და ტვინის ფუნქციას აუმჯობესებს. ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს და ადამიანი უფრო ჯანმრთელი და ბედნიერია.
- ქალის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, სპერმატოზოიდები სიცოცხლისუნარიანობას და განაყოფიერების უნარს რამდენიმე დღის განმავლობაში ინარჩუნებენ. ეს შეიძლება 4-5 და 6 დღეც კი იყოს. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ ჯერ კიდევ ოვულაციამდე რამდენიმე დღით ადრე თუ იყო სქესობრივი კონტაქტი, ორსულობა დადგეს.
- სიამოვნების მიღება, ან ორგაზმი საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ფუნქციასთან არ არის დაკავშირებული.
- ზუსტი რეცეპტი, თუ რამდენჯერ უნდა გქონდეთ სქესობრივი კონტაქტი, რომ ორსულობა დადგეს, არ არსებობს. ყოველდღიურადაც არ არის სასურველი, იმიტომ, რომ სპერმის ხარისხი შეიძლება დაეცეს და არც იშვიათადაა რეკომენდებული. ამავე დროს, როდესაც სქესობრივი კონტაქტი იშვიათია, შეიძლება არ დაემთხვეს ოვულაციის დღეებს. ყველაზე ოპტიმალური კვირაში 3-4-ჯერ კონტაქტია.
- იმისათვის, რომ ორსულობა დადგეს, აუცილებელია სპერმა ქალის საშოში მოხვდეს. ქალი განიცდის, თუ არა ორგაზმს ამ დროს, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
- მენსტრუაციის დროს სქესობრივი კონტაქტისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ინფექციის გადადების რისკი, შედარებით მაღალია, ამიტომ გამოიყენეთ პრეზერვატივი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადრე არ იყენებდით. ასევე, არსებობს აზრი, რომ მენსტრუაციის დროს ორსულობა გამორიცხულია. რაც არ არის სწორი. ორსულობის მცირე შანსი მაინც არსებობს. ამიტომ, თუ ორსულობას არ გეგმავთ, გამოიყენეთ დამცავი საშუალებები.
- თუ სპერმა ქალის ორგანიზმში ოვულაციის პერიოდში, ანუ საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლის დროს მოხვდება, მაშინ ორსულობა შესაძლებელია. ამრიგად შესაძლებელია, ერთი სქესობრივი კონტაქტით ორსულობა, თუ ის ერთი სქესობრივი კონტაქტი ოვულაციის დღეს დაემთხვა.