ფილოსოფოსი ლალი ანთიძე გადაცემაში "დიდი შესვენება" საუბრობს, როგორი უნდა იყოს რძალსა და დედამთილს შორის ურთიერთობა და რა იწვევს უხშირესად პრობლემას:
- პრობლემის ინიციატორი ყოველთვის დედამთილია. რძალსა და დედამთილს შორის არსებულ კონფლიქტში გამარჯვებული დედამთილი არ არსებობს. ეს კონფლიქტი დედამთილმა არ უნდა დაიწყოს იმიტომ, რომ მას უფრო მეტი გამოცდილება აქვს, ჰყავს შვილი, რომელიც მისთვის ძვირფასია. ამ ფსიქოლოგიური ურთიერთობის მთელი პასუხისმგებლობა დედამთილზე მოდის. როდესაც ოჯახში ადამიანი შემოდის, თუკი დედამთილი რეალიზებულია, აქვს საკუთარი საქმე და სივრცე, ის თმობს შვილს და აბსოლუტურად გააზრებული აქვს, რა ხდება. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ისეთ დედამთილებთან, რომლებიც დიასახლისები არიან, რომელთა სფეროც ოჯახია და იქ ვიღაც უცხო ადამიანი ჩნდება, ჭიქას არ დებს ისე, როგორც მას სურს, ქმარს არ უვლის, როგორც ფიქრობენ ხოლმე, სტანდარტულად, უკვე კონფლიქტი იწყება. ამიტომ, ჯობს, ოჯახებმა ცალკე იცხოვრონ. როდესაც ბავშვი იბადება და დედა ფიზიოლოგიურად გამოეყოფა შვილს, ამას თავისი პროცესები აქვს. მერე ძუძუთი კვებაა, მაგრამ ნელ-ნელა დედა ფიზიკურად შვილს შორდება. ამავდროულად, დედამ ფიზიკურ დაშორებას ფსიქოლოგიური განთავისუფლებაც უნდა მიაყოლოს. ქართველი ბიჭები ძალიან მეცოდება. ამას შვილი ვერ მოახერხებს, ეს უნდა გააკეთოს დედამ. ბიოლოგიური და სოციალური მოცემულობაა, რომ გავლენები ყოველთვის არსებობს. ქალი აუცილებლად უნდა იყოს განათლებული, რომ ამ ყველაფერს ცნობიერი პროცესი გააყოლოს. ხვდებოდეს, მისი შვილის ცხოვრებაში ჩარევის უფლება რა დონეზე აქვს. მაგრამ, წყვილს შორის ურთიერთობა იმდენად რთულია, დღეს იმდენად გართულებულია, რომ ოჯახი შენარჩუნდეს, მშობლების სახით, ამას გულშემატკივარიც სჭირდება.