ცნობილი ფაქტია, რომ რაც უფრო ადრე შეამჩნევთ აუტიზმის ნიშნებს, მდგომარეობის გამოსწორების მით მეტი შანსი იქნება, მაგრამ ადრეულ ასაკში აუტიზმის ამოცნობა ძალიან რთულია.
თანამედროვე მშობლები უფრო და უფრო ხშირად დგებიან აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის წინაშე. რას უნდა მიაქციოთ ბავშვის ქცევაში დაუყოვნებლივი ყურადღება, რომ საშიში სიმპტომები არ გამოგეპაროთ.
აუტიზმის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი გენეტიკური დარღვევაა, აშლილობის განვითარებაში რამდენიმე გენი მონაწილეობს, მაგრამ არსებობს შესაძლებლობაც, რომ ორსულობის დროს გართულებებმა, გარკვეული მედიკამენტების მიღებამ, საშვილოსნოსშიდა ინფექციებმაც გავლენა იქონიოს აუტისტური სპექტრის ჩამოყალიბებაზე.
და მაშინაც კი, თუ თქვენ გაქვთ იდეალური მემკვიდრეობა (თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ასე ყურადღებით გქონდეთ შესწავლილი) გქონდათ ჯანმრთელი ორსულობა, არ მიგიღიათ ძლიერი მედიკამენტები, ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ ბავშვს არ ექნება აუტისტური სპექტრის აშლილობა. მისი წარმოქმნის მექანიზმი სრულყოფილად ჯერ არ არის შესწავლილი.
პირველი ნიშნები დაახლოებით 3 წლიდან აშკარად გამოხატულია, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ მანამ, სანამ ბავშვის ქცევა სხვა ბავშვების ქცევისგან მკვეთრად არ შეიცვლება. სწორედ მაშინ - 5, 7 წლის ასაკში მიჰყავთ ბავშვი ნევროლოგთან, ფსიქოლოგთან, როცა დრო უკვე დაკარგულია.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობების სრულად განკურნება შეუძლებელია, თერაპია მიმართულია იმ სიმპტომების შემსუბუქებაზე, რომლებიც ყოველდღიურობას ხელს უშლის. მაგრამ ამავე დროს, ASD-ის მქონე ადამიანებს ძლიერი მხარეებიც აქვთ.
მაგალითად, ASD-ის მქონე ადამიანებს შეუძლიათ დეტალურად შეისწავლონ საგანი, დაიმახსოვრონ ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში, რადგან აღიქვამენ მას როგორც ვიზუალური, ისე სმენითი ანალიზატორებით. ასეთ ადამიანებს აქვთ შესანიშნავი შედეგები მათემატიკაში, მეცნიერებაში, მუსიკასა და ხელოვნებაში.