მსახიობი თეკო ჩუბინიძე ფართო საზოგადოებამ სერიალიდან "შუა ქალაქში" გაიცნო, შემდეგ იყო "ჟამი ყვავილობისა", "ქაღალდის ტყვია", "რუსული სამკუთხედი" და შემდეგ შემოქმედებითი პაუზა, სხვა ინტერესები... ახლახან სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" მარის როლში მოგვევლინა. მარის მეუღლე პარლამენტის წევრია, აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით გამორჩეული. როგორ შექმნა ეს პერსონაჟი და რა განცდაა წლების შემდეგ, გადასაღებ მოედანზე დაბრუნება? - ამის შესახებ თეკო თავად გვესაუბრა.
- დიახ, დიდი ხანია გადაღებები აღარ მქონია, თეატრშიც 2019 წლამდე ვთამაშობდი. ამ ხნის განმავლობაში ჩემი შემოქმედებითი საქმიანობა სხვა მიმართულებით წავიდა, კასტინგის მენეჯერი ვიყავი, გადაღებებზე ვმუშაობდი, ფილმებისთვის, რეკლამებისთვის ვარჩევდით მსახიობებს. ბოლო ფილმი, რომელზეც ვიმუშავე, სოსო ბლიაძის "ოთარის სიკვდილი" იყო. ბოლო დროს დავინტერესდი ფსიქოლოგიით, შემდეგ - ფსიქოდრამით, რომელიც ჩემს პროფესიასთან ირიბად კავშირშია. მოვინდომე, ამ მიმართულებით განათლება მიმეღო და სასწავლებლად გერმანიაში წავედი.
ახლა საქართველოში ვარ, რადგან კასტინგი გავიარე და "ჩემი ცოლის დაქალებში" მარის როლზე დამამტკიცეს. პერიოდულად ჩავდივარ გერმანიაში, მაგისტრატურაში მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ აქ გადაღებები აქტიურად დამეწყო და ეს გეგმა დროებით დავაპაუზე. ასევე ჩართული ვარ სოციალური თეატრის საქმიანობაში. ვფიქრობ, ეს საქართველოსთვის ძალიან საინტერესო იქნება. სოციალური თეატრი ინტერაქტიურია, მაყურებელი თავად ერთვება ამ პროცესში, თავად ჰყვება ამბებს და შემდეგ იმპროვიზებულად ხდება გათამაშება. თერაპიის ეფექტიც კი აქვს. ეს მიმართულება ძალზე მაინტერესებს და ბედნიერი ვიქნები, საქართველოში თუ დაფუძნდება და განვითარდება. ახლა მთლიანად "ჩემი ცოლის დაქალებზე" ვარ გადართული.
- საინტერესო იმით არის, რომ ეს ადამიანი ჩემგან სრულიად განსხვავებულია. მსახიობებს კი ასეთი როლები მეტად გვაინტერესებს. მარი ცოტათი შტერი გოგოა, ცოტათი ამბიციური, მიამიტიც, გამაღიზიანებელიც. ფუფუნებაში ნაცხოვრები ქალის სიტუტუცე სჭირს; ცოტათი დაუფიქრებელიც არის, ზედაპირული, რაღაც მომენტში მიუღებელიც და ამ ყველაფრით ძალზე საინტერესოა. ოქროს შუალედის პოვნაა საჭირო ამ პერსონაჟის თამაშისას, მისი ეს თვისებები რომ გამოიკვეთოს, მაგრამ ძალიან შტერი და სულელიც არ გამოჩნდეს.
- (ფიქრობს) ძალიან მიჭირს, შეიძლება რაღაც მომენტში მეც ფეთქებადი ხასიათი გამოვავლინო და მერე დავმშვიდდე, მხოლოდ ეს უმნიშვნელო მსგავსებაა. ეს ქალი საერთოდ სხვაგან არის, მხოლოდ თავის სივრცეს ხედავს, საკუთარი კეთილდღეობის იქით არაფერი აინტერესებს. არც ის ადარდებს, როცა მეუღლე შეურაცხყოფას აყენებს, მხოლოდ იმის გამო, რომ იმ მომენტში გაცხარებულია. ეს ჩემი პერსონაჟისთვის ნორმაა და მისაღებია. მაყურებელი ამ პრობლემას სწორად თუ შეხედავს, ეს კარგი იქნება.
- ერთი შვილი მყავს, ნიკოლოზი. უკვე 20 წლის არის. მეუღლესთან დაშორებული ვარ, ჩემი იდუმალი პირადი ცხოვრება მაქვს. მაყურებელს ყოველთვის აინტერესებს მსახიობების პირადი ცხოვრება, მაგრამ გადავწყვიტე, არ მოვყვე.
- ნიკოლოზი არის ჩემი ბედნიერება. ძალიან კარგი, ნიჭიერი ბიჭია და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ის ჩემი შვილია. მან გადაწყვიტა რეჟისურაში იმუშაოს, სცენარებსაც წერს, ახლახან მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. ძალიან ღრმა და დაკვირვებულია, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მახარებს, ისაა, რომ კარგი ადამიანია, ეს კი უმთავრესია. იხილეთ სრულად