მონაკოს პრინც ალბერის მექალთანეობის და უამრავი სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ საყოველთაოდ ცნობილია. სულ ასეთი იყო და არც ცოლის მოყვანის შემდეგ შეუცვლია ცხოვრების წესი, რასაც აბრალებენ სწორედ პრინცესა შარლენის მუდმივად მოწყენილ სახეს, წყვილის დაძაბულ ურთიერთობას და არც ისე დიდი ხნის წინ, შარლენის საკმაოდ სერიოზულ ავადმყოფობასაც. ალბერის ღალატის შესახებ პრესაშიც მუდმივად იწერება და შარლენს სულ უწევს ამ რეალობაში ცხოვრება. ამჯერად ალბერის 19 წლის უკანონო ვაჟმა გადაწყვიტა, ინტერვიუ მიეცა ჟურნალისტებისთვის.
ალექსანდრ გრიმალდის დედა პრინცის ყოფილი საყვარელი, საფრანგეთის ავიახაზების ყოფილი სტიუარდესა ნიკოლ კოსტეა. ალექსანდრის თქმით, ბევრს დღესაც ეპარება ეჭვი იმაში, რომ ის ალბერის შვილია, თუმცა არ აპირებს დანებებას. "დედაჩემი რბილი ქალია და ბევრის თქმის უფლებას აძლევს ხალხს. მაგრამ მე უფრო მტკიცე ვიქნები. საფრანგეთში დავიბადე, მაგრამ ანგლოსაქსურ ქვეყანაში გავიზარდე და თავსაც დავესხმები ვინმეს, თუ საჭირო იქნება. "მე არ მომწონს, რომ უკანონოს მიწოდებენ. ინტერნეტში ათასი რამ ვრცელდება. ადამიანს მამის გვარი აქვს, თუ მას დაბადებიდან აღიარებენ. მამაჩემმა თავისი ნებით მაღიარა შვილად, ჯერ კიდევ ბავშვობაში. მისთვის ეს არ დაუძალებია სასამართლოს ან პრესას", - ამბობს ალექსანდრი.

მან ასევე ისაუბრა იმაზე, რომ კარგი ურთიერთობა აქვს ალბერის კიდევ ერთ უკანონო შვილთან - ჯაზმინ გრეის გრიმალდისთან, რომელიც პრინც ამერიკელ ტამარა როტოლოსთან შეეძინა.
არც ალექსანდრს და არც ჯაზმინს არ აქვთ ტახტზე რაიმე პრეტენზიის უფლება, რადგან მონაკოს კანონმდებლობა არ აღიარებს მემკვიდრეებად პრინცის ქორწინების გარეშე გაჩენილ შვილებს. ტახტის მემკვიდრეთა რიგში ამჟამად პირველი ალბერისა და შარლენის 8 წლის ვაჟი ჟაკია.
