1980-იანი წლების ვარსკვლავი ტოტო კუტუნიო, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა მთელ მსოფლიოში, 2023 წლის 22 აგვისტოს გარდაიცვალა, 80 წლის ასაკში. ამბობენ, რომ მომღერალი დიდხანს იტანჯებოდა ონკოლოგიური დაავადებით, რომელიც 2008 წელს აღმოუჩინეს. რამდენიმე ოპერაცია და ქიმიოთერაპიაც გადაიტანა და უკეთ იყო რამდენიმე წელი. პირველად რომ გამოკეთდა და ექიმებმა უთხრეს, რომ დაავადებამ უკან დაიხია, ოცნება აისრულა და პორტოფინოში, მის სათაყვანებელ ზღვასთან იყიდა სახლი და იახტა. ზუსტად ისე, როგორც ღარიბი ბავშვობისას ოცნებობდა.
"მე გულით ვმღერი ჩემს სიმღერებს და ამიტომ განიცდიან ადამიანები, რომლებიც მე მისმენენ, ნამდვილ გრძნობებს", - ამბობდა იტალიელი ტოტო.
ტოტოს ნამდვილი სახელი სალვატორეა და 1943 წლის 7 ივლისს დაიბადა ტოსკანურ ქალაქ ფოზდინოვოში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში. ბავშვობიდან გამოავლინა მუსიკის სიყვარული და მამის მსგავსად, რომელიც შესანიშნავად უკრავდა საყვირზე, თავადაც აითვისა ეს ინსტრუმენტი. მოგვიანებით თავისით ისწავლა აკორდეონზე და დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრა. 13 წლისამ პირველი ადგილი აიღო რეგიონულ მუსიკალურ კონკურსზე.
19 წლამდე მუსიკალურ ჯგუფებში უკრავდა, შემდეგ კი საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა, მუსიკის შექმნა დაიწყო და მალე მოვიდა წარმატება და გამარჯვებები, გამოსვლები იმ დროის ვარსკვლავებთან - ჯო დასენთან, მირეი მატიესთან, ადრიანო ჩელენტანოსთან.
უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა მთელი ცხოვრება, თუმცა ერთი ცოლი ჰყავდა - ჯერ კიდევ 1970-იან წლებში გაიცნო გოგონა შეძლებული ოჯახიდან კარლა, მოხიბლა და 1971 წელს იქორწინა.
კარლა 1967 წელს გაიცნო ზღვის სანაპიროზე და ღარიბმა ტოტომ მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაბედა ხელის თხოვნა. კარლას მშობლებს დიდად არ ეპიტნავათ ღარიბი სასიძო, თუმცა ქალიშვილს ხელი არ შეუშალეს.
"ის ერთადერთი ქალია ჩემს გულში", - ამბობდა ხოლმე ტოტო.
ახალგაზრდა ცოლი ქმარს ყველაფერში ეხმარებოდა, მატერიალურ პრობლემებს აცილებდა, სიმამრმა წყვილს სახლი უყიდა და პირველ ხანებში გადასახადებსაც უხდიდა. თუმცა მალე ტოტო პოპულარული გახდა და ფინანსურადაც დადგა ფეხზე.
ერთადერთი, რაც წყვილს ოცნებად რჩებოდა, შვილი იყო.
ერთხელ კარლა იყო კიდევაც ორსულად, ტყუპზე, თუმცა ექიმებმა ჩათვალეს, რომ საკმაოდ სარისკო მდგომარეობა იყო და ეს ორსულობა კარლას სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა. იძულებითი აბორტის გადაწყვეტილება მიიღეს და ის ორსულობა შეწყდა. მას მერე კარლა აღარც დაორსულებულა.
ერთადერთხელ უღალატა ცოლს ტოტოს, 1989 წელს გიჟური ვნება ეწვია სტიუარდესა კრისტინა ლანჩისთან. 45 წლის მსახიობი ორი წელი ცხოვრობდა ასეთი გაორებული ცხოვრებით, თუმცა ამბობენ, რომ მთავარი მიზეზი შვილი იყო - ტოტომ ქალს სთხოვა, მისთვის შვილი გაეჩინა. მართლაც, ამ ურთიერთობის შემდეგ გაუჩნდა ვაჟი ნიკო და ნიკოს დედამაც ყოველთვის იცოდა, რომ ტოტო ცოლს არასოდეს მიატოვებდა...
ცოლმა მართლაც აპატია ეს ღალატი და არ უშლიდა ხელს ქმარს, რომ შვილთან ჰქონოდა ურთიერთობა. ტოტოც მთელი ცხოვრება ზრუნავდა და ათამამებდა ვაჟს, დაატარებდა გასტროლებზე და ამბობდა, რომ ნიკო მისთვის იყო სინათლე ფანჯარაში.
ბოლო წლებში ტოტო იშვიათად გამოდიოდა სცენაზე, ძალებს უფრთხილდებოდა. ხშირად გადიოდა ზღვაში თავისი იახტით და თავის ოცნების სახლში როიალზე უკრავდა.