ამბობენ, მას თუ აკოცებ ან შეეხები, შვილი გეყოლება და კარგი სქესობრივი ცხოვრება გექნებაო... - ლეგენდა, რომლის გამოც ამ საფლავს პარიზში მილიონობით ქალი სტუმრობს - მშობლები

ამბობენ, მას თუ აკოცებ ან შეეხები, შვილი გეყოლება და კარგი სქესობრივი ცხოვრება გექნებაო... - ლეგენდა, რომლის გამოც ამ საფლავს პარიზში მილიონობით ქალი სტუმრობს

2023-08-23 12:16:42+04:00

ეს საფლავი პარიზში, პერ-ლაშეზის ცნობილ სასაფლაოზეა და თავად საფლავიც საკმაოდ პოპულარულია მსოფლიოში. თქვენ წარმოიდგინეთ, აქ დაკრძალულ მსოფლიო ლეგენდებს, ოსკარ უაილდს, ფრედერიკ შოპენს თუ ჯიმ მორისონს, უფრო ნაკლები მიმკითხავი ჰყავთ, ვიდრე ვინმე ვიქტორ ნუარს. მის საფლავს მილიონობით ქალი სტუმრობს.

XIX საუკუნის შუალედში ფრანგი ვიქტორ ნუარი ფრანგული გაზეთის "მარსელიეზას" გამოცემაში მონაწილეობდა. 1870 წელს გაზეთის რედაქტორი პაშალ გრუსე წაკამათდა პრინც პიერ ბონაპარტთან, ნაპოლეონ III-ის ბიძაშვილთან. ყველაფერი კი მოჰყვა ნაპოლეონ ბონაპარტის მაკრიტიკებელ სტატიას, რაც პრინცმა გააპროტესტა. მან გრუსე დუელში გამოიწვია. როგორც იმ დროისთვის იყო მიღებული, გრუსემ თავის სეკუნდანტებს, მათ შორის ვიქტორ ნუარს სთხოვა, დრო და ადგილი დაენიშნა. საუბედუროდ, სწორედ ამ საუბრის დროს გრუსესა და ბონაპარტის თანმხლებ პირებს შორის ჩხუბი ატყდა, რომლის დროსაც პრინცმა იარაღი ამოიღო და ვიქტორს პირდაპირ ესროლა.

original-1692779048.jpg

როდესაც პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ სამეფო ოჯახის წევრმა სასტიკად მოკლა ჟურნალისტი, საზოგადოება აღშფოთდა და ბონაპარტების აშკარა კრიტიკა დაიწყო. იმ დროს ქვეყანაში ისედაც დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია იყო და ჟურნალისტის მკვლელობას სოციალური უკმაყოფილება მოჰყვა. შედეგად, ამას მოჰყვა დემონსტრაციები, ხოლო ვიქტორ ნუარი წამებულ რევოლუციონერად იქცა და 100 ათასზე მეტმა ფრანგმა გააცილა უკანასკნელ გზაზე, მისი მშობლიური ქალაქის ნეი-სიურ-სენის სასაფლაოზე. 1891 წელს, მესამე ფრანგული რესპუბლიკის ჩამოყალიბების შემდეგ, ჟურნალისტის ნეშტი პერ-ლაშეზის სასაფლაოზე გადაიტანეს, რათა მისი სახელი უკვდავეყოთ.

37-1692779325.jpg

თუმცაღა დღეს ვიქტორ ნუარი სულაც არ არის ცნობილი ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ბრინჯაოს ქანდაკება ცნობილი ფრანგი მხატვრის ჟიულ დალუს ნამუშევარია. მხატვარმა გადაწყვიტა, ნუარი იმ მომენტში გამოესახა, როცა ის გასროლის შემდეგ იატაკზე დაეცა და კვდებოდა. და კიდევ უფრო გაუგებარი მიზეზებით, მან ერთგვარი საკმაოდ შესამჩნევად "ამობურცული" ადგილი გამოკვეთა ქამრის ქვემოთ, სასქესო ორგანოს ადგილას. სწორედ ამ დეტალმა გააღვია მითი-ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, თუ ქალი ვიქტორ ნუარის ქანდაკებას ტუჩებში აკოცებს, გამოკვეთილ ადგილს გაუსვამს ხელს და ყვავილს დააგდებს მის შლაპაზე, ძალიან ნაყოფიერი იქნება, შვილებიც ეყოლება და კარგი სქესობრივი ცხოვრება ექნება. ლეგენდას სხვადასხვანაირი ვარიაციებიც გაუჩნდა წლების განმავლობაში: მაგალითად, თუ ქალს უკვე ჰყავს სიმპათიური და სასურველი საყვარელი, მაშინ მხოლოდ ტუჩებზე უნდა აკოცოს ქანდაკებას. თუ დაორსულება უნდა, საკმარისია მარჯვენა ფეხზე შეეხოს. თუ ტყუპი უნდა, მარცხენა ტერფს უნდა შეეხოს... ფაქტია, ამ ყველაფრის ბევრს სჯერა ან უბრალოდ ერთობიან და მილიონობით ქალი შეხებია უკვე ვიქტორის საფლავს. ბრინჯაოს ქანდაკებაზე წლების განმავლობაში უკვე გახეხილიცაა ის ადგილები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ეხებიან.

dita2-1692779736.jpg

dita3-800x420-1692779736.jpg

ერთი პერიოდი მთავრობა შეაწუხა ხალხის ასეთმა ნაკადმა და 2004 წელს საფლავი შემოღობეს, რომ დაეცვათ, გამაფრთხილებელი დაფაც დაკიდეს, თუმცა უშედეგოდ - ღობე ერთ თვეში აღარ იყო.

ხანდახან ნუარის საფლავზე ბავშვების ფოტოებიც ჩნდება, იმ ქალების დატოვებული, რომლებიც ნუარის საფლავის მონახულების შემდეგ დაორსულდნენ და მადლიერება ასე გამოხატეს.

c5401d32167bc378012e5fa1d4db79ea-1692780534.jpg