როგორ უნდა შეამოწმოთ სწორად, ჰყავს თუ არა ბავშვს ტილები და როგორ მოაშოროთ დროულად, სანამ ძალიან გამრავლდება - მშობლები

როგორ უნდა შეამოწმოთ სწორად, ჰყავს თუ არა ბავშვს ტილები და როგორ მოაშოროთ დროულად, სანამ ძალიან გამრავლდება

2023-08-29 11:16:05+04:00

თავის ტილი პატარა, მონაცრისფრო- მოთეთრო ფერის პარაზიტია, რომელიც თავის თმიან ნაწილში იბუდებს. იგი დღის განმავლობაში 7-10 კვერცხს დებს, ე.წ. წილებს, რომლებიც მჭიდროდ ეკვრიან თმის ძირებს. მათგან ტილი 8 დღეში იჩეკება. გამოჩეკის შემდეგ კვერცხის გარეკანი უფრო შესამჩნევი ხდება, ის თავისით არ სცილდება თმას, მისი მოცილება თმის ზრდასთან ერთადაა შესაძლებელი ან ხელით. ტილების გავრცელებას ხელს უწყობს დატილიანებულ თმასთან თმით კონტაქტი, ვინაიდან ეს პარაზიტი არც დაფრინავს და არც დიდ მანძილზე დახტის. გადადება შესაძლებელია დატლიანებული პაციენტის მოხმარების საგნებითაც, (სავარცხელი, თეთრეული, ტანსაცმელი და ა.შ.) თუმცა ამ გზით ტილების გადაცემის რისკი უფრო დაბალია.

ტილების სასიცოცხლო ციკლი სამი ეტაპისგან შედგება: წილი (კვერცხი), ნიმფები, რომლებიც წილისგან გამოიჩეკება და ზრდასრული ტილი, რომელიც დაახლოებით სეზამის მარცვლის ზომისაა (ის შეიძლება იყოს ყავისფერი ან მონაცრისფრო-თეთრი შეფერილობის) .

ტილებს ფრენა და ხტუნვა არ შეუძლიათ, მაგრამ მჭიდრო კონტაქტის შემთხვევაში სწრაფად დაცოცავენ ერთი თავიდან მეორეზე. ტილები შეიძლება გაუჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, ჰიგიენის ხარისხის მიუხედავად.

რა ნიშნები მიუთითებს ტილების არსებობაზე

ყველაზე გავრცელებული სიმპტომი, რომელიც ტილების არსებობაზე მიუთითებს, სკალპის ქავილია. ეს გამოწვეულია მწერების ნერწყვზე რეაქციით. ყველაზე ხშირად ბავშვებს ყურების უკან ან კისრის უკანა მხარე ექავებათ. ქავილი ტილების მოცილების შემდეგაც კი შეიძლება გაგრძელდეს.

სხვა სიმპტომები:

  • თავზე ძლიერი ღიტინის ან ცოცვის შეგრძნება.
  • გაღიზიანებადობა.
  • ძილის გაძნელება (ქავილის გამო).
  • სკალპის ტკივილი ან სიწითლე

თუ ბავშვი უჩივის ქავილს და ტილებზე ეჭვი გაგიჩნდათ, სწორად უნდა შეამოწმოთ, რადგან სანამ ძალიან გამრავლდება, მათი შემჩნევა იოლი არ არის.

შემოწმების წესი:

  • აირჩიეთ კარგად განათებული ოთახი და დააყენეთ ბავშვი ფანჯარასთან ან ჭაღთან ახლოს. შეგიძლიათ დამატებით ფანარი ან მაგიდის ნათურა გამოიყენოთ.
  • აიღეთ წვრილი და ხშირკბილებიანი სავარცხელი. ასეთი სავარცხელი ალბათ ყველას გეცნობათ.
  • savarcxeli-1693293887.jpg
  • დაათვალიერეთ სკალპი, ყურების მიდამოები და კისრის უკანა ნაწილი ტილების კვერცხების აღმოსაჩენად. ისინი საკმაოდ მცირეზომისაა და თმის ცალკეულ ღეროებზე, ძირებთან ახლოსაა მიმაგრებული. დაყავით თმა სავარცხლით და დაათვლიერეთ ფანრით, რომ უკეთ დაინახოთ.
  • წილებისგან განსხვავებით, ტილები განუწყვეტლივ მოძრაობენ. მათი მოძრაობის სიმაღლე სკალპიდან 1-2 სანტიმეტრია.

ტილების მკურნალობა

არ მიმართოთ თვითმკურნალობას და არ გამოიყენოთ პრეპარატები, რომლებიც უშუალოდ ადამიანის თავის ტილისთვის არ არის განკუთვნილი. მწერების და რწყილების საწინააღმდეგო საშუალებები ამ დროს კატეგორიულად აკრძალულია. უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც ტილების საწინააღმდეგო პრეპარატებს დაგინიშნავთ. მათი გამოყენების ინსტრუქცია კი მკაცრად უნდა დაიცვათ. ამის შემდეგ აუცილებელია თმის ვარცხნა მჭიდრო სავარცხლით:დაასველეთ თმა და წაუსვით კონდიციონერი, რათა სავარცხელმა ტილები და წილები ადვილად გამოიტანოს. ვარცხნეთ პატარ-პატარა უბნები ძირებიდან ბოლოებამდე. ყოველი ჩამოსმის შემდეგ სავარცხელი შეამოწმეთ და ნოტიო ხელსახოცზე გაწმინდეთ. 2-3 კვირის განმავლობაში ვარცხნის პროცედურა ყოველდღიურად ჩაიტარეთ.

ოჯახის სხვა წევრების ტილებით დაინფიცირებისგან თავის დასაცავად, მკურნალობის დროს, მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს, უფრო ხშირად გარეცხეთ და გააუთოვეთ ბალიშის პირები, ქუდები, პირსახოცები და ტანსაცმელი.

რომელი საშუალებებია ყველაზე ეფექტური ტილების წინააღმდეგ - ზაზა თელიას რეკომენდაციები
როგორ დავიცვათ ბავშვი ტილებისგან? - სპეციალისტის პასუხები აქტუალურ კითხვებზე
როგორ დავიცვათ ბავშვი ტილებისგან? - სპეციალისტის პასუხები აქტუალურ კითხვებზე
ბავშვს რომ ტილები არ გადაედოს: გასწავლით ეფექტურ პროფილაქტიკას