პირველი კლასი ძალიან სათუთი და მნიშვნელოვანი ეტაპია მოსწავლესთვის. ამ დროს მას მაქსიმალური მზაობა და მობილიზება სჭირდება, რომ ახალ გარემოებებს, ახალ როლს და პასუხისმგებლობებს ზედმეტი სტრესის გარეშე გაუმკლავდეს. ფსიქოლოგიური მზაობის გარდა მას ფიზიკური მზაობაც სჭირდება, ამიტომ სკოლაში შესვლამდე, სასურველია, რამდენიმე სპეციალისტმა შეაფასოს მისი ფიზიკური მდგომარეობა სკოლისთვის.
1. ოფთალმოლოგი. მხედველობის კონტროლი საჭიროა როგოც სკოლაში შესვლამდე, ისე სწავლის დაწყების შემდეგ. სულ პატარა პრობლემამაც კი შეიძლება ბავშვს გაურთულოს მასალის ათვისება, დავალების შესრულება და სწავლაზე თავიდანვე გული ააცრუებინოს. ამიტომ, სანამ პრობლემა გაღრმავდება და მას თქვენც შეამჩნევთ, პროფილაქტიკური ვიზიტი აუცილებელია.
2. ოტოლარინგოლოგი. შეამოწმებს ყურების, ყელისა და ცხვირის მდგომარეობას. ეს დაგეხმარებათ, რომ ვირუსების სეზონი უფრო მარტივად გადაიტანოთ და ბევრი გაცდენა არ მოგიხდეთ..
3. სტომატოლოგი. თანკბილვასთან დაკავშირებული პრობლემების გამოსარიცხად, რომლებიც შემდეგ მეტყველების პრობლემებს ქმნიან, მდგომარეობა სტომატოლოგმა უნდა შეაფასოს .
4. ნევროლოგი. თუ ბავშვი სკოლაში წასვლის წინ ღელავს და გაღიზიანებულია, აწუხებს თავის ტკივილი, კარგად არ ძინავს და ხშირ-ხშირად ეღვიძება, ნევროლოგის კონსულტაცია აუცილებელია. ასევე, ნევროლოგი ყურადღებას მიაქცევს ნერვულ ყურადღების პრობლემებს, მოტორულ განვითარებას..
5. ორთოპედი. უნდა შეაფასოს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობა - ტერფი, დგომა, ტანადობა, ხერხემლის გამრუდება. ორთოპედი გირჩევთ, თუ როგორ მოაწყოთ იდეალური სამუშაო ადგილი მომავალი მოსწავლისთვის. რა სიმაღლის მაგიდა და სკამი დასჭირდება, რა ზომის ზურგჩანთა და ფეხსაცმელი. საჭიროების შემთხვევაში, ვარჯიშებს ან მასაჟს დანიშნავს.
6. ლოგოპედი ან ფსიქოლოგი. ის შეამოწმებს საარტიკულაციო აპარატის მდგომარეობას და მეტყველების დეფექტების გამოსწორებაზე იზრუნებს, ასევე შეაფასებს რამდენად მზადაა ბავშვი ყოველდღიური სასწავლო რეჟიმისთვის.
საჭიროების შემთხვევაში, ექიმების სია შეიძლება გაფართოვდეს - ეწვიეთ კარდიოლოგს, ნეფროლოგს და სხვა სპეციალისტებს.
სკოლამდე სასურველია, ბავშვს გაკეთებული ჰქონდეს მუცლის ღრუს ექოსკოპია, ექოკარდიოლოგიური გამოკვლევა, ფარისებრი ჯირკვლისა და რეპროდუქციული ორგანოების მდგომარეობა .
ასევე დაგჭირდებათ შარდის, სისხლისა და განავლის ანალიზი.