დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება, ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში - ამის შესახებ გარემოს ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს.
"მაღალი ტემპერატურის ფონზე, 1-2 სექტემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელჭექით, დასავლეთ საქართველოში კი უნალექო ამინდი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +28, +33 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, დასავლეთ საქართველოში კი +31, +36 გრადუსის ფარგლებში. თბილისში დღეს შესაძლებელია, დროგამოშვებით მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 31 აგვისტოსა და 1-2 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა კი +30, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება." - გვითხრეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
გარდა ამისა, ვიკითხეთ, როგორია სექტემბრის თვის ზოგადი პროგნოზი და საშუალო ტემპერატურა:
"დასავლეთ საქართველოში სექტემბერში თვის საშუალო ტემპერატურა +21, +23 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1-2 გრადუსით მაღალია. ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება +11, +14 გრადუსამდე. ხოლო, ტემპერატურის მომატება +34, +36 გრადუსამდე. ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიურ მაჩვენებელზე ნაკლები და მასთან ახლოს იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, თვის საშუალო ტემპერატურა +20, +22 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 2 გრადუსით მაღალია. ტემპერატურის დაკლება ცალკეულ დღეებში შესაძლებელია +10, +7 გრადუსამდეა შესაძლებელი, მომატება კი +34, +36 გრადუსამდე. ნალექების რაოდენობა საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე ნაკლებია მოსალოდნელი." - აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
თამარ იაკობაშვილი