15 სექტემბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება. ეს ეტაპი კი განსაკუთრებით საპასუხისმგებლო პირველკლასელებისთვისაა. დღეს გაგიზიარებთ ფსიქოლოგების რჩევებს, როგორ შეიძლება თქვენს შვილებს პროცესი გაუმარტივოთ და წინასწარ, დროთა განმავლობაში სწავლისთვის მოამზადოთ:
ყურადღებისა და კონცენტრაციის უნარი დროთა განმავლობაში გამომუშავდება. ძალიან მნიშვნელოვანია, ასწავლოთ ბავშვებს, რომ ბოლომდე მიიყვანონ ის, რაც დაიწყეს, შუა გზაში არასოდეს მიატოვონ და გააკეთონ ის, რაც შეუძლიათ. მაგალითად, სთხოვეთ, რომ დაასრულოს სათამაშოების გაწმენდა და დალაგება.
ლოგიკური აზროვნების განვითარების მთავარი გზა შვილთან საუბარია. წიგნის კითხვისას განიხილეთ, რა მოხდა და რატომ, დარწმუნდით, რომ ბავშვს ესმის ამბის ლოგიკა. იგივე შეიძლება გაკეთდეს ფილმების/მულტფილმების ყურებისას და დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების განხილვისას. გარდა ამისა, არსებობს უამრავი დავალება, რომლებითაც შეგიძლიათ, ბავშვს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები აჩვენოთ, განიხილოთ, რა რის შემდეგ უნდა გააკეთოს. ეს უნარი მას სკოლაში პროგრამის ათვისებაში ძალიან გამოადგება.
მეტყველება ბევრი კითხვითა და საუბრით ვითარდება. ამიტომაც, პატარა ასაკიდანვე, მიეცით თქვენს შვილს შესაძლებლობა, საკუთარი აზრი გამოხატოს, თქვას, რა მოსწონს ან არ მოსწონს. ახსნას ფაქტები, დასვას ბევრი შეკითხვა და მოიძიოს პასუხები.
შეეცადეთ, ბავშვს შესთავაზოთ სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც მას მეხსიერების განვითარებაში დაეხმარება. მაგალითად, მოგზაურობებისას სთხოვეთ, დაიმახსოვროს ადგილები, სად იყავით, რა წაიკითხა, ვინ იყვნენ მთავარი გმირები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, შეგიძლიათ, პატარა აქტივობა შესთავაზოთ: მაგალითად, აჩვენეთ 10 ნივთი, სთხოვეთ, რომ დაიმახსოვროს, შემდეგ ერთი ელემენტი ამოიღეთ. მან უნდა გამოიცნოს, რომელი ნივთი ამოიღეთ. მსგავსი აქტივობები ბავშვის მეხსიერებას აუმჯობესებს და უფრო სხარტს ხდის.
ბავშვს გარკვეული მოვლენებისა და ფაქტების განზოგადება უნდა შეეძლოს, რომ შემდეგ სასკოლო პროგრამასაც ადვილად აუწყოს ფეხი. მაგალითად, კლასიფიკაციის მიხედვით გადაალაგებინეთ, ხილი, ბოსტნეული, შემდეგ კი სთხოვეთ, მათგან სამკუთხედის, წრის, ან სხვა გეომეტრიული ფიგურის მსგავსი ნივთები ერთად გადააწყოს, ფერის და ზომის განურჩევლად.
ბავშვი მცირე ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს, რომ გარკვეული წესებისა და ინსტრუქციების შესრულება მოუწევს. მაგალითად, სთხოვეთ განრიგი დაიცვას, პირობითად, ჯერ საკუთარი ოთახი მოაწესრიგოს, შემდეგ სათამაშოებს მიხედოს, შემდეგ რაღაც წაიკითხოს. ამ გზით, მისთვის უცხო აღარ იქნება, მასწავლებელი სხვადასხვა ინსტრუქციის შესრულებას რომ სთხოვს.
ხატვა, ძერწვა, ქარგვა, კერვა, თიხაზე მუშაობა მოტორული უნარების განვითარებისთვის შესანიშნავი საშუალებაა. ამიტომ, ჩართეთ თქვენი შვილი მსგავს აქტივობებში და მიეცით შემოქმედებითი თავისუფლება. ეს ყველაფერი ავარჯიშებს ხელებს და ბავშვი სკოლისთვის, დავალებების დასაწერად ირიბად უკვე ემზადება.
ბავშვები ბუნებით ცნობისმოყვარეები არიან და სურთ, ყველაფერი იცოდნენ. წაახალისეთ მათი ცნობისმოყვარეობა, ექსპერიმენტების, ახლის აღმოჩენის სურვილი.
რაც მთავარია, არ შეაშინოთ ბავშვი, რომ სკოლაში სწავლა რთული იქნება, მაგრამ, ამავდროულად, აუხსენით, რომ საკითხს სერიოზულად უნდა მოეკიდოს. ეთამაშეთ სკოლობანა, მასწავლებლობანა და მისთვის ეს მოდელი უცხო აღარ იქნება.