ჯერ კიდევ 2017 წელს მსოფლიო პრესაში გამოჩნდა ცნობები, რომ წყვილს აიდაჰოდან სიამის ტყუპი შეეძინა. 22 წლის ჩელსი ტორესმა ორსულობის პერიოდშივე შეიტყო, რომ მისი შვილები ამ დეფექტით დაიბადებოდნენ, თუმცა გადაწყვიტა, გაეჩინა და აღეზარდა. ექიმები ეუბნებოდნენ, რომ ბავშვები დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ და შესაძლოა, მშობიარობის დროსაც გარდაცვლილიყვნენ. საბედნიეროდ, ორივე მათგანი გადარჩა.
პატარა გოგონებს მშობლებმა კელი და კარტერი დაარქვეს. ისინი გულმკერდით არიან შეერთებულნი. როგორც ცნობილია, ასეთი შემთხვევა დედამიწაზე მხოლოდ 5%-ში ხდება. ბავშვების დედა, ჩელსი ამბობს, რომ როდესაც ისინი ჯერ კიდევ ძალიან პატარები იყვნენ, ქუჩაში ეტლით რომ გაჰყავდა, ზეწარს აფარებდა, რომ ცნობისმოყვარე ადამიანებისაგან დაეცვა. მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ, ქალმა სოციალურ ქსელში ბავშვებისთვის პროფილი შექმნა და გამომწერებს მათ ყოველდღიურობას უზიარებს.
"როდესაც პატარები იყვნენ, ძალიან მიჭირდა. ხალხი მათთან ფოტოებს იღებდა. ეს იმდენად გამაღიზიანებელი იყო, რომ ერთხელ მახსოვს, ვიღაცას ტელეფონიც კი გავუტეხე." - ამბობს ჩელსი.
თუმცა, დროთა განმავლობაში, მათ ცნობისმოყვარე სახეებთან გამკლავება ისწავლეს და ახლა დედა საკუთარ შვილებს აღარ მალავს.
სოციალური ქსელის საშუალებით, ქალმა სხვა სიამის ტყუპები იპოვა და კელი და კარტერი ახლა მათთან ერთადაც ერთობიან. დედა მუდმივად ცდილობს, შვილების განვითარებას ხელი შეუწყოს. გოგონები სპეციალური ეტლით გადაადგილდებიან, მაგრამ ფიზიოთერაპიის დახმარებით, დამოუკიდებლად სიარულსაც სწავლობენ.
"მათ უკვე შეუძლიათ, დამოუკიდებლად 40 ნაბიჯი გადადგან." - ამბობს ჩელსი.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონები იდენტური ტყუპები არიან, მათ სრულიად განსხვავებული ხასიათი აქვთ. კელი უფრო მშვიდია, უყვარს ვიდეოების ყურება, კარტერი კი - უფრო აქტიური, უყვარს რაღაცების აწყობა და თამაში.
გოგონების დედა ამბობს, რომ ბავშვები ერთმანეთის გრძნობებს ხვდებიან და როცა ერთი ცუდადაა, მეორეც გრძნობს ამას. ჩელსი აღნიშნავს იმასაც, რომ ბავშვებისთვის ტანსაცმლის შეძენა დიდი პრობლემაა, ამიტომაც შესაბამის სამოსს უკერავს.
ქალი ამბობს, რომ ბავშვების განცალკევების ოპერაციას არ დასთანხმდა. გოგონებიც წინააღმდეგნი არიან, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, ასე თავს კომფორტულად გრძნობენ და განსხვავებულად ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.