Imagine Dragons-ის სოლისტს, მომღერალს, სიმღერების ავტორს, პროდიუსერს დენ რეინოლდსს ალბათ უკვე მთელი საქართველო იცნობს, ვინც იყო მის კონცერტზე და ისიც, ვინც არ იყო. 36 წლის ვარსკვლავს და მის ჯგუფს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მთელ მსოფლიოში. მოდით, ცოტა უფრო ახლოს გავიცნოთ და გავიგოთ მისი ოჯახური და პირადი ამბები.
1987 წლის 14 ივლისს დაიბადა ნევადაში, ლას-ვეგასში. მეშვიდე ბავშვი იყო ცხრაშვილიან ოჯახში. 6 წლიდან უკრავდა ფორტეპიანოსა და სხვა მუსიკალურ საკრავებზე, საკმაოდ ნიჭიერი იყო, თუმცა მუსიკოსობაზე არ ფიქრობდა. დაზვერვის ფედერალურ ბიუროში სამსახურს გეგმავდა და კოლეჯშიც კი ჩააბარა. თუმცა სტუდენტობის წლებში, მეგობრებთან ერთად - ენდრიუ ტოლმანთან და ბრიტანი ტოლმანთან ერთად შექმნა მუსიკალური ჯგუფი. თავიდან ქავერებს მღეროდნენ ბარებში და წვეულებებზე, მერე კი საკუთარი სიმღერებიც შექმნეს. მალე ჰობი უფრო დიდ რამეში გადაიზარდა, შემოერთეს სხვა წევრებიც და სერიოზულ ჯგუფად ჩამოყალიბდნენ. დღეს "გრემის" მფლობელებიც არიან, საუკეთესო ალბომის ტიტულისაც და მსოფლიო ტურნეებსაც ატარებენ.
დენი მორმონების ოჯახში დაიბადა და ახალგაზრდობაში მორმონთა მისიაშიც მსახურობდა ორი წელი, მორმონთა სახარებას ავრცელებდა და ადამიანებს ეხმარებოდა. თუმცა შემდგომში სრულიად შეიცვალა შეხედულებები და უფრო მეტიც, მორმონთა რელიგიურ საზოგადოებაში ლგბტ თემის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება მის შემდგომ ცხოვრებაზე აისახა. აქტიურად ემხრობა ლგბტ-მოძრაობას, მონაწილეობს საქველმოქმედო კონცერტებში.
სხვათა შორის, Imagine Dragons-ის კარიერის დასაწყისში ჯგუფის სხვა წევრებიც იყვნენ მორმონები, მკაცრად იცავდნენ წესებს და კვირაობით კონცერტებსაც კი არ ატარებდნენ.
რეინოლდსი 2011 წელს დაქორწინდა ეიჯა ვოლკმენზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა. თუმცა მათ ქორწინებას ბევრმა შვილმა ვერ უშველა და 7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცალ-ცალე ცხოვრება დაიწყეს, ოფიციალური გადაწყვეტილებების გარეშე. 2023 წელს კი ოფიციალურადაც გაიყარნენ.