ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე პაციენტების ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს. გამოქვეყნებულ ვიდეოებში იგი საუბრობს, შესაძლებელია, თუ არა ბავშვის სქესის გამოთვლა და ზოგადად, რა მეთოდითაა სქესის დაგეგმვა შესაძლებელი:
- მომავალი ბავშვის სქესს სპერმატოზოიდი განსაზღვრავს. გოგონა დაიბადება, თუ ბიჭი, დამოკიდებულია იმაზე, კვერცხუჯრედს რომელი სპერმატოზოიდი გაანაყოფიერებს - X ქრომოსომის შემცველი, თუ Y ქრომოსომის. წინასწარ ბავშვის სქესის გამოთვლა შეუძლებელია. ასევე, სქესის დაგეგმვა ფიზიოლოგიურ ციკლში შეუძლებელია. მაგრამ, არსებობს ერთი მეთოდი - ინვიტრო განაყოფიერებით, როდესაც მიიღება ემბრიონები, მათი ანალიზით, პრეიმპლანტაციური გენეტიკური გამოკვლევაა შესაძლებელი, რომლის შედეგად ემბრიონის სქესი დგინდება და შემდეგ მისი გადატანა ხდება. მაგრამ, მოგეხსენებათ, ეს პროცედურა საკმაოდ ძვირად ღირებულია და თან ჩვენს ქვეყანაში სქესის მიხედვით ორსულობის დაგეგმვა კანონმდებლობით აკრძალულია.