ბავშვის განვითარების შესახებ თემებს წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი"
პირველი კლასი არა მხოლოდ ბავშვისთვის, მშობლებისთვისაც გამოწვევაა. შესაბამისად, შეცდომებისგანაც არავინაა დაზღვეული. წარმოგიდგენთ პირველკლასელთა მშობლების 5 ყველაზე ხშირ შეცდომას.
თავიდან შეიძლება მხოლოდ დაეხმაროთ. „მიყუროს და თანდათან ისწავლისო“ - ასე ფიქრი შეცდომაა. ყველა უნარი პრაქტიკით გამომუშავდება. ბავშვმა თავად უნდა ჩაალაგოს ჩანთა, თქვენ, უბრალოდ, გზადაგზა საჭირო შეკითხვებით ეხმარებით: „ხომ არაფერი გრჩება?“, ხატვის გაკეთველისთვის რა დაგჭირდება?“, „მოდი, შევამოწმოთ, ყველაფერი ჩადე თუ არა.“
თუ სკოლის ჩანთა ბავშვის ხელში მხოლოდ კლასში შესვლის წინ აღმოჩნდება, ეს უკვე ნორმად იქცევა. ის ჩანთას, როგორც პირად პასუხისმგებლობას, აღარასოდეს აღიქვამს. ჯობია, თავიდან მიეჩვიოს, რომ მასზეა ჩანთის ჩალაგება დამოკიდებული.
როცა სკოლაში შესვლამდე არწმუნებთ, რომ სკოლაში ყოველთვის მხიარულებაა და საინტერესოა იქ ყოფნა, მას იმედგაცრუებისთვის წირავთ. იმისთვის, რომ სკოლაში კარგი განწყობით წავიდეს, მშობლები სრულიად არარეალურ სურათს უხატავენ შვილებს და იქაურობას საოცნებო ადგილად უსახავენ. პირდებიან, რომ ბევრ ახალ მეგობარს გაიჩენს.
სინამდვილეში სკოლაში ყველა მაშინვე ვერ იჩენს მეგობრებს. სიტუაციაც სკოლაში ხან მხიარულია, ხან დამღლელი და მოსაწყენი. თუ ბავშვი დაიჩივლებს, რომ გაკვეთილი მოსაწყენი იყო და ამ დროს დედა ეტყვის: „რას ამბობს, რამდენ ახალ რამეს იგებ, მოსაწყენი კი არა, ძალიან საინტერესოა“, დედა-შვილს შორის კომუნიკაცია ირღვევა. ბავშვი ასკვნის, რომ მისი არ ესმით. ასე რომ, ნუ გააუფასურებთ მის შეხედულებებს და სერიოზულად აღიქვით მისი შთაბეჭდილებები.
პირველ კლასში რომ ნიშნები არ იწერება, ამას თავისი მყარი არგუმენტი აქვს. პირველკლასელის ნაშრომის კრიტიკულად შეფასება არ შეიძლება. ამ დროს პატარები ძალიან ემოციურად რეაგირებენ შენიშვნაზე და შეიძლება გადაწყვიტოს, რომ რაკი კარგად ვერ დაწერა, ესე იგი თავადაც არ არის კარგი.
ნურც იმას აგრძნობინებთ, რომ კარგი ნიშნების გამო უნდა ისწავლოს და თქვენს განწყობას მისდამი ნიშნებზე დამოკიდებულს ნუ გახდით.
ბევრი მშობელი აიძულებს პირველკლასელ ბავშვს, რომ ჯერ „შავ ფურცელზე“ შეასრულოს დავალება და მერე „გადაათეთროს“. ეს ყველაზე მავნე პრაქტიკაა და ბავშვის გადაღლას იწვევს. მისგან სარგებელი თითქმის არ არის, მავნებლობა კი აშკარაა. ბავშვს სძულდება სკოლა და მეცადინეობის პროცესი. ეკარგება მოტივაცია.
პირევლ კლასში სულაც რომ არაფერი ჰქონდეს სასწავლი, სიახლეებისადმი ადაპტაციას იმხელა შინაგანი რესურსი სჭირდება, რომ საკმაო სტრესს იწვევს. ამიტომ ნუ გადატვირთავთ პირველკლასელს იმ მოტივით, რომ "სკოლაში სასწავლი არაფერია და მოდი, წრეებზე მაინც იაროს".
ამ სტრესის გადალახვას დიდი ენერგია სჭირდება - ფიზიკურიც და ფსიქიკურიც. ამიტომ, დააცადეთ ბავშვს, დაისვენოს, ითამაშოს, ისეირნოს და ის აკეთოს, რაც უყვარს.