გვეჩვენება, რომ სიცოცხლის პირველ თვეებში ჩვილებს ძილის, გამოცვლის და ჭამის მეტი არაფერი უნდათ. სინამდვილეში, ბავშვს ბევრი საქმე აქვს: მას სჭირდება დედის სახეზე შეხება, თითის ზედაპირზე ცაცუნი და კოვზის მყარ ზედაპირზე შემორტყმაც. ამ ყველაფერს თავისი ახსნა აქვს.
თუ თქვენს პატარას ეს ჩვევები ჯერ არ განვითარებია, მალე განუვითარდება. თითოეული მოქმედება ზრდის გარკვეულ პერიოდს შეესაბამება. აი, რისი გაკეთება უყვარს ბავშვს სიცოცხლის პირველ თვეებში?
როდესაც ახალშობილს არ სძინავს და არ ჭამს, მას ძალიან აინტერესებს დედის ან მამის სახე - ის, ვისაც ხელში უჭირავს ან მის გვერდით არის. ამას თავისი მიზეზი აქვს: ახალშობილის თვალები საუკეთესოდ ფოკუსირებულია 20-დან 40 სმ დისტანციამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კარგად დაგინახავთ მხოლოდ მაშინ, როცა ძალიან ახლოს ხართ.
"თვალებით კონტაქტი ძალიან მნიშვნელოვანია თვითგადარჩენისთვის. ამის გამო ტვინი ასეთი სიფრთხილით ამუშავებს არავერბალურ ინფორმაციას - ადამიანის მზერას და მიმიკას. დაახლოებით ორი თვის ასაკში ბავშვს შეუძლია დედის სახის ამოცნობა და იწყებს ღიმილით პასუხს“, - ამბობს პედიატრი ტანია რუმერ ალტმანი, მედიცინის დოქტორი და აღზრდის შესახებ წიგნების ავტორი.
ჩვილები პირველად სახეს გარეგანი მახასიათებლების საფუძველზე ცნობენ, როგორიცაა თმა, ნიკაპი ან თავის ფორმა. ასაკის მატებასთან ერთად ისინი საყვარელ ადამიანს სახის ნაკვთებით განასხვავებენ.
ბავშვს ფერების გარჩევის უნარი დაახლოებით 3 თვის ასაკიდან ეწყება. წითელი მისი ფავორიტი ფერია. ის მას სხვებზე უკეთ ცნობს.
ახალშობილი საერთოდ არ ხედავს ფერს, აქედან გამომდინარეობს მისი ადრეული გატაცება შავ-თეთრი ფიგურები და სათამაშოებია. 4 თვის შემდეგ კი მისი გარემომცველი სამყარო ფერადდება. „პატარა ბავშვები მხოლოდ კაშკაშა ფერებს ხედავენ: წითელს, მწვანეს, ლურჯს და ყვითელს“, - ამბობს ელიოტი. ამიტომ სასურველია სათამაშოების ყიდვა და ბაგა-ბაღის ინტერიერის მოწყობა ფერთა ამ დიაპაზონში მოხდეს და არა ღია პასტელის ფერებში. სხვათა შორის, უფროსი ბავშვები, თუ არჩევანის საშუალება აქვთ, როგორც წესი, კაშკაშა ფერებს უფრო ირჩევენ, ვიდრე მკრთალს.
პატარა ლაქები იატაკზე, ლაქა ხალიჩაზე, ელექტრო სათამაშოს ხრახნი - რატომ ხიბლავს ეს წვრილმანები ბავშვებს ასე ძალიან? „ ის კარგად ამჩნევს კონტრასტს და საგნების კიდეებს. ისეთი რაღაცების ყურება უყვარს, როგორიცაა პაწაწინა წერტილები ან სინათლის სხივები“, - განმარტავს დოქტორი ალტმანი. ზოგიერთი ბავშვი, როდესაც ფეხს აიდგამს, იატაკზე დაგდებულ ნამცეცსა თუ აღმოჩენილ ნაპრალს ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს.
თუ თქვენს შვილს უყვარს კოვზის დოლივით ბრაგუნი მაგიდაზე, ტაფაზე ან კუბურების გადმოყრა იატაკზე, იცოდეთ, რომ ამ დაკაკუნებას მიზანი აქვს. ”ის ავითარებს მოტორულ უნარებს და აძლიერებს ამ ახალ უნარს გამეორებით”, - ამბობს ჯენ ბერმანი, წიგნის "A-Z გზამკვლევი ბედნიერი, თავდაჯერებული ბავშვების აღსაზრდელად" ავტორი. "თქვენი შვილი სწავლობს მიზეზ-შედეგობას: "როდესაც ურტყამს საგანს, ის გამოსცემს ხმას".
ბავშვს ძალიან ადრეული ასაკიდან უყვარს დამალობანას თამაში. გართობის გარდა, თამაში ეხმარება, ისწავლოს სიახლისადმი ყურადღების მიქცევის მნიშვნელოვანი პრინციპი. 8 ან 9 თვემდე ბავშვს ჰგონია, რომ თუ დამალვისას ვერ დაინახავს დამალულ ადამიანს, მაშინ ის წავიდა. 10 თვის ასაკში კი ბავშვს უკვე ესმის თამაშის წესები, ის თავადაც სიამოვნებით იმალება და გიყურებს, რომ გაგიკვირდეთ. ვინმეს ან რაღაცის დროებითი გაქრობა ააქტიურებს ბავშვის მეხსიერებას, ყურადღებას და კვლევის ინტერესს. გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა ცნობისმოყვარეობის ემოციები გაუძლიეროთ, „შეხვედრის“ სიხარული და გაოცება განაცდევინოთ.
სარკეებისადმი ინტერესი დაკავშირებულია მათ სიყვარულთან სახეების მიმართ. ჩვილები საკუთარ სახეს ანარეკლში ხედავენ, სხვა ბავშვი ჰგონიათ და მოსწონთ მისი ყურება. „თავიდან ბავშვმა არ იცის, რომ სარკეში თავად არის, ანარეკლს უღიმის, თითქოს სხვა ბავშვი იყოს, შემდეგ კი რეფლექსურად აგრძელებს ღიმილს“, - ამბობს დოქტორი ალტმანი. მხოლოდ 18 თვის ასაკში ბავშვს ესმის, რომ სარკეში საკუთარი თავის ანარეკლია.
ბევრ ჩვილს მოსწონს საკუთარი თავის „შეხსენება“ მაღალი ხმით - ყვირიან და ყვირიან. ასე სწავლობენ თავიანთ ვოკალურ შესაძლებლობებს, ამოწმებენ ხმის ძალას. ეს არის ერთ-ერთი პირველი გზა, რომლითაც ჩვილები ტირილის გარდა ექსპერიმენტებს სხვა ხმებზეც ატარებენ.