"ბავშვები, რომლებსაც მშობლები ზედმეტად აკონტროლებენ, ძალიან დაუცველ ადამიანებად იზრდებიან" - როცა ზრუნვა და "კარგი მშობლობა" საპირისპირო შედეგებს იძლევა - მშობლები

"ბავშვები, რომლებსაც მშობლები ზედმეტად აკონტროლებენ, ძალიან დაუცველ ადამიანებად იზრდებიან" - როცა ზრუნვა და "კარგი მშობლობა" საპირისპირო შედეგებს იძლევა

2023-09-11 11:52:52+04:00

ბავშვის აღზრდაში უამრავი მიდგომა არსებობს. მშობლებიც ათასნაირი ბუნებისანი არიან, მათ შორის ისეთები, ვისაც შვილზე სრული კონტროლი საუკეთესო და უსაფრთხო გზად მიაჩნია. როცა ფსიქოლოგები სხვადასხვა შეხედულებების მშობლებზე საუბრობენ, ზოგჯერ მათ გარკვეულ ტერმინებს უსადაგებენ. ასეთი იყო მაგალითად „ვერტმფრენი მშობლები“, რომლებშიც ჰიპერმზრუნველი მშობლები იგულისხმებოდნენ.

თუ მუდმივად და აკვიატებულად „ტრიალებთ“ თქვენ შვილის ირგვლივ, აკონტროლებთ მის ყოველ ნაბიჯს, მაშინ თქვენ „ვერტმფრენ მშობელს“ დაგიძახებენ. ბოლო წლებში დასავლურ მედიაში ძალიან პოპულარული გახდა ეს ტერმინი. ასეთი დედები და მამები ბავშვებს ჰიპერმზრუნველობით ხუთავენ, არ აძლევენ მათ დამოუკიდებლობას, სადაც საჭიროა თუ არასაჭიროა, დაცემის წინ „ჩალას უფენენ“ და ცდილობენ, მათ მაგივრად გადაწყვიტონ ყველაფერი.

მაგრამ სამყარო იცვლება. თანამედროვე ტექნოლოგიები მშობლებს საშუალებას აძლევს ბავშვების ცხოვრება, თუნდაც დისტანციურად, მკაცრად გააკონტროლონ და „ვერტმფრენი“ მშობლების ადგილს კიდევ უფრო დომინანტური და ძლიერი „დრონი მშობლები“ ​​იკავებენ. „დრონები“ ბავშვებზე კონტროლის ახალი დონეა.

წარმოიდგინეთ ჯაშუშური დრონი, რომელიც შეუმჩნევლად ტრიალებს ობიექტის თავზე, კითხულობს მონაცემებს, აფიქსირებს მას, აანალიზებს და გადასცემს დანიშნულების ადგილს. ამავდროულად, ინფორმაციის შეგროვებისას დრონი შეიძლება სულაც არ იყოს ახლოს დაკვირვების ობიექტისგან.

„დრონი“ მშობლები, რომლებიც „შეპყრობილნი“ არიან შვილების კონტროლით, დაახლოებით ერთნაირად მოქმედებენ - ისინი ისე მანიპულირებენ თავიანთი შვილების ცხოვრებით შორიდან , რომ შესაძლოა მათ არც კი იცოდნენ ამის შესახებ.

ჩვენს დროში სმარტფონები, სოციალური ქსელები, whatsapps, ჭკვიანი საათები და სხვა ციფრული ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ თვალყური ადევნოთ ყველაფერს, რაც ბავშვის ცხოვრებაში ხდება და ისე შეგიძლიათ ბავშვის ნაცვლად პრობლემების მოგვარება, რომ გვერდით ყოფნაც არ გჭირდებათ.

კონტროლი ძალიან მარტივი გახდა. საკმარისია, მაგალითად, ელექტრონულ დღიურში დაბალი ნიშნის დანახვისას მასწავლებელს WhatsApp-ში მისწეროთ და სთხოვოთ, მისცეს მას გამოსწორების შესაძლებლობა. ან თუ ბავშვს კონფლიქტი აქვს კლასელთან, მესინჯერით მშობლების ჯგუფში გადახვიდეთ და მათი მეშვეობით მოაგვაროთ პრობლემა.

ფოტოები

ბავშვს შეიძლება ეჭვიც არ ჰქონდეს ,რომ მის ცხოვრებას ყურადღებით ადევნებენ თვალყურს და მის ქმედებებს გულდასმით აკონტროლებენ.

ფსიქოლოგები გამუდმებით გვაფრთხილებენ, რომ აღზრდის ამ სტილს ბავშვებისთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. ზედმეტი დაცვა ართმევს ბავშვს შესაძლებლობას, ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება ისწავლოს, გაიგოს რა არის ფსიქიკური ტკივილი და როგორ გაუმკლავდეს მას. მშობლების ინსტინქტური სურვილი, დაიცვან ბავშვი საფრთხისგან, სავსებით ბუნებრივია. მაგრამ როცა არ იცის, როგორ გაუმკლავდეს პრობლემებს და უარყოფით ემოციებს, ბავშვი ძალიან დაუცველ ადამიანად იზრდება.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ „დრონი“ მშობლები ქვეცნობიერად ხელმძღვანელობენ არა ბავშვისთვის სიკეთის კეთებით, არამედ სრულიად ეგოისტური მოტივებით. ისინი შვილის ცხოვრების გზას თავიანთი გადმოსახედიდან აშენებენ და ემთხვევა თუ არა ეს არჩევანი იმას, რაც ბავშვს ნამდვილად სურს, „დრონებს“ დიდად არ აინტერესებთ.

აქედან გამომდინარე, ყურადღებით დააკვირდით, როგორ ურთიერთობთ ბავშვთან, ხომ არ გადალახეთ ის ზღვარი, რომლის მიღმაც ჰიპერმზრუნველობა იწყება და შემთხვევით, დახმარების ნაცვლად ხელ-ფეხს რომ არ უბოჭავთ და გასაქანს არ აძლევთ ბავშვს?