2020 წლის ოქტომბერში კარპინსკში, სვერდლოვსკის ოლქში, პატარა გოგონა ერთ-ერთი ბინის კარადაში ჩაკეტილი შემთხვევით აღმოაჩინეს. ის ცოცხალი იყო, თუმცა ძალიან გამხდარი და დაუძლურებული.
შემზარავი ფაქტი გოგონას დედის მეგობარმა გამოავლინა. ის მათ სახლში მივიდა, მოულოდნელად კარადიდან რაღაც უცნაური ხმა შემოესმა. კარადა რომ გამოაღო, სპორტული ჩანთა დახვდა, შიგნით კი ბავშვი იყო...
როგორც მოგვიანებით გაირკვა, 37 წლის ქალს, სახელად პოლინა, ორი უფროსი შვილი ჰყავდა, პატარა გოგონა კი აპრილში შეეძინა. პოლინამ სახლში იმშობიარა და ყველა, ვინც მისი ორსულობის შესახებ იცოდა, დაარწმუნა, რომ ბავშვი მკვდარი დაიბადა.
როდესაც 6 თვის გოგონა იპოვეს, ის 3 კილოგრამს იწონიდა. ბავშვი სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს, დედის წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით აღიძრა.
ბავშვი უფროსი ძმის წყალობით გადარჩა, რომელიც დედის არყოფნის დროს, გოგონას ფარულად აჭმევდა. თუმცა, ვინმესთვის ამ ამბის გამხელის ეშინოდა და არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.
პატარა გოგონა საავადმყოფოში მოაძლიერეს, შემდეგ კი ბავშვთა სახლში გადაიყვანეს. მისი შვილად აყვანა ბევრ ადამიანს სურდა, თუმცა ბებიას მაინც უპირატესობა ენიჭებოდა. გოგონა საბოლოოდ ახლობლებს გადაეცა.
"ბავშვი ნათესავებთანაა, ვითარდება, ასაკის შესაბამისად იკვებება, ყველაფერი რიგზე აქვს და უსაფრთხო გარემოში იმყოფება." - თქვა ბავშვთა უფლებების დამცველმა.
2022 წლის 31 მარტს დედას განაჩენიც გამოუცხადეს. ექსპერტიზის დასკვნით, ქალი ამას სრულიად გააზრებულად აკეთებდა და რაიმე ფსიქიკური პრობლემა არ ჰქონია. მან პატარა გოგონა სპორტულ ჩანთაში მოათავსა და კარადაში ჩაკეტა. სასამართლოზე გაჟღერდა ისიც, რომ მაშინაც კი, როცა ბავშვი ცუდად იყო, დედა ყურადღებას არ აქცევდა და სამედიცინო დაწესებულებას არ მიმართავდა. კარპინსკის სასამართლომ მას 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და სოლიდური თანხითაც დააჯარიმა. თუმცა, განაჩენი სისრულეში რამდენიმე წელში შევა, მას შემდეგ, რაც ქალის შუათანა შვილი 14 წლის გახდება.