ბავშვის განვითარების შესახებ თემებს წარმოგიდგენთ ჟურნალი "საბავშვო კარუსელი"
18 სექტემბერს საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდება. ეს ეტაპი ზოგჯერ მშობლებისა და შვილებისთვის განსაკუთრებით რთულია, რადგანაც ბავშვს ახალ გარემოსთან შეგუება უჭირს.არადა სკოლისთვის საჭირო უნარების გამომუშავება სწორედ ამ ეტაპზე ხდება და სკოლამდელი პერიოდი მნიშვნელოვან როლს ასრულებსშემდგომი წარმატებებისთვის.
ადრეული განათლების სპეციალისტი ნინო ალელიშვილი გვესაუბრება, რა უნარებს უნდა ფლობდეს სკოლამდელი ასაკის ბავშვი, რომ მომავალში სკოლასთან ადაპტირება მარტივად შეძლოს, არც სასწავლო მასალის ათვისება გაუჭირდეს და როგორ შეიძლება დავეხმაროთ მას საბავშვო ბაღთან შეგუებაში:
- 5-6 წლის ასაკში ბავშვი სხვადასხვა სფეროში თანაბრად უნდა ვითარდებოდეს და ბევრ განსხვავებულ უნარს ფლობდეს. ამაში საბავშვო ბაღსა და მშობელს განსაკუთრებული როლი აქვს. ფიზიკური განვითარების კუთხით მნიშვნელოვანია, ნატიფი და მსხვილი მოტორული უნარების განვითარება, ასევე უნდა განვითარდეს მეტყველების სფერო, შემოქმედებითი და სოციალურ-ემოციური უნარები- უნდა მოხდეს ბავშვის ჰოლისტური განვითარების ხელშეწყობა. სამწუხაროდ, ხშირად მშობლები ბავშვის სკოლისთვის მზაობას მხოლოდ შემეცნებით უნარებს უკავშირებენ. თუ მან ასოების ცნობა, ლექსები, სიმღერები იცის, ფიქრობენ, რომ სკოლისთვის მზადაა. რეალურად, სასკოლო მზაობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ბავშვი სოციალურად და ემოციურად იყოს განვითარებული. ფლობდეს ისეთ უნარებს, როგორებიცაა რიგის დაცვა, თანატოლებთან კომუნიკაცია, მათთან ერთად თამაში, მრავალფეროვან აქტივობებში ჩართვა, ინიციატივების გამოხატვა, ემოციების სახელდება და ა.შ.; სოციალური უნარების განვითარება აუცილებელია, რომ ბავშვი სკოლაში მისვლის შემდეგ სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთოს და გარემოსთან მარტივად ადაპტირება შეძლოს.
- საბავშვო ბაღში ყველა ამ უნარის განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. სწორედ ამიტომ, მას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს. სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარება თამაშით სწავლებას ეფუძნება. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრეულ ასაკში ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია და ყველანაირი უნარის განვითარება სწორედ ამ გზით ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ბაღის ბოლო წელი, როცა სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებას კიდევ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა- ბავშვები ბევრ სხვადასხვა აქტივობაში ერთვებიან, ახალ დავალებებს ასრულებენ, რომ შემდგომში ამ გზით განვითარებული უნარები და ცოდნა გამოიყენონ როგორც სკოლაში, ასევე ზოგადად ცხოვრებაში.
- საბავშვო ბაღში სიარული ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იქ მეტად კომპეტენტური ადამიანები მუშაობენ. მათ უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება აქვთ, რომ ბავშვის სხვადასხვა უნარის განვითარებას ხელი შეუწყონ. თუ ბავშვის საბავშვო ბაღში ტარება 3 წლიდან ვერ ხერხდება, მნიშვნელოვანია, 5 წლის ასაკში, 1 წელი მაინც ვატაროთ იმისთვის, რომ სოციალური უნარების სათანადოდ განვითარება შეძლოს. თანატოლებთან ერთად სხვადასხვა თამაშში ჩართვა, რიგითობის დაცვა, გარკვეული წესების დაცვა, საკუთარი აზრის გამოხატვა, მითითებების გათვალისწინება ყველაზე უკეთ მაინც ჯგუფური აქტივობების შედეგად ვითარდება. შეიძლება, აღნიშნული უნარების განვითარებაზე სახლშიც ვიზრუნოთ, მაგრამ ყველაზე კარგად ეს თანატოლებთან კომუნიკაციის შედეგად ყალიბდება, რომელსაც კომპეტენტური აღმზრდელი წარუძღვება. ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სკოლაში მისვლამდე ერთი წელი მაინც იაროს ბაღში, რომ შემდგომ სოციალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები აღარ შეექმნას.
- ბავშვისთვის საბავშვო ბაღში პირველად მისვლა სიახლესთან ასოცირდება. ახალ ეტაპზე გადადის და განსხვავებულ გარემოში უწევს ყოფნა. ბუნებრივია, ყველა ბავშვი სიახლეზე სხვადასხვანაირად რეაგირებს. ამ საფეხურზე მშობელიც და ბაღიც თანაბრად უნდა იყოს მობილიზებული, რომ მას ეს პროცესი გაუმარტივდეს. როდესაც მშობელი ბაღს შეარჩევს, ვიდრე სწავლა დაიწყება, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი წინასწარ მიიყვანოს, აჩვენოს გარემო,ეზო, გააცნოს მასწავლებლები, რომ შემდგომ პატარამ თავი უცხოდ აღარ იგრძნოს. ამისთვის ბაღიც მზად უნდა იყოს და მშობელს მხარი დაუჭიროს.
ვიდრე ბაღში წავიყვანთ, მნიშვნელოვანია, სახლშიც ვეთამაშოთ "ბაღობანა", ვესაუბროთ, ავუხსნათ, იქ რა ხდება, რა დახვდება, რისი გაკეთება მოუწევს. შევუქმნათ რეალისტური მოლოდინები. ერთად შევიძინოთ ბაღისთვის საჭირო ნივთები, პატარა ჩანთა, წყლის კონტეინერი. როდესაც წინაპირობა მომზადებულია, ბავშვს საბავშვო ბაღთან შეგუება ნაკლებად უჭირს. აღმზრდელის როლიც ძალიან დიდია. საბავშვო ბაღში მისვლის პირველი თვე ტრანზიციის პერიოდია და ბავშვები აქტიურად არ უნდა დავტვირთოთ. აღმზრდელმა უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ბავშვი მაქსიმალურად მარტივად შეეჩვიოს ახალ გარემოს-მოამზადოს სახალისო და საინტერესო აქტივობები და მაქსიმალურად ეცადოს, კარგად გაიცნოს თითოეული ბავშვი. თავიდან მშობლის ჯგუფში დარჩენა მიღებული პრაქტიკაა. ესეც ბაღთან ერთად უნდა დაიგეგმოს. შესაძლოა, პირველ დღეს უფრო დიდხანს დარჩეს, მეორე დღეს მოაკლდეს დრო და ასე შემდეგ. განრიგი ბავშვის ქცევიდან გამომდინარე დგება - ზოგს შესაძლოა, შედარებით ნაკლები დრო დასჭირდეს, ზოგს კი 2 კვირის განმავლობაში ახლდეს მშობელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი საბავშვო ბაღში თავიდანვე სრული დღით არ დავტოვოთ. უნდა მივცეთ დრო, რომ ახალ გარემოს ნელ-ნელა შეეჩვიოს. შესაბამისად, შეიძლება, პირველ დღეს ნახევარი საათით მივიყვანოთ. შემდეგ კი ეს დრო ნელ-ნელა გავზარდოთ.რაც შეეხება ტირილს, ესეც ძალიან ინდივიდუალურია. ზოგადად, უნდა გვახსოვდეს, რომ ტირილი ბუნებრივი ემოციაა და ბავშვებს ემოციების გამოხატვა არ უნდა ავუკრძალოთ. სამწუხაროს, უფრო ხშირად ეს ბიჭების შემთხვევაში ხდება ხოლმე. ეუბნებიან, რომ მათთვის ტირილი არ შეიძლება იმიტომ, რომ "ბიჭები" არიან. ბავშვს როგორც სხვა ემოციის, მაგალითად, სიცილის, გამოხატვა შეუძლია, ტირილიც უნდა შეეძლოს. მაგრამ, თუ ბაღში წასვლის გამო ერთი თვის განმავლობაში სულ ტირის, მნიშვნელოვანია, დავინტერესდეთ, რა არის ამის მიზეზი. შესაძლოა, აქტივობები არ არის სახალისო, საინტერესო, ეშინია, რომ მშობელი მარტო დატოვებს, ან კიდევ ჯგუფში აშინებს რაღაც, მისთვის მიუღებელ მეტსახელს ეძახიან და ასე შემდეგ. ამიტომ, მასწავლებელმა და მშობელმა ერთად უნდა იმუშაონ, რომ გაიგონ მიზეზი, რის გამო არ სურს ბავშვს ბაღში დარჩენა, შემდეგ კი ამ მიზეზის მოგვარებაზე იზრუნონ. ამის შემდეგ შეიძლება, მისთვის საინტერესო აქტივობები დაიგეგმოს. მაგალითად, თუ მისი საყვარელი ცხოველი ფისოა, მასწავლებელმა უნდა სცადოს, რომ რომელიმე აქტივობა სწორედ ფისოს დაუკავშიროს, რომ ბავშვს ჩართვის მოტივაცია გაუჩნდეს. ემოციების იგნორირება არ შეიძლება. უბრალოდ იმის თქმა, რომ "ბავშვი იტირებს და გაჩერდება", არასწორი მიდგომაა. უნდა ვიცოდეთ, რის გამო ტირის და შემდგომ შესაბამისად ვიმოქმედოთ.
- ბავშვის განვითარება ჰოლისტური პროცესია და ეს მშობელმაც უნდა გაითვალისწინოს. არ უნდა ამოვირჩიოთ ერთი კონკრეტული, მაგალითად, მეტყველების სფეროდა მხოლოდ მის განვითარებაზე არ უნდა ვიზრუნოთ. შესაბამისად, შეგვიძლია, თამაშის საშუალებით, მრავალფეროვანი აქტივობები შევთავაზოთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღის განმავლობაში წიგნი წავუკითხოთ ისე, რომ ბავშვიც ჩართული იყოს. ეს შეიძლება რუტინის ნაწილი იყოს - მაგალითად, ძილის წინ ვკითხულობდეთ, ან კიდევ დღის განმავლობაში ვერთვებოდეთ აქტივობაში. წიგნის კითხვის პერიოდში ძალიან ბევრი უნარი ვითარდება. შეგვიძლია, დავუსვათ ღია შეკითხვა, ვისაუბროთ, აღვწეროთ პერსონაჟები, ვთხოვოთ, გაგვიზიაროს საკუთარი აზრი, როგორ დაასრულებდა ამ წიგნს თავად, რა ნაწილი იყო მისთვის განსაკუთრებით საინტერესო და თუ მოეწონა რომელიმე გმირის ქცევა, ან პირიქით, რა ემოციები და განცდები დაეუფლა და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია, ბავშვთან ერთად ვითამაშოთ "სახლობანა", "სკოლობანა", "მაღაზიობანა" და სხვა მსგავსი როლური თამაშები. აუცილებელი პირობაა, რომ მშობელიც აქტიური "მოთამაშე" იყოს და ირგებდეს სხვადასხვა როლს; ასეთ დროს ვითარდება არა მხოლოდ შემეცნებითი, არამედ სოციალურ-ემოციური, მეტყველების უნარები. ძალიან კარგია სამაგიდო თამაშებით თამაშიც; ისინი ბავშვს კრიტიკული აზროვნებისა, შემეცნებითი და სხვა უნარების განვითარებაში ეხმარება. მცირე ზომის ლეგოების, ფაზლების აწყობა ნატიფი მოტორიკის განვითარებისთვისაცაა მნიშვნელოვანი. შევთავაზოთ თამაშები, რომლებიც მეხსიერების გაუმჯობესებაში დაეხმარება. მაგალითად, ვთხოვოთ, კონკრეტული ფიგურა დაიმახსოვროს, შემდეგ კი ბევრ ნივთს შორის მისი პოვნა დავავალოთ. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ბავშვი აუცილებლად ჩავიყვანოთ ეზოში, გავასეირნოთ, სხვა ბავშვებთან თამაშის შესაძლებლობა მივცეთ, ვთხოვოთ, დაითვალოს კონკრეტული საგნები, აღწეროს მოვლენები. ძერწვა, გამოჭრა, ხატვა ასევე დაეხმარება, რომ სხვადასხვა უნარის განვითარება შეძლოს. ძალიან სახალისოა რიტმული თამაშები. მაგალითად, როდესაც ხელით რაღაც რიტმს ვქმნით და შემდეგ ბავშვს ვთხოვთ, რომ გაიმეოროს. შესაძლოა, სახლში არსებული ჭურჭელი გამოვიყენოთ და მუსიკალურ ინსტრუმენტებად ვაქციოთ. არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული სათამაშოები გვქონდეს, რომ ბავშვის განვითარებას ხელი შევუწყოთ. სახლში არსებული რესურსებითაც შეგვიძლია, ბევრი სახალისო აქტივობა შევთავაზოთ. გარდა ამისა, მას უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ გარკვეული აღმოჩენები თავადვე გააკეთოს, დააკვირდეს, იკვლიოს და ყველაფერზე გამზადებული პასუხი არ გავცეთ.
- წინასასკოლო ასაკში კითხვისა და წერის სწავლება მიზანშეწონილი არ არის. ბავშვის განვითარების სტანდარტები გვაქვს, რომელიც ოფიციალურ დოკუმენტს წარმოადგენს და სახელმწიფოს მიერაა დამტკიცებული. დაინტერესების შემთხვევაში, ასაკების მიხედვით, იქაც შეუძლიათ მშობლებს ნახონ, რა უნარებს უნდა ფლობდეს მათი შვილი. არსად წერია, რომ წინასასკოლო პერიოდში ბავშვმა წერა-კითხვა უნდა იცოდეს. არამც თუ წარმატებას განაპირობებს, პირიქითაც კი - დემოტივატორი ხდება. როდესაც ბავშვებმა წერა-კითხვა იციან, მიდიან სკოლაში და მასწავლებელი იმავეს ახსნასა და სწავლებას იწყებს, მათთვის აღარაა საინტერესო. პირველი კლასი უინტერესოდ იწყება. ეს კი შესაძლოა, შემდგომ აკადემიური წარუმატებლობის წინაპირობა გახდეს. ამიტომ, ბავშვისთვის წინასწარ წერა-კითხვის სწავლება საჭირო არ არის. სხვა საკითხია, როდესაც ამას დამოუკიდებლად, თავისი სურვილით ახერხებს და მოსწონს ეს პროცესი. მაგრამ, ის, რომ წინასასკოლო ასაკში ბავშვი დავსვათ და წერა-კითხვა შევასწავლოთ, მიზანშეწონილი არ არის. ნუ გავაკეთებთ ისე, რომ მისთვის სკოლა საინტერესო აღარ აღმოჩნდეს. მეტად მნიშვნელოვანია, რომ წინასასკოლო პერიოდში ბავშვს თამაშის გზით ლაღად და ხალისთი ჰოლისტური-მთლიანობითი განვითარების საშუალება მივცეთ. აქვე ყველა მშობელს, ბავშვსა და პედაგოგს საინტერესო და სასიამოვნო სასწავლო წელს ვუსურვებ!
თამარ იაკობაშვილი