სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიადისა თუ საერთაშორისო შეჯიბრის გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადის, უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხება - კიდევ ვის შეუძლია უმაღლესში ჩარიცხვა გამოცდების გარეშე - მშობლები

სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიადისა თუ საერთაშორისო შეჯიბრის გამო ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერ გადის, უნივერსიტეტში უგამოცდოდ ჩაირიცხება - კიდევ ვის შეუძლია უმაღლესში ჩარიცხვა გამოცდების გარეშე

2023-09-19 11:58:23+04:00

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, ცვლილების თანახმად, მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენს, რომელიც შეჯიბრებაში მონაწილეობის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს:

studenti-1695110744.jpg

„სპორტსმენი, რომელიც მონაწილეობას იღებს ოლიმპიურ და პარაოლიმპიურ თამაშებზე, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატზე ან უმაღლესი რანგის საერთაშორისო საკლუბო სპორტულ ტურნირებზე, სპორტის იმ სახეობაში, რომლის ფედერაციაც აღიარებულია კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, უფლება მიეცემა პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე“, - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

კანონის მოქმედება ასევე გავრცელდება იმ სპორტსმენებზე, რომლებმაც მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის გამო ვერ მოახერხეს 2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ არსებობს კიდევ რამდენიმე კატეგორია, რომლებსაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შეუძლიათ ჩარიცხვა. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების/ საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დასაშვებია:

  1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  2. საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  3. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში;
  4. საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატში/მაგისტრატურაში (უცხო ქვეყანაში ცხოვრება გულისხმობს უცხო ქვეყანაში ყოფნას არანაკლებ 75 დღისა ერთ-ერთი სემესტრის განმავლობაში);
  5. მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  6. მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით;
  7. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე და აქვთ საქართველოში გაცემული სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ზემოთ ჩამოთვლილმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (მისამართი: მერაბ ალექსიძის ქუჩა, მეორე შესახვევი N 2, ტელეფონი: +995 322200220 (*3599), ოფიციალური ვებგვერდი www.eqe.ge )

სამინისტროს გვერდზე ვრცლადაა ჩამოთვლილი, რა საბუთების წარდგენა დაგჭირდებათ და შეგიძლიათ, იხილოთ ბმულზე.

გარდა ამისა, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უგამოცდოდ ჩაბარება შეუძლიათ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილ აბიტურიენტებს.

აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ეხება იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.

გარდა ამისა, ზემოაღნიშნული წესით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლება შეიძლება მიენიჭოთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ იმ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს, რომლებმაც შესაბამისი სკოლები (ოკუპირებულ ტერიტორიებზე ინკლუზიური განათლების შესაძლებლობების არ არსებობის გამო) საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დაასრულეს.

აღნიშნული პირობებით საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვისა და დაფინანსების მსურველთა რეგისტრაციას უზრუნველყოფენ ცხინვალის რეგიონის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო და დაინტერესებულმა აბიტურიენტებმა მათ უნდა მიმართონ.

თამარ იაკობაშვილი